ნაპოლი vs მილანი – რა უნდა ვიცოდეთ

ნაპოლი vs მილანი ჩემპიონთა ლიგა საპასუხო მატჩი | Setanta Sports

ნაპოლი vs მილანი – ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები უნდა გაიმართოს. მატჩებში შანსია ყველაფერი მოხდეს, თუმცა რეალისტური ინტრიგა ყველაზე მეტად ნაპოლი-მილანის წყვილს შემორჩა.

პირველი შეხვედრა სან სიროზე მილანის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ბრაჰიმ დიასის ჩინებული შეტევა გოლით ისმაილ ბენნასერმა დაასრულა.

რა ვითარებაა ნაპოლის მხარეს

სანაკრებო შესვენებაზე მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს პირველად დაუბრუნდა ვიქტორ ოსიმენი. ნიგერიელმა ვერონასთან გამართულ შეხვედრაში სათამაშო დრო თადარიგიდან მიიღო.

დღევანდელ მატჩში ყველაზე დიდი განსხვავების შექმნას, სწორედ ოსიმენისგან ელიან.

ტრავმირებულთა შორის რჩება დიეგო სიმეოენე. მის გარდა პართენოპეის ყველა მწყობრში ჰყავს.

სამაგიეროდ, დიდი დანაკლისია დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების მხრივ. მატჩს ყვითელი ბარათების გამო კიმ მინ ჯე გამოტოვებს. ნაპოლის დაცვის სამხრეთ კორეელმა ლიდერმა ბარათები აინტრახტსა და მილანთან მიიღო. ვერ ითამაშებს ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა. კამერუნელმა ჯუზეპე მეაცაზე წითელი ბარათი დაიმსახურა.

რა ვითარებაა მილანის მხარეს

მილანის ბანაკში ზლატან იბრაჰიმოიჩისა და მალიქ თიაუს გარდა ყველა მწყობრშია. მათი არყოფნა როსონერისთვის უცხო არ არის.

სამაგიეროდ, ბოლოს წინა ვარჯიში ბოლომდე ვერ ჩაამთავრა ოლივიე ჟირუმ. ფრანგმა ცენტრ ფორვარდმა მარცხენა ფეხის აქილევსის მყესი აიტკივა. დაზიანება ჟირუმ კიმ მინ ჯესთან შეჯახებისას მიიღო. თუმცა როგორც მილანში ამბობენ, ჟირუ მატჩისთვის მწყობრში იქნება და მარადონაზე თამაშს შეძლებს.

რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ ნაპოლი vs მილანი

“შესაძლოა, პირველ მატჩში არადამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღეთ, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ფეხბურთის ისეთივე ხარისხს ველი.

ხარისხი და ინტენსივობა, ეს არის ის, რაც გუნდურ ფეხბურთთან ერთად გვჭირდება.

დამატებითი ტაიმები და პენალტები? ყველაფრისთვის მზად ვართ. სეზონის ამ ნაწილში გვაქვს უკვე გარკვეული გამოცდილება. საჭიროების შემთხვევაში, პენალტებს საუკეთესოები თავიდანვე დაარტყამენ, რადგან ზოგჯერ, სიის ბოლოში ფეხბურთელებს დარტყმა არ უწევთ ხოლმე.

არ ვფიქრობ, რომ გამოცდილებაში მეტოქეს ჩამოვრჩებით. ჩვენ ვითამაშეთ დიდებულ გუნდებთან, მათსავე სტადიონებზე და ვითამაშეთ თავდაჯერებულად.

მილანი დიდებული გუნდია, ახლებური ტოტალური ფეხბურთით, პიოლი კი მაღალი დონის მწვრთნელია. მან სერია A გასულ სეზონში, დამსახურებულად მოიგო, წელს კი შეუძლია შეცვალოს 10 ფეხბურთელი და არაფერი შეეტყოს.

არის თუ არა ნაპოლი უკვე ისტორიაში? რთული სათქმელია, ჯერ ჩემპიონთა ლიგის ეს საღამოა. როდესაც მიღწეულის დაცვაზე იწყებ ფიქრს, გამოდის, რომ მეტის მიღწევა არ შეგიძლია. ჩვენ ახლა ამის დრო არ გვაქვს. ვითამაშებთ ფეხბურთს ზედმეტი და არასაჭირო გათვლების გარეშე.

ოსიმენისა და ლეაუს დუელი – ეს ორი მსგავსი ფეხბურთელია. ორივე მათგანს სივრცეში მაღალ სისწრაფეზე შეუძლია გაქცევა. ორივე ტექნიკურია. ორივე მათგანს მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლია. კარგია, რომ ისინი ჯანმრთელია და ითამაშებს”.

