სარჩევი
ნოელ ლე გრე ზიდანს აკირიტკებს | Setanta Sports

“ზინედინ ზიდანი? – მის სატელეფონო ზარსაც კი არ ვუპასუხებდი”, – თქვა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. შესაბამისად, ლე ბლუში ზიდანის დანიშვნის მოარული ხმებიც მომენტალურად შეწყდა.

RMC Sport-თან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრებსა და სხვა აქტუალურ თემებზე, მათ შორის, ზიდანზეც ისაუბრა.

ზიდანი ბრაზილიის ნაკრებში? არ მაღელვებს. მას შეუძლია წავიდეს, სადაც მოისურვებს, ეს იქნება კლუბი თუ ნაკრები. მართლა არ ვნაღვლობ ამაზე.

მან სცადა ჩემთან დარეკვა? ნამდვილად არა. თუკი დარეკავდა, მის ზარს ნამდვილად არ ვუპასუხებდი.

[რომ მეპასუხა] რა უნდა მეთქვა მისთვის? გამარჯობა სერ, არ ინერვიულო, სხვა სამსახური მოძებნე, მე ახლახანს დიდიეს [დეშამს] შევუთანხმდი?!”

ნოელ ლე გრე – საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

81 წლის ფუნქციონერმა, რომლის სახელსაც Ligue 1-ის განვითარება უკავშირდება, მოგვიანებით მოიბოდიშა.

“ეს გაუგებრობა იყო. მსურს ზიდანზე ჩემი სიტყვების გამო მოვიბოდიშო, რადგან ის კომენტარი საერთოდ არ გამოხატავს იმას, რასაც მე ვფიქრობ მასზე, როგორც ფეხბურთელზე, როგორიც ის იყო, და როგორც მწვრთნელზე, როგორიც ის გახდა”.

ნოელ ლე გრე – საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
ტიერი ანრი, ნოელ ლე გრე, პატრიკ ვიეირა, ზინედი ზიდანი | Setanta Sports
ტიერი ანრი, ნოელ ლე გრე, პატრიკ ვიეირა, ზინედი ზიდანი

მობოდიშებამდე ლე გრეს კომენტარს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ზიდანი დაიცვა კილიან მბაპემ. საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევმა სოციალურ ქსელში ფრანგ მწვრთნელს ლეგენდა უწოდა.

“ზიდანი საფრანგეთია, მისი მსგავსი ლეგენდის მიმართ, ასეთ უპატივცემულობას არ ვიჩენთ”

კილიან მბაპე – საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ფორვარდი

ლე გრეს სიტყვებით გაოცება ვერ დამალა ფრანკ რიბერიმ. ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ვითარების დროულად გარკვევის იმედი გამოთქვა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარი უყურადღებოდ არ დაუტოვებია მადრიდის რეალს. სამეფო კლუბმა ოფიციალურ განცხადებაში ლე გრეს სიტყვებს სამწუხარო, ხოლო ზიდანს მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი ლეგენდა უწოდა.

“საფეხბურთო კლუბი მადრიდის რეალი წუხს ნოელ ლე გრეს განცხადებების გამო, რომელიც მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ ლეგენდას, ზინედინ ზიდანს შეეხება.

მისი სიტყვები გამოხატავს უპატივცემულობას იმ ადამიანის მიმართ, რომლითაც ფეხბურთის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღტაცებაში მოდიან.

ჩვენი კლუბი ვითარების დაუყოვნებლივ გამოსწორებას ელის”.

მადრიდის რეალი

საგულისხმოა, რომ ზიდანის დებიუტი რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში 7 წლის წინ, სწორედ 9 იანვარს შედგა. იმ მატჩში სამეფო კლუბმა დეპორტივო 5:0 გაანადგურა.

ზინედინ ზიდანის სადებიუტო მატჩი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში | Setanta Sports
ზინედინ ზიდანის სადებიუტო მატჩი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში

ზიდანს ლე გრეს სიტყვებზე კომენტარი, საჯაროდ, ჯერჯერობით არ გაუკეთებია.