BBC ნაპოლიზე – ნეაპოლი ზეიმისთვის მზადაა

BBC ნეაპოლზე, ნაპოლისა და კვარაცხელიაზე | Setanta Sports

ქალაქი ზეიმის, ხოლო ნაპოლი პირველი სკუდეტოს მოგების ზღვარზე. BBC ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ჩანახატს აქვეყნებს და ნეაპოლში არსებულ ვითარებას აღწერს.

“ნეაპოლი ზეიმის ზღვარზეა. ამის დანახვა, გაგება და შეგრძნება მარტივია. ეს გრძნობა ხალხის თვალებში, ღიმილში, განწყობასა და ნაბიჯებში ადვილად ამოკითხვადია”. სწორედ ასე იწყება ალექს ბაისაუთის საავტორო სტატია ნეაპოლიდან.

ნაპოლის სკუდეტოსთვის 15 ქულა სჭირდება

10 თამაში და 15 ქულა ნაპოლის ჩემპიონობას რომ გარდაუვალს გახდის სტატიაში სხვა აქტუალურ ფაქტებთან ერთადაა აღნიშნული. საჩემპიონო ზეიმის სტარტს BBC-ის სტატიის ავტორი 4 ივნისიდან მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელის.

თუმცა ცხადია, უდიდესი ალბათობით, პართენოპეი ჩემპიონობას მანამდე გაინაღდებს და საჩემპიონო ზეიმიც ორ სერიად იქნება – პირველი, ჩემპიონობის განაღდების თანავე და მეორე, ტიტულის გადაცემის შემდეგ. სულ რომ ამ ორ მოვლენას შორის 1 თვე იყოს, დიდი ალბათობით, ნეაპოლელები საზეიმო სერიებს, საუკეთესო სამხრეთული ტრადიციით, გადააბამენ.

ნეაპოლში სასტუმროებში ადგილი აღარ არის

ისევ სტატიას მივუბრუნდეთ – ავტორი დაბეჯითებით ამბობს, რომ სასტუმროებში ადგილი უკვე აღარ არის, რადგან ტურისტებს ნეაპოლის ვიწრო ქუჩებში ზეიმში თანამონაწილეობა აქვთ განზრახული.

მარადონასეული ვრცელი პასაჟისა და იმ ფაქტის განხილვის შემდეგ, რომ ნაპოლის სკუდეტო 1990 წლის შემდეგ არ მოუგია, ავტორი ამ ფორმაციის ნაპოლისაც განიხილავს.

წერს, რომ გუნდს ოსიმენისა და კვარაცხელიას გამო ორთავიან დრაკონსაც კი უწოდებენ და თან, ქართველ ფეხბურთელზე ვრცლად საუბრობს. თუმცა მანამდე ისევ მარადონა.

El Pibe de Oro – ოქროს ბიჭი მარადონა

ავტორი კლუბის ადგილობრივ გულშემატკივრებს ესაუბრა.

“როდესაც მარადონა კლუბში მოვიდა, 4 წლით ადრე ქალაქში 2500 ადამიანი დაიღუპა. ქალაქი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჯერ კიდევ მუხლებზე იდგა.

მარადონა ნეაპოლისთვის ღმერთია. არამხოლოდ იმიტომ, რომ მან სკუდეტო და უეფას თასი მოგვაგებინა. ის კლუბის იდენტობასა და პრინციპებსაც იზიარებდა – ის ისთებლიშმენთის, მმართველი, მაღალი წრის მოწინააღმდეგე იყო. ის საკუთარი ქმედებითა და საუბრით, ნეაპოლელი ხალხის გულს შეეხო”.

BBC კვარაცხელიას შესახებ

შემდეგ ავტორი BBC-ის მკითხველს ნაპოლის თავს განვითარებულ მოვლენებს მოკლედ უამბობს. ჩვენ კი ფაქტობრივი ცნობებიდან შეგვიძლია პირდაპირ კვარაცხელიას პასაჟზე გადავინაცვლოთ.

“მარადონა ნაპოლის წინა ტრიუმფის სახე იყო, თუმცა ახლა გუნდი უცნობი გმირებისგანაა შემდგარი. ისინი სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ აღმოაჩინა, მათ კი ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობით მოუმატეს”.

ორიოდე სიტყვა ლუჩანო სპალეტიზეც:

“მართალია, სპალეტი ნეაპოლელი არ არის, თუმცა ის ამ ქალაქის სულისკვეთებასა და პრინციპებს სრულად იზიარებს”.

“კვარაცხელია, ოსიმენი კიმ მინ ჯე და სხვები – ჯიუნტოლიმ აღმოაჩინა, ის სასწაულია. სპალეტი კი ამ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს იღებს. მაგალითად, სტანისლავ ლობოტკა – სლოვაკი ახლა ინიესტასავით თამაშობს”.

ავტორი მილანთან საშინაო მატჩს დაესწრო და მატჩამდე შექმნილ ატმოსფეროზე შემდეგს წერს.

“სტადიონი რომელიც მარადონას სახელს ატარებს, იმ ბერძნების ამფითეატრს წააგავდა, რომელთაც ქალაქი ნეაპოლი დააარსეს. ბავშვები ოსიმენის ნიღბებით დადიოდნენ, ხოლო ქართული დროშები მოუხელთებელი კვარაცხელიასთვის ფრიალებდა.

აქვე იყო ბოკა ხუნიორსისა და არგენტინის მაისურებიც. თუკი ამ გუნდიდან ვინმე ჰგავს მარადონას, ეს მართლაც 22 წლის კვარაცხელიაა, რომელიც დინამო ბათუმიდან გადავიდა ნაპოლიში.

მან მეტსახელი კვარადონა დამსახურებულად მოირგო. თუმცა ჩიმინო[BBC-ის რესპოდენტი გულშემატკივარი] მას უფრო ტორინოს ჯანლუიჯი ლენტინის ან მილანის პერიოდის კაკას ადარებს.

ის წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია მინდორზე – ამბობს ნაპოლის მეორე ქომაგი. მაგრამ თუკი მარადონა ღვთაებაა, კვარაცხელია პაპი გამოდის. მას რადიკალურად განსხვავებული მიდგომა აქვს და ის სრულიად განსხვავებული პიროვნებაა”.

კვარაცხელია დიდი შემართებით თამაშობს, წინდები კოჭებამდე ჩამოუწევია და წვივები მოუჩანს. ის იგონებს მოძრაობებს, მაგრამ კვირას მილანის წინააღმდეგ, 21-გოლიანი თავდამსხმელის, ოსიმენის გარეშე მან ვერ შეაჩერა უსუსური და დაშლილი ნაპოლი, რომელიც 0-4 დამარცხდა”.

ლეჩე vs ნაპოლი Setanta Sports-ზე

მომდევნო მატჩს კვარაცხელია და ნაპოლი სტუმრად, ლეჩეს წინააღმდეგ გამართავენ. ლეჩე-ნაპოლის ხილვა მაყურებელს setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე პირდაპირ ეთერში 7 აპრილს, 21:00 საათიდან შეეძლება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე