სარჩევი
2023 ნოე 06, 17:23 შშ
5 წუთის საკითხავი

ლევან მჭედლიძემ კარიერა დაასრულა. დიდად გული არ დამწყვეტია, იმიტომ რომ, მოედანზე იშვიათად ჩანდა. როგორც წესი, იმ ფეხბურთელების წასვლაზე გწყდება გული, რომლებიც ბოლო დღემდე ფორმაში არიან. სევდა მის მოედანზე დანახვას უფრო მოჰქონდა, მაფიქრებდა რამდენი შეეძლო და ვერ შეძლო.

ეს არა მხოლოდ მასზე, არამედ მთელ მის თაობაზე შეიძლება ითქვას. არ ვიცი გადამატებულია თუ არა, მაგრამ ჩემთვის დაკარგული თაობაა. საინტერესოა, საერთოდ, 90-იანელებს უწოდებენ დაკარგულ თაობას, მაგრამ 90-იანელებზე მეტად შემდგომი თაობები დაიკარგნენ. ფეხბურთში ნამდვილად ასე იყო.

ბოლოს როცა ლევანი კარგად გავიხსენე ფინალი გვქონდა მაკედონიასთან. გავიხსენე არა მხოლოდ მჭედლიძე, არამედ მთელი ის თაობა, რომელსაც წესით და რიგით ფინალში უნდა ეთამაშა, მაგრამ ვერ ითამაშეს.

ლევანი იმ დროს 30 წლისა იყო, ისევე როგორც ლევან ყენია და დავით თარგამაძე, ჯანო 28 წლისა იყო, ჭანტურია 27-ის, წესით ამ თაობას უნდა ეთამაშა ეგ ფინალი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ნაკრების განაცხადდთან ახლოსაც არ ყოფილან.

ახლა, ხვიჩას თაობას ოქროს თაობას ეძახიან, 90-იანების მერე ასეთი ბიჭები არ გვყოლიაო ამბობენ და არის ამაში სიმართლის მარცვალი, მაგრამ ნიჭითა და ტალანტით არც წინა თაობა მოიკოჭლებდა. მიმაჩნია, რომ ყენიასა და მჭედლიძის თაობა არაფრით ნაკლები არ ყოფილა, უბრალოდ ძალიან სწრაფად ჩამოსცილდნენ ნაკრებს.

საინტერესოა 2009 წელს გამოქვეყნებული ინტერვიუ, UEFA.Com-ზე, მჭედლიძეს ვახტანგ ბზიკაძე ესაუბრა. აბა რას წარმოიდგენდა 19 წლის მჭედლიძე რომ ზუსტად იმაში მოეცრებოდა ხელი, რასაც უპირატესობად მიიჩნევდა.

„ძალიან რთულია ადრეულ ასაკში ოჯახის მიტოვება და უცხოეთში წასვლა, მაგრამ თუ გსურს რამეს მიაღწიო ასე უნდა მოიქცე. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთაც ჩემზე მეტის მიღწევა შეუძლიათ, ამისათვის სწორ პირობებში ყოფნა და პროგრესის სურვილია საჭირო“, – ამბობდა ლევანი 2009 წელს. მე კი მიმაჩნია, რომ პროგრესისაკენ სწრაფვა ყოველთვის აკლდა.

„სულ მახსოვდა რა მითხრა მამამ – ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემების მართვას ვერ ახერხებს, წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვს, – ეს დარიგება ყოველთვის მახსოვდა და მეხმარებოდა“, – იხსენებს მჭედლიძე, რომელსაც ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მოუწია მუხლზე ორი ოპერაციის გაკეთება და ამ რთულ პერიოდში მამის რჩევა დაეხმარა.

საბოლოო ჯამში, მზად აღმოჩნდა თუ არა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით? უფრო არა, ვიდრე კი. თუმცა, არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც ამდენი ტრავმის მერე მაინც დარჩენილიყო აქტიურ სპორტში. ამასაც გამძლეობა სჭირდება.

მთელი თაობის გაქრობის მთავარ მიზეზად თავის დროზე ერთიანი სისტემის არარსებობა მივიჩნიეთ, რომელმაც უამრავი პრობლემა გამოიწვია როგორც მენტალური, ისე ფიზიკური აღზრდის თვალსაზრისით. ერთიანი სისტემა კი არათუ სპორტში, არამედ განათლებაში, თავდაცვაში და მედიცინაშიც კი არ გვაქვს. ასე რომ, შედეგი ლოგიკურია, გულდასაყვეტი და ლოგიკური.

მჭედლიძის დასაწყისი დიდებული იყო, მერე კიდევ ერთი-ორი სურათი მახსენდება და ეგ არის, სხვა არაფერი შემომრჩა გონებაში. პირველი შოტლანდია გაახსენდება ადამიანს. ამ დროს იმასაც ამბობდნენ ეს ბიჭი რეკორდს მოხსნის და ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდებაო. წარმოგიდგენიათ? ჯერ ერთი შეაგდო და უკვე ასეთი მოლოდინი იყო. მერე კიდევ ერთი გაისროლა ლუქსემბურგთან, ლამაზი გოლი იყო. ჰოდა, ამით მორჩა.

არადა, ვფიქრობდით რომ სერია ა-ში თავს დაიმკვიდრებდა და კავანის დონის თუ არა, მაღალი დონის ფორვარდად მაინც ჩამოყალიბდებოდა. აგერ, 2009 წლის სტატიაში ნათქვამია, რომ იბრაჰიმოვიჩსაც ადარებენ. მარტო ჩვენს პატარა ქვეყანაში არა, იტალიაშიც ასე იყო. საბოლოოდ კი პალერმოს პრეზიდენტსა და მჭედლიძეს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ძამპარინიმ მას თავისი კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება უწოდა.

მეტი უნდა გაეღო ალბათ. ბუფონის კარში გოლის შეგდება დიდი ამბავია ვარსკვლავები ამ დროს სულ მაღლა და მაღლა მიდიან, არ ჩერდებიან, ლევანი კიდე გაჩერდა.

ამის მერე კიდე ყველა გოლი გვახსოვს იმიტომ რომ გოლი ძალიან ცოტა იყო. მათ შორის იყო ძალიან მაგარი გოლებიც, რომელიც გაფიქრებინებდა რომ ვაჰ, ამას დიდი ფეხბურთი უნდა ეშთამაშა იმიტომ, რომ უბრალო ფეხბურთელებს ასეთი გოლები არ გააქვთ, თუ ასე გაგაქვს, ესე იგი, ნიჭი და კლასი არის შენში. მაგრამ თუ ასე იშვიათად გაგაქვს, ესე იგი, პრობლემებიც გაქვს.

მახსენდება ასევე იტალიასთან მატჩი, არიან ფეხბურთელები, რომელთაც განსაკუთრებით მაგრად ითამაშეს იტალიასთან სხვადასხვა პერიოდში – ტოგონიძე, ქეცბაია, კალაძე, არველაძე, ნემსაძე, ცქიტიშვილი… ხო, თბილისში ლევან ცქიტიშვილის მასტერკლასი ვნახეთ, რომლის მსგავსიც მას მერე არაფერი მინახავს, ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ასე მაღალ დონეზე ქართველს მას მერე ალბათ არ უთამაშია, ერთი კვარაცხელია მახსენდება ესპანეთთან, ეგ არის, სხვა არ ყოფილა.

გასვლაზე კიდე მჭედლიძე უფრო დამამახსოვრდა, 2008 წელს, ამ დროს დაიწყო იტალიაში მასზე აქტიურად წერა, საუბარი და გაუთავებელი შედარებები ვარსკვლავებთან. იყო ამ მატჩში ერთი ძალიან კარგი მომენტი, ორი იმედი, ორი ლევანი უტევდა იტალიას, ორმა კაცმა გაიარა მთელი დაცვა, მჭედლიძემ ძალიან კარგი პასი გააკეთა, ყენიამ კი ორი მეტრიდან ვერ გაიტანა, არ მინდა ვთქვა რომ ფეხები აუკანკალდა, მაგრამ რაღაც ეგეთი იყო, იმის ნაცვლად რომ ორი მეტრიდან კარში დაერტყა, ბურთს ფეხი დააბიჯა და შანსიც დაიკარგა.

შოთა არველაძე ახალი წასული იყო და მჭედლიძე მის შემცვლელად გვეგულებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ორ თაობას შორის დიდი წყვეტა იყო, შევსება ვერ მიიღო ეროვნულმა, არადა, წესით და რიგით, სანდრო იაშვილი უნდა ყოფილიყო ეს ბიჭი შოთას მერე, მასთან კონკურენციაში უნდა შესულიყო ლევან მჭედლიძე, იქნებოდა მატჩები სადაც ერთადაც ითამაშებდნენ, მაგრამ ხომ ვამბობ, დაკარგული თაობაა-მეთქი, ვერც სანდრო ვნახეთ ნაკრებში და მჭედლიძის კარიერა ძალიან ცუდად განვითარდა. უფრო სწორად, საერთოდ ვერ განვითარდა.

ორი წლის წინ მასობრივი ტრავმიანობის შემხედვარე კვლევა ჩავატარეთ, სამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ერთი მხრივ ინტერვიუ ავიღეთ სამედიცინო სფეროს გამორჩეულ წევრთან, ნამდვილად კარგ ექიმთან, მეორე მხრივ, საერთაშორისო კვლევებს გავეცანით და გავაანალიზეთ, ამ შემთხვევაში ეს იყო უეფას კვლევები. მესამე მხრივ, არსებული გარემოს სტატისტიკური ანალიზი გავაკეთეთ და უეფას კვლევებს შევადარეთ. ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ.

აღმოჩნდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდა მუხლის მყესის, ან ჯვარედინი იოგის ტრავმა. იმ თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე ყველას აქვს ეს ტრავმა მიღებული – ოქრიაშვილს, ანანიძეს, ბარაბაძეს, მჭედლიძეს, ჭანტურიას, ზარანდიას, თარგამაძეს, ძალამიძეს, არაბულს, ნიკა ჭანტურიას, თომაშვილს, ხიდეშელს, ბოლოს კი ჩაკვეტაძეს. ამას ბოლო არ აქვს.

მხოლოდ ის ფეხბურთელები ჩამოვთვალეთ რომელთაც ნაკრებში უთამაშიათ, ამათ მიღმა რა ხდება კაცმა არ იცის, უფრო სწორად, კარგი არაფერი ხდება. წლების მანძილზე ეს უბედურება ხდებოდა ჩვენს თავს, მაგრამ არავინ ისურვა ელემენტარული კვლევის ჩატარება და ნაბიჯის გადადგმა, კომენტატორები კი ამ ყველაფერს უიღბლობას აბრალებდნენ. არადა, ასეთი სისტემური გარღვევა მართლა იშვიათი სანახავია. იმ დროს, მადლობა ღმერთს უკვე ჩავლილ დროს, სპორტი არა სიჯანსაღესთან, არამედ ტრავმებთან და ავადმყოფობასთან ასოცირდებოდა.

ჩვენს კვლევას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა, მემორანდუმი გაფორმდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტთან. ასევე, დაიწყო სამედიცინო ლაბორატოორის მშენებლობა.

რა ეტაპზეა ამ ლაბორატორიის მშენებლობა კაცმა არ იცის, ჩვენთან ხომ ასე ხდება, დაიწყებენ და მერე რატომღაც ჩერდება ხოლმე. ქვეყნისა არ იყოს, ჩვენი ქვეყანაც ხომ ხშირად ამუხრუჭებს? ჰოდა, როცა მთელი ქვეყანა ამუხრუჭებს, იქ რა გასაკვირია, რომ ფეხბურთელმაც შეწყვიტოს განვითარება.