სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს | Setanta Sports
2022 დეკ 22, 17:09 შშ
1 წუთის საკითხავი

ნაპოლი კვარაცხელიას არ გაასხვისებს. მეტიც, ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ. კვარას მენეჯერი მოლაპარაკებებისთვის იტალიაში მიემგზავრება.

მამუკა ჯუღელი ნეაპოლში მიდის. მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებაა. ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

კონტრაქტის განახლების მიზნით, ფეხბურთელის აგენტი ნეაპოლში იანვრამდე იქნება.

ნაპოლის უარი სხვა კლუბებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი იქნება მითითებული. როგორც თავად სამხრეთ იტალიური კლუბი ამბობს, კონტრაქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

მოქმედი კონტრაქტი ფეხბურთელსა და კლუბს შორის 2027 წლამდეა. მისი გახანგრძლივება სავარაუდოდ 2028 წლამდე მოხდება. ცვლილება შეეხება ფეხბურთელის ანაზღაურებასა და გამოსასყიდ თანხას.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სერია A-ში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე კვარას 2 გოლი და 3 ასისტი აქვს, ხოლო საქართველოს ნაკრებში – 5 გოლი და 3 საგოლე პასი.

ხვიჩა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ახლახანს წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა. საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერს უდიდესი ალბათობით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც ელის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საუკეთესოებს 26 დეკემბერს გამოავლენს.

ნაპოლი სეზონს 4 იანვარს განაახლებს. კვარას გუნდი სტუმრად, სან სიროზე ინტერს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი ექსკლუზიურად, Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იხილავს.