ევროსპორტის ანალიტიკური სტატია კვარაცხელიაზე

ევროსპორტის იტალიურ გვერდზე გამოჩნდა სტატია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, სახელწოდებით – “კვარაცხელია – მომავალი ჩემპიონის ანატომია რიცხვებში. ნაადრევი ხომ არ არის ვუწოდოთ “კვარადონა”?

სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

ახლოს გავიცნობთ ფეხბურთელს, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სერია ა-ს პირველ წრეში. მოდი შევაფასოთ აჭარბებს თუ არა მისი მაჩვენებლები სხვა ფეხბურთელების საშუალო მაჩვენებლებს. ამ ფეხბურთელმა მისი ასაკისა და წარმომავლობის გათვალისწინებით ყველას ყურადღება მიიქცია, როგორც ნეაპოლში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა უკვე დაიპყრო. ამ ჩემპიონატში დიდი ხნის მანძილზე ეძებდნენ ახალ სახეებს, ჩემპიონებს, რომლებიც დიდ ცვლილებებს მოიტანდნენ და ახალ მაყურებელსაც მოიზაიდავდნენ. ისეთებიც არიან, კვარაცხელიას რომ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ, გადამეტებულია თუ არა ეს ყველაფერი? გახდა თუ არა ნახევრად ცნობილი 21 წლის ბიჭი თავისი ამპლუის საუკეთესო ფეხბურთელი?

ვნახოთ როგორია კვარადონას მაჩვენებლები და აქვს თუ არა განვითარების შესაძლებლობა.

ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში სულ 17 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 8 გოლი და შეასრულა 8 საგოლე გადაცემა. ჯერჯერობით ასეთია კვარაცხელიას მონაგარი, სანამ მონაცემებს დეტალურად ჩავყვებით, მოდი გავიგოთ საიდან მოვიდა ბიჭი, რომელმაც ამხელა ყურადღება დაიმსახურა.

ვინ იყო კვარაცხელია ნაპოლიში გადასვლამდე?

2001 წლის 12 თებერვალს დაბადებულმა ფეხბურთელმა პროფესიული კარიერა თბილისის დინამოს აკადემიაში დაიწყო. დინამო საქართველოს ყველაზე წარმატებული კლუბია. მათ აკადემიას აღუზრდია ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მამარდაშვილი, კალაძე და არველაძე.

დინამოს აკადემიაში, ლობანოვსკის მეთოდებისგან განსხვავებით, ცდილობდნენ ფეხბურთელისთვის მეტი თავისუფლება მიეცათ, შემოქმედებითი და ტექნიკური თვალსაზრისით განევითარებინათ. დაახლოებით ისე, როგორც სამხრეთ ამერიკაში. კვარაცხელიას სახით ამ ყველაფრის შედეგს ვხედავთ მოედანზე და ამას ძალიან ვაფასებთ.

რუსთავში გატარებული მცირე პერიოდის შემდეგ ხვიჩა უცხოელი სკაუტების თვალთახედვის არეში მოექცა და მოსკოვის ლოკომოტივში აღმოჩნდა. მოსკოველებს შეეძლოთ კვარაცხელიას დიდი ხნით დატოვება, თუმცა, შანსი ხელიდან გაუშვეს, მისი ნიჭი მხოლოდ მთავარმა მწვრთნელმა დააფასა.

შემდეგ გადადის რუბინში, სადაც ცოტა მძიმედ იწყებს თამაშს, თუმცა, ლეონიდ სლუცკის გამოჩენის შემდეგ ბოლომდე იხსნება და ზედიზედ ორჯერ იღებს საუკეთესი ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციას. ასევე, ახერხებს ეროვნულ ნაკრებში კვალის დატოვებას და ზედიზედ ორჯერ ასახელებენ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად.

ამ დროს უკვე გაჩნდა ევროპელების ინტერესი. 2020 წელს ჯუნტოლი მის თაობაზე მიმართავს რუბინს, მაგრამ თანხა გადამეტებული ეჩვენება და ნაპოლი ოსიმენის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას. 2021 წელს ფაბიო პარატიჩი ძალიან ახლოს არის, რომ კვარაცხელია იუვენტუსში გადაიყვანოს, მაგრამ კლუბში ცვლილებები ხდება და თავად პარატიჩი გადადის ლონდონის ტოტენჰემში.

კვარაცხელიას ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი ომის დაწყებისა და ფიფას მიღებული რეგულაციის შემდეგ ჩნდება, როცა წყვეტს კონტრაქტს ყაზანის რუბინთან და თავის სამშობლოში ბრუნდება, კერძოდ, ბათუმის დინამოში. ჯუნტოლი უკვე კატეგორიულად მოითხოვს გადაიხადონ მასში 10 მილიონი ევრო და გაუფორმონ კონტრაქტი.

იმის გაგებაში თუ რა ასპექტში მოახერხა 21 წლის ბიჭმა ევროპაში საუკეთესო გამხდარიყო, ფილიპე ოლივეირა დაგვეხმარება, ფამალიკაოს უფროსი სკაუტი, რომელმაც ქართველის შესახებ ანგარიში გასულ წელს გამოაქვეყნა.

