ინტერვიუ მაქს გალოსთან – კვარაცხელია ნაპოლის სახედ იქცა

სეზონის დაწყების წინ Il Napolista-ს მთავარ რედაქტორს, მასიმილიანო გალოს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით კვარაცხელიასა და ნაპოლის შესახებ.

მაქს გალომ ბევრი რამ სწორად ივარაუდა, სანამ ახალ ინტერვიუზე გადავიდოდეთ, მის პროგნოზებს შემოგთავაზებთ წინა ინტერვიუდან:

  • კვარაცხელია სერია ა-ს აღმოჩენა გახდება;
  • კვარაცხელია და ოსიმენი საუკეთესო დუეტს შექმნიან;
  • ინსინიეს პირველივე სეზონში უპრებლომოდ შეცვლის;
  • ქომაგები ძალიან შეიყვარებენ, მათ მოსწონთ ასეთი ფეხბურთელები;

ასე აგიხდეთ ყველაფერი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გალო თავიდანვე დარწმუნებული იყო კვარას შესაძლებლობებში, ხვიჩამ მოლოდინს მაინც გადააჭარბა. წინა ინტერვიუს დროს მაქსმა ივარაუდა, რომ კვარა სეზონში 10 გოლს გაიტანდა და 6-7 საგოლე გადაცემას შეასრულებდა. ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარი გავიდა, – კვარაცხელიას 9 გოლი და 8 ასისტი აქვს. გამოდის, რომ ნახევარ სეზონში გააკეთა ის, რასაც მისგან მთელ სეზონში ელოდნენ.

ახლა კი ახალ ინტერვიუს გთავაზობთ:

სეზონის პირველ ნახევარზე

მაქს, რას იტყვი სეზონის პირველ ნახევარზე? უკვე 20 ტური გავიდა, სეზონის წინ მითხარი, რომ ნაპოლის მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნებოდა, ახლა კი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ნაპოლი ბრწყინვალე ჩემპიონატს ატარებს, თავისუფლად შეუძლიათ 100 ქულამდეც ავიდნენ, ყველა ცენტრალური მატჩი მოიგეს ინტერთან შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ამას არ ველოდი. ეს არის გუნდი, რომელსაც არავის მიმართ შიში არ აქვს და შიმშილი ეტყობა.

კვარაზე რას იტყვი? სეზონის წინ კარგი მოლოდინი გქონდა, გჯეროდა მისი შესაძლებლობების, გადააჭარბა შენს მოლოდინს?

კი, დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებით ითამაშებდა, მაგრამ გაოცებული დავრჩი ისე ბუნებრივად ჩაეწერა სერია ა-ს ვარსკვლავთა შორის. თითქოს მთელი ცხოვრებაა აქ თამაშობს. ძალიან არაორდინალური ფეხბურთელია, მთელ მსოფლიოში ნაპოლის მთავარ სახედ იქცა, ოსიმენზე მეტადაც კი.

რა იყო ყველაზე მოულოდნელი, რაც კვარაცხელიას თამაშში დაინახე?

ერთმნიშვნელოვნად, ხასიათის სიმტკიცე. განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში, ლაციოსა და ლივერპულის წინააღმდეგ, ის იყო ფეხბურთელი, რომელიც მთელ გუნდს აძლევდა დრაივს, (შემართებას). კარგი ლიდერი აღმოჩნდა.

ვიცოდით, რომ ძალიან ტექნიკური იყო, მაგრამ ასეთ რთულ მოძრაობებს თუ ასე ბუნებრივად შეასრულებდა ამას არ ველოდი, ისე აკეთებს თითქოს ძალიან მარტივი იყოს, ყველა მოძრაობაზე ეტყობა, რომ განსაკუთრებულია, და ჩემი აზრით არ არის აუცილებელი ყოველთვის ფლანგზე ითამაშოს, მიმაჩნია, რომ ცენტრშიც დიდ სარგებელს მოიტანს.

შეუძლია თუ არა თავისი თაობის საუკეთესო ფეხბურთელად იქცეს? პოტენციალი რომ აქვს გასაგებია, რამდენად ხედავ სრული რეალიზების შესაძლებლობას, მისი ხასიათისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით?

რა თქმა უნდა, შეუძლია. ამისათვის ყველა თვისება გააჩნია. ყოველთვის ფოკუსირებულია, ჩემზე უკეთ იცი, რომ ასაკთან შედარებით ძალიან დაღვინებული და ჩამოყალიბებულია. ფიზიკურადაც ძლიერია და ვისურვებდი, რომ ტრავმებს მარტივად გაუმკლავდეს, ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის მცირე დაბრკოლება, სხვა ყველაფერი რიგზეა.

კვარაცხელია და ოსიმენი

კვარაცხელიამ და ოსიმენმა საოცარი დუეტი შექმნეს, სეზონის წინ ამაზე საუბრობდი, სწორედ ასეთი მოლოდინი გქონდა, საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება მიიქციეს, გრანდები უკვე ემზადებიან შეთავაზების გასაკეთებლად, ყველას აინტერესებს ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში როგორ ითამაშებენ, – შეძლებს ნაპოლი მათი დუეტის შენარჩუნებას?

სიმართლე გითხრა არ ვიცი. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მგონია, რომ ორიდან ერთს აუცილებლად შევინარჩუნებთ. თუმცა, ნაპოლის სატრანსფერო პოლიტიკამ გვაჩვენა, რომ ცვლილებების არ უნდა გვეშინოდეს, ამ საქმეს დიდი პროფესიონალები წარმართავენ. ნაპოლიმ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს, როცა ფეხბურთელის წასვლა გარდაუვალია ამით მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს, ვნახეთ, რომ ახალი ნიჭიერი ფეხბურთელების მოზიდვა შესაძლებელია.

გიორგი კვერნაძის შესახებ თუ გსმენიათ? როგორც ვიცით ნაპოლის მხრიდან ინტერესი არსებობს.

ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ რამდენიმე ვიდეო ვნახე, კარგი გოლი შეაგდო, თუმცა, კვარაცხელიას შესახებ უფრო ინფორმირებულნი ვიყავით, ესპანეთთან თამაშის შემდეგ ყველამ ნახა მისი მომენტები, კვერნაძეზე კი აქამდე არაფერი ვიცოდით, ახლა ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით.

საუკეთესო ნაპოლი მარადონას ეპოქის შემდეგ

ნაპოლი ძალიან მომწონს, მთელი გუნდი, მთავარი მწვრთნელისა და სათადარიგო ფეხბურთელების ჩათვლით. არის თუ არა ამ ფორმაციის ნაპოლი საუკეთესო მარადონას ნაპოლის შემდეგ?

დიახ, ამის თქმა უკვე შემიძლია. ეს საუკეთესო ნაპოლია მარადონას ეპოქის შემდეგ. ფეხბურთელების ხარისხის, სრული შემადგენლობისა და განსაკუთრებით ხასიათის გამო, გუნდი გამარჯვებისკენ არის მომართული, ყოველთვის ავლენს სიმტკიცეს, ბოლო წლებში ეს ყოველთვის პრობლემა იყო.

არა მხოლოდ სერია ა-ში, ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ვიხილეთ, რა მოლოდინი გაქვს მერვედფინალის წინ, და რა იქნება ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის მაქსიმუმი?

ეს უკვე არის საუკეთესო ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ნაპოლის ოდესმე ჩაუტარებია. აინტრახტი კარგად ორგანიზებული კლუბია და სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ნაპოლის ისტორიაში პირველად აქვს შანსი ამ ტურნირზე შორს წავიდეს. ჩემპიონთა ლიგას თითქმის ყოველ წელს ჰყავს აუთსაიდერი, რომელიც მოულოდნელად გადის დასკვნით ეტაპზე, წესით და რიგით, ამ სეზონში ეს გუნდი ნაპოლი უნდა იყოს.

მაქს, სპალეტიმ სეზონის წინ თქვა, რომ თერთმეტმეტრიანებს კვარაცხელია შეასრულებდა, მაგრამ თუ პოლიტანო მოედანზეა ბურთს არავის უთმობს. ცოტა არ იყოს გვაწუხებს ეს ამბავი, მით უმეტეს, რომ არ ჩანს კვარაზე უკეთესი შემსრულებელი.

ეს პოლიტანოა. პირველად არ ხდება, რომ ბურთს მაშინაც იღებს, როცა მას არ ეკუთვნის შესრულება. დარწმუნებული ვარ მომდევნო დარტყმას კვარაცხელია შეასრულებს.

ნეაპოლში იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს უალოვდებით? რამდენად შეიცვალა ქალაქის ყოველდღიურობა გუნდის წარმატებასთან ერთად?

ყველაფერი დიდი მოლოდინით არის განმსჭვალული, ამაზე ლაპარაკიც არ არის საჭირო, ეს ხალხის თვალებში ჩანს, ნეაპოლი ყოველთვის ემოციით სავსე ქალაქი იყო, ახლა მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ეს ემოცია აბსოლუტურად დადებითია. გვესმის, რომ ეს დიდებული შესაძლებლობაა და ცივი გონებით მივდივართ მიზნისკენ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე