ციციპასი vs მედვედევი – თრილერი წითელ ჯგუფში

ციციპასი vs მედვედევი - თრილერი წითელ ჯგუფში | Setanta Sports

ტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე წითელი ჯგუფის მეორე წრე სტეფანოს ციციპასისა და დანილ მედვედევის სამსეტიანმა თრილერმა დააგვირგვინა. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებსაც ერთმანეთთან საკმაოდ ხანგრძლივი და დაძაბული მეტოქეობა აკავშირებთ. ამ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო, ვის დარჩებოდა ბოლო ტურისთვის ჯგუფში მეორე პოზიციის დასაკავებლად ბრძოლის შანსი.

პირველი პარტია სტეფანოსის აშკარა უპირატესობით წარიმართა. მედვედევს ჩაწოდება არ წაუვიდა, რის გამოც სტარტზევე დაბრეიკდა და ბერძენმა კარგი ფორა მიიღო. მას სეტის ბოლომდე ჩაწოდების შენარჩუნება არ გასჭირვებია.

შეხვედრის მეორე ნაწილში დანილმა თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა. თანაბარი და მჭიდრო 12 გეიმის შემდეგ საჭირო გახდა ტაიბრეიკი. ტაიბრეიკი, რომელიც მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. ციციპასმა სამი მატჩპოინტი გაუშვა ხელიდან, საბოლოოდ კი რუსმა ჩოგბურთელმა საკუთარ ჩაწოდებაზე მეოთხე სეტპოინტით ისარგებლა.

გადამწყვეტ სეტში გამარჯვებასთან ერთ ნაბიჯში იყო მედვედევი, რომელმაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, თუმცა ყველაზე საპასუხისმგებლო გეიმი მთლიანად ჩააგდო. საქმე კვლავ ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც მთლიანად ციციპასის კარნახით წარიმართა. მე-13 გეიმი მან ანგარიშით 7-1 მოიგო და მიმდინარე სეზონში 61-ე გამარჯვება მოიპოვა.

წითელ ჯგუფში პირველადგილოსნის ბედი გარკვეულია, ეს ნოვაკ ჯოკოვიჩია. თუ ვინ დაიკავებს მეორე პოზიციას, ეს 18 ნოემბრის მატჩში, სტეფანოს ციციპასსა და ანდრეი რუბლიოვს შორის გადაწყდება.

ავტორის შესახებ

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე