სარჩევი
2022 ნოე 08, 10:48 შ-მდე
6 წუთის საკითხავი

 „ჩვენ საკუთარი ნიჭის მსახურები ვართ“, – ამბობდა ირლანდიელი მწერალი, უილიამ ტრევორი. ალბათ, იმავეს იტყოდა ფეხბურთელებზე, რომელთაც სპორტის ეს სახეობა ხელოვნების ხარისხში აჰყავთ.

 ქართულ რეალობაში ტრევორის სიტყვამ ვერ მოიკიდა ფეხი, მსგავსი ცნობიერება შორს იყო ჩვენგან, სულ პირიქით ვაკეთეთ ყველაფერი. ქართველმა ნიჭი აქცია მსახურად. ნიჭმა ყველაფერი მისცა, თავად კი არაფერი გაუღია. იყო ასეთი დრო და, როგორც ჩანს, რაღაც იცვლება.

ქართული ფეხბურთის „ახალი ტალღა“ მოედინება, მეტად ჯანსაღი და უშიშარი. ამ ბიჭებს წარმატების არ ეშინიათ. ეს კიდევ ერთი ქართული ტრავმაა – წარმატების შიში. ნელ-ნელა ქრება ეს შიში, თვალსა და ხელს შუა.

შესაძლოა, ამქვეყნად მართლაც ყველას ჰქონდეს რაღაცის ნიჭი, თუმცა,  მხოლოდ მცირე თუ პოულობს. საკუთარი ნიჭის აღმოჩენა სულ მცირე ნაბიჯში გამყოფებს მეორედ დაბადებასთან, აკი ამბობენ, ადამიანი მეორედ მაშინ იბადება, როცა გაიგებს რისთვის მოევლინა ამ ქვეყანასო.

თუ იპოვი იმ საქმეს, რაც ყველაზე კარგად გამოგდის, მერე ცხოვრების საზრისსაც მარტივად ჩაწვდები.

ხვიჩას თავი ნაპოვნი აქვს. კვარაცხელია, კვარავაჯოდ წოდებული, სულ სხვა ბიჭი გამოდგა, ეყო გონიერება განესხვავებინა კმაყოფილება და მადლიერება, რომელიც პიროვნულსა და პროფესიულ ზრდაში ეხმარება, გარდა ამისა, ოცნებაც არ დაუკარგავს, მიზნად აქცია და აედევნა. კვარა მდევარია.  

ზოგადად, მოზარდი ფეხბურთელის პირველი და ყველაზე დიდი მარცხი ოცნების დაკარგვაა. როცა მიზნად ვერ აქცევ, ოცნებადვე რჩება და დაკარგული დროის ძიებაში გადაიზრდება. გრანდებზე ოცნებას ვადა აქვს, წამალივით არის, ვადა რომ გასდის, მერე ზიანი მოაქვს. ოცნება დიდხანს ვერ ძლებს, მხოლოდ ბავშვობაში ბობოქრობს, მერე თუ მიზნად ვერ აქციე, დაიკარგება ხოლმე.

არავინ იწყებს ფეხბურთის თამაშს იმაზე ფიქრით, რომ პატარა ქვეყნის ჩემპიონატში, ცარიელი ტრიბუნების წინ ირბინოს, ძროხას გაუღიმოს ჩარლი პარკერივით, და ხანდახან მაგარი გოლიც შეაგდოს, რომელიც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ქომაგის მეხსიერებას შემორჩება. თამაშს იწყებენ დიდი ოცნებით და ხვიჩამ ეს ოცნება უამრავ პატარა ფეხბურთელში დააბრუნა, პატარებს დიდი გული აქვთ და კიდევ უფრო დიდი წარმოსახვის უნარი. გუცაევი მეტრეველს მისდევდა, მემგონი რომ დაეწია, ახლა ხვიჩას აედევნა უამრავი პატარა და ღმერთმა ქნას მის მსგავსად გააგორონ ბურთი, თავად ხვიჩა კი საფეხბურთო ღმერთების მდევარია.

ამ სურვილით მიდიან ბავშვები მოედნებზე, ქალაქებსა თუ სოფლებში,  მოვლილ თუ მოუვლელ სტადიონებზე, ყველას ეს დიდი ამბავი უნდა, მთავარი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა,  მილიონობით მაყურებლის მიპყრობილი თვალი, გადავსებული სტადიონი უნდათ, დიდი ჯახი უნდათ, ამ ჯახში გამარჯვება უნდათ.

უდიდესი განსხვავებაა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის, რომელთა ნაწილს მცირედი აკმაყოფილებს, სასურველი ხელფასითა და დიდი ქალაქის მისტიკით ტკბებიან. მეორე ნაწილისთვის კი ეს მხოლოდ საწყისი სადგურია. კვარას ოცნება არ დაუკარგავს, ეს იყო მისი პირველი გამარჯვება, ყოველ მომდევნო ვარჯიშზე კვებავდა და ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით უახლოვდებოდა. მართლაც ურთულესია თამაშობდე ყაზანში, თავში ჩემპიონთა ლიგა გიტრიალებდეს და მთელი არსებით ისწრაფვოდე დიდი ფეხბურთისკენ.

ამას ძალიან დიდი თვითრწმენა სჭირდება.

„რაც გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა“, – ამოსძახა კვარავაჯომ, ამოსძახა ბავშვებისთვის, ფეხბურთელებისთვის და არა მხოლოდ. ეს სიტყვები გზავნილად იქცა მათთვის, ვინც ცდილობს ოცნება მიზნად აქციოს. ამისათვის კი შრომაა საჭირო, ნიჭისათვის მსახურება. მსახურებაზე დგას ეს ქვეყანა და საკუთარ ნიჭზე უკეთესს ვერაფერს მოემსახურები.

ნეაპოლში..

ნაპოლი მშვენიერი გზაა ახალ საფეხურზე ასასვლელად. დე ლაურენტისი წყლიდან კვლავ მშრალად ამოდის, სეზონის დაწყებამდე ლანძღავდნენ, ახლა აქებენ. ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ კვარაცხელია, კიმ მინჯე, ანგისა, კარგად ერთვება ნდომბელე და ახალი სუნთქვა გაეხსნა ლობოტკას, რომლის კარგი თამაშიც ჩემთან ინტერვიუში La Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტმა, მაურიციო ნიჩიტამ იწინასწარმეტყველა. უკვე მოგვენატრა კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი, ნაპოლიმ ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა და მიუხედავად ამისა აიაქსისგან არაფერი დატოვა.

 საჩემპიონო გუნდია. ამ წელს იქნება, თუ მომდევნო წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს შემადგენლობა თუ 2-3 წლით შენარჩუნდა, სერია ა-ს ჩემპიონობა გარდაუვალი იქნება. ეს კი ძალიან დიდი ამბავია, რადგან, ნაპოლის სკუდეტო მხოლოდ მარადონას ეპოქაში მოუგია, არც მანამდე და არც მას მერე. სწორედ ამიტომ, ნეაპოლში ჩემპიონობა სასწაულთან ასოცირდება, რაღაც ჯადოსნურთან და არაამქვეყნიურთან, ჩემპიონობა მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ნეაპოლი საფეხბურთო მაგიით ივსება.

არ სჯეროდათ ხვიჩასი მილანის, აიაქსისა და სხვა გრანდების ხელმძღვანელებს, 20 მილიონი ნამდვილად არ ღირსო, – ამბობდა აიაქსის ყოფილი სპორტული დირექტორი, მარკ ოვერმარსი. ახლა როგორ არის საქმე?

დიდი მნიშვნელობა არც იმას აქვს მივალთ თუ არა მთელი ქვეყანა სამეფო სადგურამდე. ჩვენც ხომ ხვიჩასთან ერთად გადავადგილდებით. მთავარი გზაა. „ყველაფერი შრომაშია, შედეგია ამაო“. მთავარი სწრაფვაა და ყოველი მომდევნო დღის სიხარული.

პოლიტიკური მხარე

კვარაცხელიას ფანებისთვის, მსოფლიო მასშტაბით, უცნობია პატარა ქვეყნის ამბები, რომელიც მის ირგვლივ იქსოვება. ეს უფრო ობობის ნაქსოვს ჰგავს, ვიდრე მოირების დახლართულ ბედისწერის ძაფს. კვარამ ჯერ სადებიუტო სეზონი დაიწყო და უკვე იარაღად აქციეს, ასეც იყო მოსალოდნელი, ჯერ ალბათ თავადაც ვერ ხვდება რამხელა გავლენა აქვს, გავლენა კი პოლიტიკაა. სულ რომ არ გამოიხედოს მისი სახელის გამოყენებას მაინც შეეცდებიან.

ხელისუფლების, ოპოზიციის, მათი მართული ტელევიზიების, მარკეტერების, ბანკების და ა.შ, კვარა ყველგან არის, ყველა ეს მხარე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ იმაზე მეტად უყვარს და აფასებს, ვიდრე სხვა. როგორც ხდება ხოლმე..

ღმერთს ემადლიერებიან ამ საჩუქრისათვის და ქება დიდებას არ აკლებენ მის ნიჭსა და უნარს. ეს ის მცდარი დამოკიდებულებაა, რომელიც ბოლო ათწლეულებია გვახასიათებს. აგერ, თურმე ქართველ პოლიტიკოსებსაც ვერ გაუგიათ, რომ ადამიანი გაწეული შრომის გამო უნდა შეაქო და არა ნიჭის, კვარაცხელიას ღვაწლი არ აქვს იმაში, რომ დიდი ტალანტია, ეს თავისთავადი მოცემულობაა, ნიჭი ებოძა ღვთისგან, ან ბუნების ძალისგან, (გააჩნია ვინ როგორ უყურებს ონტოლოგიურ საკითხებს), სამაგიეროდ, დიდი ღვაწლი აქვს ნიჭის რეალიზებაში, ქებასაც ამის გამო იმსახურებს.

აქა-იქ გამოჩნდა ხალხი, რომელიც მისი გავლენითა და სახალხო აჟიოტაჟით გაღიზიანდა. ერთი მხრივ, საყოველთაო აღტაცების შორიდან ყურებას ყოველთვის აქვს ხიბლი, მეორე მხრივ, ამ გაღიზიანებასაც შეგვიძლია ახსნა მოვუძებნოთ, – ხალხი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა დასავლური კულტურის გაცნობას, ენის შესწავლას, უკვდავი ტექსტების თარგმნას, მათ კომენტირებას, იმის მეასედი ყურადღება არ ღირსებია, რაც კვარაცხელიას. მათი მთელი ცხოვრების ნაღვაწი ოდნავადაც ვერ შეედრება იმ ხმაურსა და მძვინვარებას, რაც კვარავაჯოს ერთი ფეხის გასმას მოჰყვება.

ეს უკვე ფეხბურთის ძალაა. არის ამ სპორტში რაღაც ანტიკური, რასაც ყველაფრის წალეკვა შეუძლია.

შეგიძლიათ სალიერის ტყავში დარჩეთ, მოცარტი მოედანზეა!

ხვიჩა კვარაცხელიას ორი დიონისური მხარის ხმა ჩაესმის. როგორც საქართველო, ისე იტალია, განსაკუთრებით კი ნეაპოლი, დიონისური მხარეა, ვნებითა და გრძნობით სავსე, უსაზღვრო ემოციურობითა და სამხრეთული ტემპერამენტით თავდავიწყებული. სივრცე რაციონალიზმისთვის ფაქტობრივად არ რჩება.

საშიშია ხალხი ვინც კერპს ქმნის ბიჭისგან, ჯერ გაგაღმერთებენ, მერე კი სასწაულს მოითხოვენ შენგან. ჯერჯერობით ამ ორ მხარეს შორის რაციონალიზმს მხოლოდ თავად კვარაცხელია ინარჩუნებს, ამაში კი დიდი წვლილი აქვს მაესტროს, ლუჩიანო სპალეტის, ის მოგვევლინა კაცად, რომელსაც ყოველ ჯერზე მიწაზე ჩამოჰყავს ჩვენი გმირი, ოღონდ ამან ფელინის ცნობილი სურათი არ მოგაგონოთ, სპალეტის მიწაზე ჩამოჰყავს კვარა, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ნელ-ნელა გაუძღვეს მაღლა, საფეხურიდან საფეხურამდე, მყარად და საფუძვლიანი ნაბიჯით. არა მხოლოდ მწვრთნელი, მასწავლებელიც კარგი გამოდგა.   

არავინ უნდა დარჩეს იმ სიხარულის მიღმა, რაც კვარაცხელიას მოაქვს თავისი ქვეყნისთვის, აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ამის თანაზიარი, რადგან, ეს სიხარული აკეთილშობილებს.

იმაზე მეტად ვიდრე ლიტერატურა, იმაზე მეტად, ვიდრე ხელოვნება.

„ფეხბურთი თუ ყველაფერზე მეტად არ გიყვარს, მაშინ დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ, ალბათ საშუალო დონე შეიძლება“, – ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მითხრა ახალგაზრდა ფეხბურთელების დახასიათებისას მუსიკათმცოდნე გია ხადურმა,  ხვიჩას შემხედვარე ჩანს, რომ მართლაც ყველაზე მეტად უყვარს ეს თამაში, რამდენჯერ შურით შეგვიხედავს უცხოელი ფეხბურთელისთვის, რომელიც სავარჯიშო ბაზაზე, ან, ბაზასთან ახლოს დაიდებს ბინას, სწირავს ყველაფერს საყვარელ საქმეს და იცის, რომ ეს მსხვერპლშეწირვა უკან ათასად დაუბრუნდება. ახლა სხვისი არ გვშურს და ალბათ, სხვა გვიყურებს შურით, ახლა ჩვენც გვყავს დიდი ოცნების მდევარი, თავისივე ნიჭის მსახური, – კვარავაჯო!