ლუჩანო სპალეტი – ნაპოლის მთავარი მწვრთნელი

რა თქვა სტეფანო პიოლიმ ნაპოლი vs მილანი

“ჩვენი უპირატესობა მცირეა, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. გვჭირდება უდიდესი ყურადღება და ბურთის მოფრთხილება. კომპაქტურობა და ჩვენი გეგმისა და იდეების მიმართ ერთგულებაც დაგვჭირდება.

ეს ნაპოლისთან მესამე მატჩი იქნება, თუმცა ყველა მათგანი განსხვავებულია. არ აქვს მნიშვნელობა აქამდე რა მოხდა. ჩინებული ატმოსფერო იქნება, ისეთი, როგორიც ჩემპიონთა ლიგის საღამოს ეკადრება.

აქ დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთის სათამაშოდ ვერ ჩამოვიდოდით. ტოტენჰემი და ნაპოლი ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდები არიან. ოსიმენი საჯარიმოს საოცრად კარგად ფარავს. დროულად ჩადის სიღრმეში. დაცვაში არაერთი სიტუაცია დავამუშავეთ.

ნახევარფინალი? ყველაფერი სეზონის ბოლოს შეჯამდება. ჩემპიონთა ლიგაზე, წინა სეზონის შედეგებთან შედარებით, წელს ბევრად კმაყოფილები ვართ. ჩვენი გეგმა მუდმივი ზრდაა.

თამაშის სცენარი და გეგმა მისი მიმდინარეობისასაც იცვლება ხოლმე. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება პენალტების სერიას ამაზე სტრატეგიულად არ გვიფიქრია. მოდით, ჯერ ვიფიქროთ 90 წუთზე, მერე კი ამაზე საფიქრალი დროც იქნება”.

სტეფანო პიოლი – მილანის მთავარი მწვრთნელი

ნაპოლი vs მილანი – ნაპოლის ტიფოზები მილანის სასტუმროსთან

მატჩისწინა ღამეს მილანის სასტუმროს ნეაპოლელი ფანები ეწვივნენ. სასტუმროს შემოგარენში სამხრეთ იტალიელმა ტიფოზებმა მიღებული პრაქტიკა გამოიყენეს. შედლუხის, პიროტექნიკის, ე.წ. ფეიერვერკების გამოყენებით, ნაპოლის ქომაგებმა მილანელებს ძილი დაუფრთხეს.

როგორც იტალიელები წერენ, ფეხბურთელებს სასტუმროს მეორე ნაწილში ეძინათ და ბევრიც არფერი გაუგიათო.

ამას გარდა, დღეს დიეგო არმანდო მარადონაზე დიდ ქორეოგრაფიას ელოდებიან. ტრიბუნაზე წარმოდგენის გამართვის ხარჯების ნაწილს თავად კლუბი გაიღებს.

ასევე, ნაპოლის ხელმძღვანელობამ დღევანდელი მატჩისთვის გამონაკლისი დაუშვა და FAN ID-ი გააუქმა. შესაბამისად, თამაშზე დასწრებას კლუბის ის ტიფოზებიც შეძლებენ, რომლებიც ქომაგისთვის ბილეთის შესაძენად აუცილებელ ატრიბუტზე, უარს ამბობენ.

ეს შეთანხმება, როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისსა და ფანებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შედგა.

დე ლაურენტისი და ჯუღელი – შეხვედრა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

ჰელას ვერონასთან მატჩის შემდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ლანჩზე, სასტუმრო ბრიტანიკაში აურელიო დე ლაურენტისი და მამუკა ჯუღელი შეხვდნენ. ცხადია, თემა ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შეეხებოდა. ინფორმაცია GeoTeam-მა გაავრცელა.

როგორც იტალიური RAI წერს, კვარას ახალი კონტრაქტი 5-წლიანი იქნება. წლიური ანაზღაურების სახით კი ქართველი 2.5 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს მიიღებს.

კონტრაქტი 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. სხვა ვერსიით, კონტრაქტის პირობებზე ოფიციალურად ოქტომბერში დაილაპარაკებენ და ის ძალაში დეკემბრიდან შევა.

მერაბ დვალიშვილი კვარას მხარდასაჭერად ნეაპოლში ჩავიდა

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის მხარდასაჭერად მერაბ დვალიშვილი ჩავიდა. ქვემსუბუქი წონის UFC-ის ქართველი პირველადგილოსანი რამდენიმე დღეა ნეაპოლშია და კარგადაც ატარებს დროს.

მერაბს ქალაქთან სწრაფ ადაპტაციაში მისთვის დამახასიათებელი ხალისიანი მოქმედებებიც ეხმარება. მათ შორის, ხეებსა და აივნებზე ძრომიალი.

სად ვუყუროთ ნაპოლი vs მილანს

ნაპოლი-მილანის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

მატჩი 23:00-დან დაიწყება და მის ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ნიკა ტაბატაძე და ლუკა მილორავა იქნებიან.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე