სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლის უარი ნიუკასლს | Setanta Sports
2022 დეკ 20, 08:06 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

შანსი არ არის, – უპასუხა კრისტიანო ჯუნტოლიმ დასმულ კითხვას, – არ აქვს მნიშვნელობა ნიუკასლი კვარაცხელიაში რამდენს შემოგვთავაზებს, ის არ იყიდება“. ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა SportExpress – თან ისაუბრა. მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ნიუკასლის ინტერესის თაობაზე, დასახელდა თანხაც – 50 მილიონი ფუნტი. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, ნიუკასლს ფული არ აკლია, დე ლაურენტისს მადა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი რაუნდია.

ნიუკასლში საუდური ინვესტიციის შემდეგ ახალი ერა დაიწყო. თავდაპირველად ვარაუდობნენ, რომ კლუბი მაშინვე შეიძენდა ვარსკვლავებს, მაგრამ მრჩევლებმა სხვა გზა განსაზღვრეს. როგორც ალან შირერს, ისე კევინ კიგანს მიაჩნდათ, რომ ნიუკასლს არ უნდა შეეძინა ის ვარსკვლავები, რომელთა კარიერის საუკეთესო პერიოდიც წარსულს ჩაბარდა. ასახელებდნენ – ედენ აზარს, გარეტ ბეილს, თუნდაც ნეიმარს. შირერს მიაჩნია, რომ მომავლის გუნდის მშენებლობისათვის ეს ფეხბურთელები კლუბს არ გამოადგება, ამიტომ, თანხა მათში გადაიხადეს ვისაც ყველაფერი წინ აქვს, მაგალითად, – ბრუნო გიმარაეში და ისაკი.

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული შემთხვევაა. ერთის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ისაკისა და ბრუნოს მსგავსად მასაც არ მიუღწევია თავისი პიკისთვის და მთელი დეკადა წინ აქვს, მეორე მხრივ, იმდენად სწრაფად პროგრესირებს, რომ უკვე ვარსკვლავია, სეზონის ბოლოს, გარდა იმისა, რომ მისი ფასი გაცილებით მეტი იქნება ვიდრე 50 მილიონი ფუნტია, ასევე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნიუკასლზე დიდი კლუბებისგანაც იქნება შეთავაზება. თუნდაც პრემიერლიგიდან.