ხვიჩა არის ძალიან დინამიური და აქვს უნარი მოედნის სამი მეოთხედი აითვისოს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად მარცხენა ფლანგზე მოქმედებს. იყენებს ორივე ფეხს, რაც მცველებისთვის არაპროგნოზირებადი და დამაბნეველია. სწრაფია, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე. ძლიერია როგორც ბურთის შენარჩუნებაში, ისე თამაშის გამწვავებაში, განსაკუთრებით სახიფათოა მისი დრიბლინგი მოედნის ბოლო მესამედში. ხანდახან ეგოისტურად იქცევა, თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც გუნდური მოთამაშეა. სწრაფად იზრდება მისი საფეხბურთო ინტელექტი”, – წერია დასკვნაში.

რას გვეუბნება მონაცემთა ანალიზი?

შედარებითი ანალიზი მოხდა იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც მოედნის ერთი და იმავე მონაკვეთს ფარავენ.

დავიწყოთ მისი მთავარი უპირატესობით, – დრიბლინგით. ერთი მხრივ, მისი ტექნიკა უნაკლოა. მეორე მხრივ, დრიბლინგის წამოწყების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, წარმატებული დრიბლინგის პროცენტი არც ისე მაღალია.

დრიბლინგის რაოდენობით მესამე ადგილზეა, ხოლო, სარგებლიანობის მაჩვენებლით მხოლოდ ორ ფეხბურთელს, კეიდესა და ელ შაარავის აღემატება.

სამაგიეროდ ძალიან მაღალი xG (მოსალოდნელი გოლი) აქვს პასების თვალსაზრისით. ბურთის ტარების დროს მოსალოდნელი საფრთხე არც ისე მაღალია, მხოლოდ მეთორმეტე ადგილზეა ამ თალსაზრისით, მაგრამ პასის შემთხვევაში xG შესამჩნევად იზრდება და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს. ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს მის კარგ მოედნის ხედვასა და თამაშის აღქმას.

შეტევაში კონტრიბუციის პროცენტული მაჩვენებლით ნაპოლიში კვარაცხელიაზე 15% მოდის. ხოლო, მისივე პოზიციის ფეხბურთელებში სერია ა-ში მეხუთე ადგილს იკავებს. კონტრიბუცია დათვლილია ყოველ ორმოცდაათ შეხებაზე.

უფრო მეპასე, ვიდრე გოლეადორი

ხვიჩა ყოველთვის უკეთესი შემქმნელი იყო, ვიდრე დამაგვირგვინებელი. შეცდომაში არ შეგიყვანოთ ექვსმა გატანილმა გოლმა სერია ა-ში. თუ xG-სა და xGOT მაჩვენებლებს გავითვალისწინებთ, რთულად სავარაუდოა, რომ მისი გოლების სერია ამავე სისწრაფით გაიზარდოს.

6 გატანილი გოლის საერთო xG (მოსალოდნელი გოლი) მაჩვენებელი.

საუკეთესოებთან შედარებით

მოდი, კვარაცხელია შევადაროთ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს მის პოზიციაზე, – რაფაელ ლეაუსა და ლუქმენს. ასევე, შევადაროთ მისივე თანაგუნდელებს, – ლოზანოსა და პოლიტანოს.

ლეაუ სერია ა-ს წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. უფრო სოლიდურ მეტოქეს ვერც შევარჩევდით. მას ხვიჩასთან ბევრი უპირატესობა აქვს, თუ დამაგვირვინებელ ფაზაში სიზუსტეს არ მივიღებთ მხედველობაში.

ლუქმენს კი ყველაფერში უპირატესობა აქვს, თუ მოედნის ბოლო მესამედში ზუსტ პასებს არ ჩავთვლით.

ხარისხი

ის რომ დიდი ტალანტია და უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს ეს ფაქტია. ჯუნტოლი და კლუბის ხელმძღვანელები ქებას იმსახურებენ, რადგან ძალიან დაბალ ფასად უმაღლესი დონის ფეხბურთელი შეიძინეს. რაც მთავარია, დაიჯერეს, რომ 21 წლის ბიჭს ინსინიეს შეცვლა შეეძლო და ხვიჩასაც ბრწყინვალე დასაწყისი ჰქონდა.

თუმცა, აჟიოტაჟი მაჩვენებლებთან შედარებით გადამეტებულია. კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია და თუ გავითვალისწინებთ მისი განვითარების სისწრაფეს, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს.

ასე სრულდება სტატია ევროსპორტზე. აქვე დავამატებ, რომ ხვიჩას თამაშის აღწერა სტატისტიკით შეუძლებელია. xG-ის დაბალი მაჩვენებლის გამო ავტორმა დასკვნა გამოიტანა, რომ ხვიჩა სისტემატურად ვეღარ გაიტანს გოლებს, მე კი მიმაჩნია, რომ მისი ნიჭი და ტალანტი სწორედ ამაში ჩანს, მაშინაც გააქვს გოლები, როცა ამის შესაძლებლობა ძალიან დაბალია. ეს, როგორც წესი, ვარსკვლავებს ახასიათებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე