სარჩევი

პსჟ ლიონელ მესისთვის, საზეიმო დახვედრას ორგანიზებას არ გაუკეთებს. პარიზში ჩათვალეს, რომ კლუბის ბაზაზე გულთბილი მიღება საკმარისი იყო.

თავდაპირველად, გავრცელდა ცნობა, რომ თავად ლიონელ მესი ითხოვდა სტადიონზე მსოფლიო თასის წარდგენას, რაც ცოტა უცნაურად, და ამავე დროს პროვოკაციულადაც კი ჟღერდა.

სენ ჟერმენის ფანებს შეუძლიათ მესის მიულოცონ მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ მასთან ერთად ვერ იზეიმებენ. მათი ქვეყანა დამარცხდა. ემილიანო მარტინესის საქციელმა კი ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა.

არათუ თასის საზეიმო წარდგენაზე, არამედ მესისა და მბაპეს სამომავლო ურთიერთობაზეც ჩამოვარდა სიტყვა. რა თქმა უნდა, მარტინესის გამოხტომები გავლენას იქონიებს მათ ურთიერთობაზე. საკითხავია მოედანზე რამდენად აისახება ეს ყველაფერი.

ვერ შევადარებთ ამ მოვლენას 1990 წლის ამბავს, როცა დიეგო მარადონამ ნეაპოლელებს მოუწოდა არგენტინისთვის დაეჭირათ მხარი, სულ სხვა ამბავია, სულ სხვა ქალაქი და სულ სხვა ხალხი, მაგრამ მაინც პროვოკაციულად ჟღერს წაგებულ ქვეყანას ცხვირწინ თასი უტრიალო.

არადა, მესის კონტრაქტი ჯერ კიდევ ჰაერშია. მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობს. რამე თუ არ მოეწონა ზაფხულშივე შეუძლია წავიდეს. კამპ ნოუზე ხომ ისე იზეიმებდნენ მის ჩემპიონობას, როგორც არგენტინაში?!