სხვა არაფერი დაგეგმო, Setanta Sports-ზე კვარა ბრუნდება

Setanta Sports-ზე კვარა ბრუნდება | Setanta Sports

მილანი, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი, ინტერი – ნაპოლი Setanta Sports-ზე ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება.

რამდენი გულშემატკივარი ელის დღეს სერია A-ს განახლებას. რამდენი დროს ითვლის 23:45-მდე და თანაც, ეს ყველაფერი განსაკუთრებით საქართველოში.

ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის ზეიმთან ასოცირდება, თანაც მას ქართული ფეხბურთის ზეიმი ჰქვია. ნაპოლის ქართველმა შემტევმა სიტყვა მასობრივს ახალი მნიშვნელობა შესძინა.

Serie A

ინგლისის პრემიერ ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ესპანეთის ლა ლიგა და ახლა უკვე Serie A-ც. 52-დღიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატიც გაგრძელდება. მე-16 ტურის ყველა, ათივე შეხვედრა დღეს გაიმართება.

TOP 5 ჩემპიონატის ერთადერთი ქვეყანა სწორედ იტალიაა, რომელმაც კატარის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა.

ტურნირს მოქმედი ჩემპიონი განაახლებს. მილანი სალერნიტანას სტადიო არეკიზე ესტუმრება და ლიდერ ნაპოლისთან სხვაობის შემცირებას შეეცდება. პარალელურად, დაიწყება სასუოლო – სამპდორიაც. ორივე მატჩის ხილვა Setanta Sports-ის არხებსა და setantasports.com-ზე მაყურებელს 15:25 წუთიდან შეეძლება.

ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე

სტადიო ჯიოვანი ძინიზე ითამაშებს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი. კრემონეზე სეზონს ტურინის იუვენტუსთან მატჩით განაახლებს.

ტურინული გუნდი მატჩს ფინანსურ და იურიდიულ გაურკვევლობაში ხვდება, თუმცა ფავორიტი მაინც ბებერი ქალბატონია. იუვენტუსი მე-3 ადგილზეა და ოთხეულისთვის იბრძვის, ხოლო კრემონეზე ერთადერთია იტალიის უმაღლეს დივიზიონში, ვისაც გამარჯვება ჯერ კიდევ არ მოუპოვებია.

ამის მიუხედავად კრემონულ გუნდს 7 ფრე აქვს ნათამაშები და მე-18 ადგილზე იმყოფება.

ლუკა ლოჩოშვილი მწყობრშია და მისი გვარი ყველა იტალიური გამოცემის წინასწარ შემადგენლობაში წერია.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 1 თვის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში Serie D-ს ბინადარ სალსომაჯიორეს გოლიც გაუტანა.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი თბილისის დროით 21:25 წუთიდან დაიწყება და მისი ხილვა Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

ინტერი vs ნაპოლი

მე-16 ტურს ინტერი მე-5 ადგილზე ხვდება, ნაპოლი – 1-ელზე. მილანურ და ნეაპოლურ გუნდებს შორის სხვაობა 11 ქულას შეადგენს.

ინტერი ერთადერთია ვისაც ლიგაში ფრედ არ უთამაშია, ხოლო ნაპოლი – ერთადერთი, რომელიც არ დამარცხებულა.

კვარას გუნდს სტუმრად 6 მოგება და 1 ფრე აქვს. ლუჩანო სპალეტის გუნდთან საშიონაო მარცხს მხოლოდ ფიორენტინა გადაურჩა. არტემიო ფრანკიზე ხვიჩამ და მისმა გუნდმა 28 აგვისტოს 0:0 ითამაშა და მას შემდეგ ზედიზედ 5 გასვლითი შეხვედრა მოიგო.

ინტერი სან სიროზე სეზონში მხოლოდ 1-ელ დამარცხდა. მილანის შავ-ლურჯი ნაწილიდან ქულები მხოლოდ ჟოზე მოურინიომ და რომამ წაიღეს.

ურთიერთშეხვედრები

ნაპოლის ინტერი 2019 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია. ნერაძურის წაუგებელი სერია 6 მატჩს ითვლის.

უშუალოდ სერია A-ში, სან სიროზე, ინტერის წინააღმდეგ ნაპოლის ბოლო გამარჯვება 2017 წლით თარიღდება. კოპა იტალიაზე კი ჯუზეპე მეაცაზე, დღევანდელ მეტოქესთან სპალეტის გუნდმა 2020 წელს მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდება. ცხადია, ქართველს იტალიური მედია ინტერისთვის, ოსიმენთან ერთად მთავარ საფრთხედ ასახელებს.

კვარამ 5-დან 12 ნოემბრამდე წელის ტრავმი გამო სერია A-ს სამი მატჩი გამოტოვა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული დაზიანება ქართველმა მალევე მოიშუშა, შემდეგ მცირე ხნით შვებულება სამშობლოში გაატარა და საწვრთნელ პროცესს კლუბში დაუბრუნდა.

ბოლო 4 ამხანაგურ მატჩში ხვიჩამ ვილიარეალს, რომლის მაისურითაც ნეაპოლში რაულ ალბიოლი და პეპე რეინა დაბრუნდნენ, 1 გოლი გაუტანა. გოლის ან საგოლე გადაცემის მხრივ მოსამზადებელ პერიოდში კვარას მონაგარი მხოლოდ ეს იყო.

ქართველს იტალიის ჩემპიონატის 12 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.

ინტერი მე-13 იტალიური გუნდი იქნება, რომელსაც ხვიჩა დაუპირისპირდება.

ქართველს ამ სეზონში სან სიროზე უკვე ნათამაშები აქვს. მილანის წინააღმდეგ ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად პოლიტანომ გარდაქმნა. საბოლოოდ, მოქმედ ჩემპიონს ნაპოლიმ ჯუზეპე მეაცაზე 2:1 მოუგო.

კვარას ამ სეზონში, სერია A-ში ორი პენალტი აქვს მოპოვებული – მილანთან და კრემონეზესთან.

ხვიჩა კვარაცხელია მილანში, სან სიროზე | Setanta Sports
ხვიჩა კვარაცხელია მილანში, სან სიროზე

კომენტარები მატჩამდე

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, სიმონე ინძაგი იმავე დაცვითი ტაქტიკის გამოყენებას გეგმავს, რომელიც ბარსელონასთან ჰქონდა.

იტალიური გამოცემის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას დასაკეტად, მილან შკრინიარს, ნიკოლო ბარელა და დენზელ დუმფრიზი დაეხმარებიან.

“ჯერ უფრო მეტი ბუნდოვანებაა, ვიდრე კანონზომიერება, რადგან ასეთი ხანგრძლივი პაუზა რაღაც ახალია.

ბევრი ვიშრომეთ, ვიმუშავეთ. ისინი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატიდან მოგვიანებით დაბრუნდნენ, უმატებენ. ყველათი აღფრთოვანებული ვარ, იმის მიუხედავად, რომ ყველას კონდიცია ერთ დონეზე არ არის.

განახლებას მოუთმენლად ველით. ნაპოლისთან გასული სეზონის შეხვედრამ მოტივაცია გაგვიზარდა და ბიძგი მოგვცა დანარჩენი თვეებისთვის.

ვიცით, დიდებულ გუნდს ვუპირისპირდებით, ერთადერთს – დაუმარცხებელს ევროპაში.”

სიმონე ინძაგი – ინტერის მთავარი მწვრთნელი

ინტერის ტაქტიკურ უნარზე გაწელოს მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობა, ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა. პარტენოპეის მთავარ მწვრთნელს ინტერის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაუშურებია. ტოსკანელმა სპეციალისტმა კვარაზეც გააკეთა კომენტარი.

სპალეტი კვარაზე

“იუვე სტაბიას წინააღმდეგ ნაყოფიერი მატჩი გამოვიდა. ორივემ – კვარამაც და ლობოტკამაც უმაღლესი დონე აჩვენეს, შესაბამისად ისინი ფორმაში არიან. კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა, რაღაც ჩვეულებრივი დიდებულად გარდაქმნას. ჩვენთვის ის ღირებული შენაძენია. არიან ფეხბურთელები, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტენ, ასეთია კვარაც”.

სპალეტი ინტერზე

“როდესაც ვმუშაობ ყოველთვის წნეხში ვარ და ამით მოხარული ვარ. ინტერი უმაღლესი დონის გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში დიდი ინვესტიცია გააკეთა. ჩვენს მეტოქეს ყოველთვის აქვს ტაქტიკური ბალანსი.

სულისკვეთება უნდა შევინარჩუნოთ და სათამაშო გეგმავს გავყვეთ. თუკი დიდ და რთულ გამოწვევებს უსწორებ თვალს, იზრდები. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.

ვიცით, რაც შეგვიძლია მოედანზე და ჩვენი თავის რწმენა გვაქვს. ასეთივე შემართებით ვითამაშებთ მომავალ მატჩებსაც”.

ხვიჩა კვარაცხელია vs მილან შკრინიარი

ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან ინტერი და მილან შკრინიარი. სლოვაკ მცველს, წლიური ანაზღაურების სახით 8 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა ინტერი 6.5-ზე მეტს არ იხდის. კონტრაქტის ვადა კი 30 ივნისს იწურება.

შესაბამისად, ფეხბურთელს იანვრის ბოლოდან უფლება ექნება სხვა კლუბებთან თავად აწარმოოს მოლაპარაკებები. ცენტრალური მცველი ტოტენჰემისა და პსჟ-ის ინტერესის სფეროშია. ეს უკანასკნელი ზაფხულში 75 მილიონ ევროსაც იხდიდა, თუმცა მილანელებმა ეს წინადადება უარჰყვეს.

რთული სათქმელია, როგორ აისახება ეს ყველაფერი მილან შკრინიარზე. თუკი სლოვაკი მცველის მდგომარეობა და მომავალი ინტერში ბუნდოვანია, და ეს ყველაფერი მცველის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითან მოქმედებს, შესაძლოა ამან კვარას დამატებითი უპირატესობა მისცეს.

თუმცა, ამავდროულად, შესაძლებელია შკრინიარმა გაათმაგებული მოტივაციით ითამაშოს, რათა ინტერის ხელმძღვანელობა მოთხოვნილი ხელფასის გადახდაში დაარწმუნოს.

ინტერისა და ნაპოლის მატჩის ხილვა მაყურებელს 23:40 წუთიდან Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე შეეძლება.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
საბა საპანაძე
საბა საპანაძე
მე სპორტული ჟურნალისტი ვარ. ამ სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება მაქვს. Setanta Sports-თან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ, ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმენით. ბოლო პერიოდში ჩემი გამორჩეული მიღწევა ჩვენი ქვეყნის 2 გამორჩეულ ფეხბურთელზე გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გადაღებული დოკუმენტური ეპიზოდია. ჩემი ძირითადი აქცენტი ქართული ფეხბურთი და ქართულ ფეხბურთში არსებული მოვლენებია

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე