ლებრონის მორიგი რეკორდი

NBA-იში მორიგი თამაშები გაიმართა და მოსაწყენად არავის სცალია. მთელი საკალათბურთო მსოფლიო ქულებს ითვლის ახალი რეკორდის მოლოდინში.

რა თქმა უნდა, ლებრონზეა საუბარი. ნიუ იორკ ნიქსთან შეხვედრაში NBA-ის ისტორიაში საუკეთესო ასისტენთა სიაში მეოთხე ადგილზე აღზევდა, საუკეთესო ოთხეული ასეთია:

  • ჯონ სტოქტონი – 15,806
  • ჯეისონ კიდი – 12,091
  • კრის პოლი – 11,246
  • ლებრონ ჯეიმსი – 10,338

ლებრონმა ნიქსთან შეხვედრაში სტივ ნეშს გადაასწრო.

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია მეორე სია, რომელსაც აბდულ-ჯაბარი ლიდერობს, ლებრონ ჯეიმსს მხოლოდ 89 ქულა დარჩა, რათა გახდეს მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა ექნება მოპოვებული NBA-ის ისტორიაში!

იქამდე კი კიდევ ერთი რეკორდი – ლებრონ ჯეიმსი ერთადერთია, რომელმაც რიგით მეოცე სეზონში შეასრულა სამმაგი დუბლი.

ცოცხალი ლეგენდა, მოსიარულე ისტორია.

ლეიკერსი vs ნიქსი

უესტბრუკი აღარ არის მარტო. პარკეტს დაუბრუნდნენ ენტონი დევისი და ლებრონ ჯეიმსი. ლეიკერსის მთავარი პრობლემა ტრავმებია, უესტბრუკი გაცილებით კარგია, ვიდრე წინა სეზონში იყო.

გარდა ამ სამეულის, გამოირჩა შროიდერიც, 12 ქულის, 1 მოხსნისა და 6 ასისტის გარდა, პირველი ნახევრის საუკეთესო დასსრულიც გვაჩუქა, – ცენტრიდან ისროლა, სანამ ბურთი კალათამდე მიაღწევდა დატრიალდა, ცხოვრებაზე ჩაფიქრდა და ჩავარდა!

ძირითადი დრო 114:114 დასრულდა. თამაში ოვერტაიმში გადავიდა სადაც ლეიკერსმა იმარჯვა.

ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 28 ქულა, 10 მოხსნა, 11 ასისტი და 1 ჩაჭრაა.

ენტონი დევისმა 27 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

უესტბრუკის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა, 8 ასისტი და 3 ჩაჭრა იყო.

ნიუ-იორკ ნიქსი საკმაოდ კარგი გუნდია. განსაკუთრებით ჯულიუს რენდელისა და ჯეილენ ბრანსონის დუეტის გამო. ამჯერადაც კარგი შეხვედრა ჩაატარეს.

ჯულიუსის ანგარიშზეა – 23 ქულა, 12 მოხსნა და 5 ასისტი.

ბრანსონის ანგარიშზე – 37 ქულა, 2 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი.

ნიუ-იორკ ნიქსი აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზეა.

ლეიკერსი დასავლეთში ისევ მეცამეტეა.

დენვერი vs პელიკანსი

პელიკანსს ბრენდონ ინგრამი დაუბრუნდა. დაბრუნებიდან უკვე მესამე შეხვედრა ჩაატარა და ნელ-ნელა იწყებს ფორმაში შესვლას. ზაიონის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს, ბრენდონ!

დენვერმა 122:113 დაამარცხა პელიკანსი.

ნიკოლა იოკიჩს ემბიდთან დაპირისპირების მერე ბევრი მწარე სიტყვის მოსმენა მოუხდა, ცოტა გაბრაზდა და აი შედეგიც, – სამმაგი დუბლი – 26 ქულა, 18 მოხსნა, 15 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი.

ჯამალ მარის ანგარიშზე 32 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტია. ლამალმა 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო.

პარკეტზე იყო მაკკოლუმი, ვალანჩუნასი, ინგრამი, დაამატეთ ამ გუნდს ზაიონი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ინგრამის ანგარიშზე 16 ქულა, 4 მოხსნა, 9 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია.

ჩიკაგო vs კლიპერსი

კავაი დაბრუნდა, კლიპერსმა მოიგო – მარტივია. ლეონარდმა კლივლენდთან მატჩი გამოტოვა, საბედნიეროდ სწრაფად დაბრუნდა და ჩვეული შედეგებიც დადო.

ჩიკაგომ კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა. მეორე ნახევარში საწყის ეტაპზე დიდი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ სწრაფადვე გაუშვეს ხელიდან.

დეროზანმა 20 ქულა, 2 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა.

ზაკ ლავინის ანგარიშზე 18 ქულა, 14 მოხსნა და 8 ასისტია.

ვუჩევიჩმა 23 ქულა, 14 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.

შეხვედრა კავაიმ მოიგო – 33 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი, 5 ჩაჭრა, 2 ბლოკი და სუფთა სამქულიანი გადამწყვეტ მომენტში, – ეს კავაი ლეონარდია.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

კლივლენდი – მაიამი 97:100

მილუოკი – შარლოტი 124:115

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე