წყლის ნაყვის ხელოვნება

მცირე ხნის წინ საინტერესო გადაცემას წავაწყდი, საფეხბურთო გადაცემაზე მაქვს საუბარი, როგორც წესი, არ არის ხოლმე საინტერესო, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. დიდი ხანია კოლეგების მომზადებულ გადაცემებს დიდ დროს აღარ ვუთმობ, მაგრამ, როცა სანაკრებო მატჩები ახლოვდება და სტატია მაქვს მოსამზადებელი, ვალდებულიც ვარ, რომ თვალი შევავლო. მაგალითად, ამ საინტერესო გადაცემამდე კიდევ უფრო ადრე, ლევან კობიაშვილი ჰყავდათ სტუმრად, საუბარი დაახლოებით 30-წუთიანი იყო, მაგრამ ათ წუთზე მეტს ვერ ვუყურე, იმის ნაცვლად, რომ მისი მხრიდან ძალიან კრიტიკულ კითხვებზე მომესმინა პასუხი, ვუყურებდი მის გაოგნებულ სახეს, იმის შემხედვარეს, რაც სტუდიაში ხდებოდა, გადაცემა ქუჩის გამოკითხვით დაიწყო, – ეს უკვე კატასტროფაა. ბოლო წლებში ნათლად ჩანს, რომ ფეხბურთში კომპეტენტური ხალხის დეფიციტია, ამ დროს კი ორი წამყვანი მაყურებელს არსებულ სიტუაციაზე წარმოდგენას უქმნის ნებისმიერი შემხვედრის მეშვეობით. შესაბამისად, ამ შემხვედრში ვიღაც მეტად კომპეტენტური, ვიღაც კი საერთოდ მოწყვეტილი იქნება თემას, გამოკითხვის აზრი აბსოლუტურად გაუგებარია. ამას მოჰყვა 1-2 ისეთი კითხვა, რომ ჩემმა სუსტმა ნერვებმა ვეღარ გაუძლეს და გამოვრთე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამის ყურებას დიდი აზრი არ აქვს.

თუმცა, რადგან, მცირე ხნის წინ, ჩემთვის პატივსაცემი ხალხი აღმოჩნდა იმავე გადაცემაში, მაინც შევავლე თვალი და მივხვდი, რომ ერთ რამეში მსოფლიო ჩემპიონები ვართ, –  წყლის ნაყვა ჩვენი სპორტია! ალბათ, ერთადერთი საქმეა, რომელიც არ გვწყინდება. საქმე ის არის, რომ იგივე ხალხი, დაახლოებით 12 წლის წინ, იმავე სტუდიაში იჯდა და იმავე პრობლემებზე საუბრობდა. არაფერი შეცვლილა, საერთოდ. ამას ხომ ნერვები სჭირდება? 12 წელი ერთი და იგივე ილაპარაკო შეწუხებულმა?!

ისმის ლოგიკური კითხვა – თუ 12 წლის განმავლობაში ამ საუბრებს არაფერი მოჰყოლია, მაშ რა აზრი აქვს ამ შეკრებებს და ბჭობას? გულს ვიოხებთ? მაყურებელთან ერთად? კოლექტიურ გულის მოოხებას აქვს ადგილი?

მერე სიტყვა ჩამოვარდა, თუ ფეხბურთელებს ვერ ვზრდით, მოდი ბრაზილიელები ჩამოვიყვანოთ და ვათამაშოთო, კინაღამ გულმა მგლიჯა, რადგან წლების წინ, ეს საკითხიც უკვე განიხილეს და აღმოჩნდა, რომ საერთოდ აღარ ახსოვთ არაფერი, ალბათ ამიტომ იმეორებენ ერთსა და იმავეს, უბრალოდ ავიწყდებათ, რაზეც ასეთ წუხილს გამოთქვამენ.

მაშინ, რუსთავში თამაშობდა ერთი ასეთი ფეხბურთელი – აკინო. კარგი ფეხბურთელი იყო, ბევრი გოლი გაჰქონდა, ნაკრებს ფორვარდის პოზიციაზე უჭირდა და ამ სტუდიაში გაისმა, იქნებ დავიმატოთო, მერე კობა ჟორჟიკაშვილმა თქვა, საერთოდ არ მგონია, რომ გელაშვილზე კარგი ფეხბურთელი იყოს, ნიკოლოზთან შედარებით ბევრი პენალტი აქვს გატანილი, თორემ თამაშიდან ბევრი ვერ გააქვსო, ამ დავა-კამათში გაირკვა, რომ ფეხბურთელისთვის მოქალაქეობის მინიჭება ერთობ რთული ამბავია, მაგრამ გავიდა 12! წელი და იგივე ხალხი, იმავე საკითხზე ბჭობდა.

ოღონდ, დე ჟა ვუ არ არის, მართლა ბჭობდა.

გზავნილები კი მაშინდელივით იდენტურია:

გეგმა არა გვაქვს…

ბავშვთა ფეხბურთს სანამ არ მივხედავთ…

ბავშვთა მწვრთნელების პრობლემა გვაქვს…

ვინც გინდათ, ის ჩამოიყვანეთ…

აი, ასე, ანალოგიური ტექსტები. ზუსტად ამიტომ ტანჯვა-წამებად მექცა სპორტული გადაცემების ყურება. საზეპიროდ რომ მქონდეს ჩასაბარებელი, ალბათ კიდევ შევხედავდი, მაგრამ როცა რაღაცაში გამორკვევას ცდილობ და ამ დროს ამ სიგიჟეს გახვედრებენ, მერე არაფერი აღარ გინდა.

სპორტული ჟურნალისტიკა

რამდენიმე თვის წინ ამ სფეროში შემოვდგი ფეხი და ზუსტად იმ პასუხების ძიება დავიწყეთ, რომელიც ამდენი წელია უცვლელია. საწყის ეტაპზე მსურდა გავცნობოდი წინამორბედ კვლევებს, რათა გავრკვეულიყავი სად ვიმყოფებოდით, რა კითხვებს გავეცით პასუხი და რა ვერ დავძლიეთ, მაგრამ, ქართულ ფეხბურთში არანაირი კვლევა არ დამხვედრია, იყო სრული სიცარიელე. რაც უფრო მძიმე მდგომარეობაშია კონკრეტული სფერო, მით უფრო მეტია საკვლევი თემა, მაგრამ ჩვენთან ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ ეს მათი საქმე არ არის. თუ რატომ ჰგონიათ ასე, ამას ცოტა მოგვიანებით შევეხები.

მხოლოდ ერთ ფილმს მივაკვლიეთ, როცა მასობრივ ტრავმიანობასა და სათანადოდ მოუმზადებლობაზე ვწერდით, დოკუმენტური ფილმი იყო და ნამდვილად არ იყო ცუდი, მაგრამ მთავარ კითხვებზე პასუხს არ იძლევა, მხოლოდ სარეაბილიტაციო ეტაპი გვაჩვენა, რაც უფრო ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ასახავს. მოკლედ, ცუდი არ იყო, მაგრამ მთავარი კითხვები არც კი დასმულა, არათუ პასუხი გაეცა.

კვლევები დავიწყეთ ფიზიკური მოუმზადებლობით, რომელიც იწვევს ტრავმებს, გამოყენებულ იქნა სტატისტიკური ანალიზი, სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევითი ანალიზი, ინტერვიუები კომპეტენტურ ხალხთან, უფრო სწორად, მხოლოდ ერთ მათგანთან (მერაბ ვარძუკაშვილთან). მოხდა ანალიზი, გამოტანილ იქნა დასკვნა და გავეცით რეკომენდაცია. ანუ, რამდენიმე კვირაში გავაკეთეთ ის, რაც 20 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ეს პრობლემა ხომ გუშინ არ დაწყებულა, წლებია დღის წესრიგში დგას, ალბათ, შეგვიძლია ათვლა იქიდან დავიწყოთ, როცა ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე გამოჩნდნენ, თუმცა, რეალურად, ეს პრობლემა უფრო ადრე იღებს სათავეს.

და რა მოხდა ამის მერე? ფეხბურთის ფედერაცია ზუსტად მიჰყვა რეკომენდაციას, მემორანდუმი გააფორმეს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტთან, ეს, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯია, ამას უნდა მოჰყვეს ფიზიკური აღზრდის განათლების ზრდა (რაც ჩვენთან ერთად მერაბ ვარძუკაშვილმაც პრიორიტეტად მიიჩნია) და პროფესიონალი ფიზიკური აღზრდის მწვრთნელების ინტეგრირება ქართულ ფეხბურთში. იმედია, ასეც მოხდება. ასევე, ქვეყანაში იწყება სამი სპორტული სამედიცინო ლაბორატორიის მშენებლობა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვითხრა მინისტრმა. ანუ, ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა. თავს ვერ დავდებ, რომ მაინცდამაინც ჩვენი სტატიების ციკლი წაიკითხეს და ამის გამო გადადგეს ასეთი ნაბიჯი, როგორც უნდა იყოს, სასიამოვნო პრეცედენტია, რადგან, თუ თვითონ მივიდნენ ამ ნაბიჯამდე, გამოდის, რომ თავად გაუკეთებიათ ანალიზი, დასკვნაც გამოუტანიათ და საქმის კეთებაც დაუწყიათ.

აქვე მიჩნდება ერთი უხერხული კითხვა – 10-15 წლის წინ რომ ვინმეს ასე დასაბუთებული ანალიზი გაეკეთებინა და რეკომენდაცია გაეცა, იქნებ მაშინ დაეწყოთ ამის კეთება? რამდენ დროს დავზოგავდით?

შემდეგი ანალიტიკური სტატია მიეძღვნა მენტალობის თემას, სადაც, ასევე დასკვნის სახით, იყო გამოტანილი ის, რისი მოსმენაც და წაკითხვაც არავის არ მოსწონს. ფეხბურთელი ჩვენი სოციუმის ნაწილია და სუსტი მენტალობა არა ფეხბურთელს, არამედ ამ სოციუმს ახასიათებს, ამიტომ, შეძახილი, – „აუ, მე შემიშვით და დავგლიჯავ ყველაფერს“ და „უსისხლო“, „უჯიგრო“ და ა.შ., რეალობიდან მოწყვეტილი კაცის ამოძახილია, მით უფრო მტკივნეულია ამის მოსმენა, როცა სპორტული ჟურნალისტი იყენებს ამ ტერმინოლოგიას. დასკვნის სახით დაიწერა, რომ მენტალურ პრობლემას ფეხბურთში ვერ მოევლება, ფეხბურთი უბრალოდ ამ დიდი პრობლემის შემადგენელი ნაწილია და სანამ ზოგადად არ შეიცვლება სურათი, მანამდე ვერც ფეხბურთის საქმე იქნება უკეთესად. მალევე, იგივე გაიმეორა ერთ-ერთმა ქართველმა მწვრთნელმა და არც მისი სიტყვები მოიწონეს, რადგან ამ სიტყვის მერე ყველამ თავის თავს უნდა მოკითხოს, ეს კი ბევრს არც უყვარს და არც სიამოვნებს, ურჩევნია, რომ მარტივად გაიშვიროს ხელი და ვინმეს რაღაც დააბრალოს.

როგორ უნდა მოევლოს ზოგადად ამ ყველაფერს? ხელისუფალმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, უფრო სწორად, სათავეში რომ მოვიდა მაშინ უნდა განესაზღვრა, თქვენ წარმოიდგინეთ, დალაგებულ ქვეყნებში ასე ხდება. პრიორიტეტული სფეროების რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამხელა თანხა გაქვს ბიუჯეტში, რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტ სფეროზე შეგიძლია გადანაწილება. დავუშვათ, სამი უმთავრესი სფერო, ჩემი გადმოსახედიდან ასეთია – თავდაცვა, განათლება და ეკონომიკა (შესაძლოა ვინმეს სხვა აზრიც ჰქონდეს). ალბათ ჯერ რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ამ სფეროებში მუშაობით და წინსვლით, ფეხბურთშიც მივიღებთ უკეთეს შედეგს. არ შეიძლება დღევანდელ მოცემულობაში სპორტი იყოს პრიორიტეტული, რადგან სპორტული წარმატება ყოველთვის რაღაცის შედეგია და არა საფუძველი (ეს უკვე რეკომენდაციაა არა ფედერაციასთან, არამედ, ხელისუფლებასთან, იქნებ მათაც მოგვისმინონ).

მესამე კვლევა შეეხო სტანდარტული მდგომარეობების ძალიან სახალისო და სასეირო სტატისტიკურ ანალიზს, რომელიც, სხვათა შორის, გრძელდება, სტანდარტულებიდან ოფიციალურ მატჩებში გოლი ვერ გაგვაქვს, ერთი შეხედვით პატარა პრობლემაა, მაგრამ დიდ პრობლემებზე მიანიშნებს, მაგალითად იმაზე, რომ ამ კუთხით საერთოდ არ ვარჯიშობს ჩვენი ნაკრები, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა თავით თამაში არ იციან, გურამ კაშია ალბათ გამონაკლისია და მასზეც ვერ ვიტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე, სიმაღლე და თავით კარგად თამაში რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა, ამაზე ჯერ კიდევ იოჰან კრუიფი საუბრობდა და მაგალითად უგო სანჩესი და ბაკერო მოჰყავდა, ტანდაბალი ფეხბურთელები, რომელთაც ყველანაირი გოლი აქვთ თავით შეგდებული.

ჩვენ კი გვყავს მაღალი ფეხბურთელები, მაგრამ თავით კარგად მოთამაშე? არა მგონია.

მეოთხე კვლევა ეხებოდა კონკრეტულ ტრავმას და ამ საინტერესო კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის რაც ანომალია გვეგონა, თურმე, ნორმა ყოფილა, თუმცა, სანამ კვლევას დავიწყებდით, ძალიან დიდ პრობლემას წავაწყდით. ჩვენი საკვლევი თემა უნდა ყოფილიყო მუხლის მყესის ტრავმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში, მას მერე, რაც ქართული სპორტული ჟურნალისტიკა არსებობს, როგორც ბეჭდურ პრესაში, ისე ტელემედიაში ორი ტრავმა ერთმანეთში აურიეს – მუხლის მყესისა და ჯვარედინი იოგების. როცა ვიფიქრე, რომ ამ სტატიებით საბაზისო ცოდნა შევქმენით, რითაც სხვა ჟურნალისტებიც ისარგებლებდნენ, მალევე დაიწერა იმავე თემაზე და იგივე მავნებლობა ვიხილეთ – „ჯვარედინი მყესი“. ამიტომ, მოდი ასე ხაზგასმით შევთანხმდეთ, ჯვარედინი მყესი არ არსებობს. არსებობს ჯვარედინი იოგებისა და მუხლის მყესის დაზიანება. ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული პროფილის ტრავმა, სხვადასხვა რისკის მაჩვენებლით, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზით და სხვადასხვა სარეაბილიტაციო ვადით.

 ზემოთ ნახსენებ მიზეზთა გამო, შეუძლებელი გახდა იმის გაგება, ჩვენი ფეხბურთელებიდან, ვის ჰქონდა ერთი დაზიანება და ვის მეორე. ძალიან უხერხულად მივიჩნიე სათითაოდ ჩამორეკვა და კითხვა – შენ რომელი ტრავმა მიიღე? ამიტომ, ორივე ცალკეულად განვიხილეთ. მაგალითად, ანომალია მეგონა ის, რომ რატი წინამძღვრიშვილმა სამჯერ მიიღო ჯვარედინი იოგების ტრავმა, ასევე, მიღებული აქვს მუხლის მყესის ტრავმაც, მოგეხსენებათ, რა მძიმე დაზიანებაა ორივე და რა სირთულეებთან არის რეაბილიტაცია დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ ასე ხდება და აი, რატომ – უეფას კვლევების მიხედვით, ჯვარედინი იოგების ტრავმის რისკი არის 4%, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ბევრია, მაგრამ, თუ ფეხბურთელი ამ ტრავმას ერთხელ მიიღებს, იწყება ისეთი ბიოლოგიური ცვლილება, რომ ტრავმის რისკი 18%-მდე იზრდება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ ტრავმის რისკი იზრდება არა მხოლოდ დაზიანებულ მუხლზე, არამედ, მეორე ფეხის მუხლზეც, ზუსტად ეს პრობლემა ჰქონდათ ქართველ ფეხბურთელებს, შორიდან რომ შეხედავ, მართლა წყევლა გეგონება, მაგრამ, საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ლოგიკურია. თუმცა, ამის ანალიზისთვის წინა გაუგებარ წლებში, რა თქმა უნდა, არავის ეცალა და, პრინციპში, არც ახლა სცალიათ.

არ არსებობს ცალკეული ქვეყნების შედარებითი ანალიზი, მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან გაცილებით ხშირია ეს ტრავმა, ვიდრე, მაგალითად, დასავლეთში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიზეზად ასახელებენ ხელოვნურ საფარს, რაც რაღაც მხრივ მართალია, რაღაც მხრივ – არა. საქმე ისაა, რომ იმავე უეფას კვლევებით, რომელიც მერაბ ვარძუკაშვილმა გაგვაცნო, ხელოვნური საფარი ტრავმის რისკს არ ზრდის, ასე რომ იყოს, აიკრძალებოდა. ტრავმის რისკს ზრდის საფარის ხშირი ცვლილება, ხელოვნურიდან ბუნებრივზე და პირიქით. ამიტომ, დავუშვათ, რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატი რომ მთლიანად ხელოვნურ საფარზე ჩაატარო, პრობლემა არ იქნება (საფარის ხარისხსაც გააჩნია, რა თქმა უნდა).

გვჩვევია ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაშვება, ბოლო დროს რამდენადაც ვაკვირდები, ხელოვნური საფარის დემონიზება მიდის, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი რანგის კლუბების ბაზაზე გვხვდება მსგავსი მოედნები. ამ პანიკის თავიც უცოდინრობაა.

აჭარასპორტმა მოამზადა სიუჟეტი ინფრასტრუქტურაზე, ჩაწერა ადგილობრივი მოსახლეობა და ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა ადამიანს, რომ ბოლო წლებში ყველაფერი თავზე ჩამოგვემხო, არადა, ახლა ბევრად უკეთესი სურათია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ვიდრე აქამდე იყო, მაშინ რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ აქამდე არასდროს სრული სურათი არ უჩვენებიათ, პირიქით, სადმე ერთ სტადიონს თუ გააკეთებდნენ, გადამღები ჯგუფი მიდიოდა, იღებდა, როგორ აკურთხებდა მღვდელი მოედანს და შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თურმე რაღაც გაკეთდა. ახლა კი სრული სურათი ვიხილეთ, – რაღაცები გაკეთდა, მაგრამ, მაინც ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ წინა წლებში, სამი წამყვანი არხი, რომელიც ყველაზე მაღალი რეიტინგით გამოირჩეოდა და ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, ხელისუფლების ჯიბეში იდო, ამიტომ, მათ მომზადებულ სპორტულ (და არა მხოლოდ) გადაცემებში კრიტიკული სიუჟეტების მომზადების საშუალებას არავინ მისცემდათ. ახლაც, ყველა წამყვანი არხი, სადაც სპორტული გადაცემა მზადდება, ხელისუფლებასთან არის კავშირში და არ ისმის კრიტიკა იმ დოზით, რა დოზითაც უნდა ისმოდეს. ამჯერად, არსებობს ქვეყანაში რეიტინგული ოპოზიციური არხები, მაგრამ სპორტულ გადაცემებს არ ამზადებენ. თუ არ ჩავთვლით ნანუკა ჟორჟოლიანის გასართობ გადაცემას, სადაც დავით ერაძეც იტყვის ხოლმე რაღაცას.

წინა წლებში, კრიტიკა ძირითადად ისმოდა ბეჭდური პრესიდან, ხოლო ყველაზე კვალიფიციური მწერლები ჟურნალ „ათიანში“ იყვნენ თავმოყრილნი, რომელიც არასდროს ყოფილა მასპროდუქტი, კარგი იქნებოდა, მაგრამ ვერ გამოვიდოდა, რადგან, ჟურნალი ძვირი ღირდა. სად არის დღეს ჟურნალი „ათიანი“? არ არის, აღარ გამოდის. კრიტიკა ისმის? არ ისმის. იქნებ ისე კარგად გვაქვს საქმე, რომ გასაკრიტიკებელიც არაფერია? არა, არ გვაქვს საქმე კარგად. მოკითხვა მთავარ რედაქტორს! იმედი გვაქვს, დაბრუნდება, იმავე მწარე და საჭირო სიტყვით.

არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს პროფესიონალი კაცი ვინმეს ერიდება, პირადი სიმპათიების გამო.

კარგია, რომ ინტერნეტპლატფორმა გაჩნდა, არა მხოლოდ აჭარასპორტი, სხვაგანაც შეიძლება ხარისხიანი და აზრიანი სტატიის წაკითხვა. იშვიათად, მაგრამ მაინც.

წრეზე

„სანამ ბავშვთა ფეხბურთს არ მივხედავთ…“ – თავმოყვარე ადამიანს ძალიან უნდა ერიდებოდეს ამ წინადადების თქმა, არა იმიტომ, რომ ბავშვთა ფეხბურთი პრობლემური არ არის, არამედ იმიტომ, რომ, როცა 15-20 წლის წინ ეს დასკვნა გამოიტანა, მერე უნდა გადაედგა შემდეგი ნაბიჯი და მაყურებლისთვის, მკითხველისთვის, გულშემატკივრისთვის ეთქვა, – კონკრეტულად რა პრობლემა, ან პრობლემებია ბავშვთა ფეხბურთში.

შემდეგი ნაბიჯი – რამ, ან ვინ გამოიწვია ეს პრობლემები?

ვინ არის პასუხისმგებელი?

რა მექანიზმით, ან პროექტით შეიძლება, რომ პრობლემას მოვერიოთ?

ვინ უნდა ითავოს ცალკეული პრობლემის მოგვარების საქმე?

გვაქვს თუ არა შესაბამისი ფინანსები? თუ არა, ვინ უნდა გამოყოს და რატომ?

რა ხანგრძლივობაზე შეიძლება, რომ გაიწეროს?

დღეს უკვე უნდა ვიცოდეთ ამ კითხვებზე პასუხი, 15 წელი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პასუხები მიგვეღო, ზუსტად და დეტალურად, მაგრამ ისევ იქ ვართ, შეიძლება ოცი ან მეტი წლის წინანდელ ამბავში. აქაც უნდა გაიყოს ტელემედია და ბეჭდური პრესა, რადგან სტატიები სხვადასხვა პლატფორმაზე გვინახავს, სადაც დეტალური განხილვა მიდის და არა ზედაპირული სიტყვების რახა-რუხი, – რაც ტელევიზიებში გვესმის ხოლმე.

გამოდის, რომ ილია ნანობაშვილს, ილია ბაბუნაშვილს, დიმა შარიქიძეს და კიდევ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს აწუხებთ ეს ამბავი და ეს წუხილი ალაპარაკებთ და აკეთებინებთ საქმეს. მეც რომ მაწუხებდა, ამიტომ შემოვაბიჯე ამ სფეროში, თორემ, რომ არ მაწუხებდეს, დავწერდი ისევ საპარლამენტო ომებზე.

ტელემედიაში, როგორც ჩანს, არ აწუხებთ. სხვაგვარად ვერ ამიხსნია. როგორ შეიძლება რაღაც ამბავმა შეგაწუხოს, არ მოგასვენოს, თქვა, რომ ეს პრობლემაა და ათეული წლის განმავლობაში იგივე იმეორო დალაგებული სახით, – არ მინდა ამის თქმა, ძალიან არ მინდა და თითებს ძლივს ვიმორჩილებ, რომ დავწერო, მაგრამ… გამოდის, რომ არ აწუხებთ და ფეხზე კიდიათ.

შეუძლია თუ არა ბავშვთა მწვრთნელს, ბავშვები მოამზადოს ოთხი მიმართულებით – ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგიური მომზადება. ასაკის გათვალისწინებით ვარჯიშებიც იცვლება, ადრეული ასაკი მთლიანად ტექნიკას ეთმობა, ასევე, კუნთისა და სახსრის მოქნილობასა და კოორდინაციას. სხვადასხვა ტაქტიკურ დავალებას ნელ-ნელა უნდა ითვისებდნენ, მერე მოდის ფიზიკური მომზადების დრო, როცა ფეხბურთელის ორგანიზმი ამისათვის მზად იქნება. ფსიქოლოგიური მუშაობა კი ტექნიკურ მომზადებსთან ერთად უნდა იწყებოდეს, მსუბუქი თერაპიის საშუალებით.

გვყავს ჩვენ მწვრთნელები, რომლებიც ოთხივე მიმართულებით მაღალ დონეზე შეასრულებენ საქმეს? ოთხი კი არა, ერთი მიმართულებით მაინც რომ სწორად მუშაობდნენ, ესეც გაგვახარებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქვეყნებში, სადაც კარგ ფეხბურთელებს ზრდიან, ეს მიმართულებები გადანაწილებულია, არ შეიძლება, ფიზიკური, ტექნიკური და ფსიქოლოგიური მიმართულებით ბავშვს ერთი მწვრთნელი ამზადებდეს. თავის მოტყუებაა, მეტი არაფერი. გამოდის, რომ ისევ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, ტრადიციულად ურჩევნიათ, რომ ზედაპირული ლანძღვით შემოიფარგლონ – „ბავშვთა მწვრთნელებში საშინელი გაუნათლებლობაა!“, არავინ ამბობს იმას, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და რეალურად, ამ ხალხს სთხოვენ იმას, რისი გაკეთებაც მაღალი ხარისხით არავის შეუძლია. ალბათ, არც მწვრთნელებს აქვთ გააზრებული, რომ რაღაც შეუძლებელ საქმეს არიან შეჭიდებული, ამით კი ძალიან დიდი ზიანი მოაქვთ.

აი, აქ მივედით იმ პასუხამდე, რატომ არაფერს აკეთებდა ჭორაობის გარდა მედიაჟურნალისტებისა და ბეჭდური პრესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი?! თან ამდენი წელი. იმიტომ, რომ არავის უსწავლებია, როგორ უნდა ემუშავათ, აქაც მოწყვეტილი ვიყავით დასავლურ კულტურას და აქვე კიდევ ერთი საკვლევი თემა გამახსენდა, რომელიც ასევე დასკვნამდე მივიყვანეთ, სპორტული აგენტების ამბავი, ჩვენ ამ ამბავში თანამედროვე ფეხბურთს 20 წლით ჩამოვრჩით და, როგორც ჩანს, იგივე მოხდა ჟურნალისტიკაშიც. ჩვენებს ჰგონიათ, რომ კვლევა მათი ჩასატარებელი არ არის. უბრალოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით, უნდა მოიწვიონ სტუმარი და დაიწყონ იმაზე საუბარი, რაც არსად არ მიდის. ანუ, მიმართულება არ აქვს.

მართლაც, აბა, ვის უნდა მოემზადებინა საბჭოთა კავშირში კრიტიკული გადაცემა? მაგალითად, ორი-სამი კაცი რომ დამჯდარიყო და ეთქვა – დინამოს გამარჯვების აღნიშვნა რომ არ გვანახვეს და ტრანსლაცია გამოგვირთეს, ნამდვილი ღორობა იყოო.

ბუნებრივია, ვერ მოხდებოდა ასე, ამიტომ, ტელეგადაცემის მომზადების კულტურაც მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებისა და უსარგებლო დიალოგის დონეზე განვითარდა. ამიტომ გრძნობენ ასე კომფორტულად თავს სახელისუფლებო არხებზე, ვშიშობ, უკვე ძალიან გვიანია, რომ განსხვავებული მეთოდოლოგიით მუშაობა დაიწყონ. რაც ყველაზე ცუდია, მათ ყურებაში გაიზარდნენ ახალი თაობები, რომლებიც იმავე გზას მიჰყვებიან.

ქართული სპორტული გადაცემების უმრავლესობას მიმართულება არ გააჩნია. რა არის მიმართულება? სატელევიზიო სეზონის დასაწყისში უნდა განისაზღვროს პრიორიტეტული პრობლემები, იმდენი, რამდენის კვლევის საშუალებაც აქვს კონკრეტულ გუნდს, (რაოდენობაზეა საუბარი), მაგალითად, სამი საკვლევი თემა. სეზონის ბოლოს, უკვე უნდა ვიცოდეთ არგუმენტირებული პასუხები, უნდა გვქონდეს დასკვნები და თუ თავს უფლებას მისცემენ, უნდა იყოს გაცემული რეკომენდაცია – რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

გინახავთ რამე მსგავსი? მე არა.

სამაგიეროდ, ხშირია სენტიმენტალური ამბების გახსენება, რომელიც არა ანალიზს, არამედ ტკბობას ისახავს მიზნად.

ყანწი მიაწოდეთ!

„კანჭიანიზმი“

უჯიგროდ, უსისხლოდ, უგულოდ, ალბათ რაღაც გამომრჩა კიდე, მაგრამ… უი, ხო, დროშა! ჰიმნი! – მოგვაძახა კომენტატორმა მატჩის მიწურულს. ანუ, თუ ჰიმნს კარგად მღერი, ტაქტიკურ დავალებასაც უკეთ შეასრულებ. გასაგებია.

ქომაგს აქვს მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენების უფლება, ესეც ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ გულშემატკივარს ყველაფრის უფლება აქვს, (სკამების მტვრევის, მსაჯებზე თოვლის გუნდების ან კილბეინისთვის დანის სროლის გარდა). სასოწარკვეთის უფლება აქვს, შეუძლია იძახოს, რომ სტადიონზე კარტოფილის დათესვა ჯობია, ეიფორიის უფლება აქვს, შეუძლია თქვას, რომ თუ კოსოვოს მოვუგეთ, ესე იგი, შვედეთსაც გადავახევთ ბურთს თავზე, მაგრამ… ჟურნალისტი, რომელიც ანალიზს უნდა აკეთებდეს, ჯიგარსა და სისხლზე არ უნდა გველაპარაკებოდეს, რა დავარქვათ ამას… „კანჭის ფილოსოფია!“

რა იმალება ამ ტერმინოლოგიის მიღმა.

„უგულოდ ითამაშეს“, – როცა ქომაგს არ მოსწონს, როგორ იცავს გუნდი თავს, როგორ გადაადგილდება მოედანზე, ვერ ახერხებს პრესინგის თამაშს, ვერ ქმნის რიცხობრივ უპირატესობას. რეალურად, ეს ტაქტიკური პრობლემაა და უკანასკნელმა შეხვედრამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. უიშვიათესი შემთხვევა იყო, რომ კონკრეტულ ტაქტიკას შეუსაბამეს ის ფეხბურთელები, რომელთაც კონკრეტული დავალების შესრულება შეეძლოთ. შესაბამისად, იყო პრესინგიც, სწრაფი გადაადგილებაც და მომენტებში რიცხობრივი უპირატესობის შექმნაც მოედნის გარკვეულ მონაკვეთზე.

ანუ, რა გამოდის? ოთხი დღის წინ ეროვნული სულისკვეთებისგან დაცლილი ლაწირაკები იყვნენ, რომელთაც ნაკრები ფეხზე ეკიდათ და ოთხი დღის მერე მათში სასწაულებრივი ფერისცვალება მოხდა? თუ, უბრალოდ, ერთ თამაშში ცუდი გეგმით გავედით, არაორგანიზებულად, ხოლო მეორეში, ორგანიზებული გუნდი ვიხილეთ?

რა არის უჯიგროდ თამაში? – შეხედავ ფეხბურთელს და გეჩვენება, რომ თამაში არ უნდა. ასეთი რამ ბევრჯერ გვინახავს, რა ჰქვია იმას, როცა ფეხბურთელს არ უნდა იმის გაკეთება, რაც ევალება, რომ გააკეთოს? განწყობის არქონა. უმნიშვნელოვანესია განწყობის შექმნა, მაგალითად, კოსოვოსთან გამოჩნდა, რომ განწყობის პრობლემა გუნდს არ ჰქონია, განწყობის საფუძველი კი ფსიქოლოგიური მომზადებაა. ამ თემაზე ასეულობით სამეცნიერო ნაშრომი არსებობს ფსიქოლოგიის დარგში და, მათ შორის, ქართველ ფსიქოლოგებსაც შეუძლიათ განწყობის თეორიაზე საუბარი, რასაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავუთმობთ დროს.

ისევ გადავახვიოთ 12 წლით, ისევ იმავე სტუდიაში. გიორგი დევდარიანი საუბრობდა ფსიქოლოგების ინტეგრირების აუცილებლობაზე. მავანმა უთხრა, ფსიქოლოგი თუ გახდა საჭირო, აბა, შენ მანდ რას მიკეთებო? აი, ამ დონეზე გაიყინა ჩვენი ფეხბურთი. არ მეგულება არსად ქვეყანა, რომელიც ჩვენზე სტრესულ გარემოში ცხოვრობს, თუ სადმე არსებობს ასეთი ქვეყანა, საფეხბურთო მოედანზე ნამდვილად არ შეგვხვედრია, ამას ემატება წმინდა სპორტული სტრესი და ამ დროს ხალხის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ეს პრობლემა არ არის. არადა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვრწმუნდებით, რომ დიდი პრობლემაა.

გიორგი დევდარიანმა მცირე ხნის წინაც აღნიშნა, იმით იმედგაცრუებულმა, რომ ამ პრობლემას არ ეშველა, – მქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვერ შეთანხმდითო, არავის უკითხავს, თავად რა გეგმა ჰქონდა, როგორ და რა ფორმით წარმოუდგენია ფსიქოლოგების ინტეგრირება, რა დონეზე, რა სიხშირით, რაც მთავარია, არავის უკითხავს, რის საფუძველზე უთხრეს უარი, და არავის გაუკეთებია გადაცემა ორი მხარის მონაწილეობით, თუნდაც დებატების პრინციპით, ორივე მხარეს ეყოფოდა კულტურა, რომ აზრიანი საუბარი მოგვესმინა და არა პოლიტიკური დებატების მსგავსი აყალმაყალი. მოვისმენდით მათ არგუმენტებს და თითოეულ ჩვენგანს ექნებოდა განსჯის საშუალება, სწორია თუ არა, საჭიროა თუ არა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ტელეგადაცემებში მხოლოდ ჭორაობის დროა.

უჯიგროდ თამაშის მიღმა ასევე იმალება ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები ხშირად აგებენ ინდივიდუალურ ბრძოლებს, სხვათა შორის, ეს პრობლემა ასაკობრივ ნაკრებებშიც ჩანს. არის ნაკლოვანებები, რომელიც მოგვიანებით იჩენს თავს, მაგრამ ათლეტურობის პრობლემა ადრეული ასაკიდანვე ნათელია.

მაგალითად, 19-წლამდელებში, უკვე შეიმჩნევა, როცა სკანდინავიურ ნაკრებებს ვეთამაშებით, გარდა ამისა, კარგად გამოჩნდა გრანდებთან (ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია), რაც გასაკვირი არ არის, გამოჩნდა სერბეთთან, რომელთა მსგავსი სისტემის რეკომენდაცია გავეცით და ზემოთ დავწერე კიდეც, რომ ამ რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგა. როცა მოედნის 10 ფეხბურთელი (მეკარის გარდა) მეტოქის ათივე ფეხბურთელს ჩამორჩება ათლეტურობის თვალსაზრისით, ფაქტობრივად გარანტირებული გაქვს, რომ ინდივიდუალურ ბრძოლებს დიდი რაოდენობით დათმობ.

და რას გვეუბნება სპორტული ჟურნალისტი, რომელიც ამ პრობლემებს ღიად ხედავს? თურმე პრობლემა არის არა ტაქტიკური განათლება (რაც ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად უნდა იცვლებოდეს, ესე იგი, სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე), არა ფსიქოლოგია, არა ინდივიდუალური ფიზიკური მომზადება, რომელთა გამოსწორებაც ჩვენს საქმიანობასა და ჩვენს კეთილსინდისიერ მუშაობაზეა დამოკიდებული, არამედ პრობლემა არის ჯიგარი! სისხლი! და კაი ხმა სამღერად!

მენტალობა

ზევით ვახსენე და აქვე გავშალოთ, უამრავი ადამიანი წამოისვრის ამ სიტყვას უკვე ამდენი წელია და აღმოჩნდა, რომ სულ სხვადასხვა რამეს გულისხმობენ. ხასიათი, გენეტიკა, სიზარმაცე, ფსიქოლოგია, იგივე განწყობა, შესაძლოა, ყველაფერს ერთად გულისხმობდნენ და მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე, რადგან თითოეულ ამ საკითხს დეტალური მუშაობა სჭირდება, ჩვენთან კი ერთი წამოყვირებით უნდათ საქმის მოგვარება. არ გამოვა ასე.

აქვე მივადექით ძალიან პრობლემატურ თემას – ქართველი ზარმაცია! ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი!

სანამ თაობები იზრდებიან ამ მავნებლობაზე, მანამდე, აგერ, ერთი წლის წინ, ფსიქოლოგიის დოქტორმა, დევონ პრაისმა, დაწერა წიგნი – Laziness doesn’t exist (სიზარმაცე არ არსებობს). ის რაც ჩვენთან უამრავ ადამიანს გენეტიკის ნაწილი ჰგონია, თურმე, საერთოდ არ არსებობს, სიზარმაცეს დაარქვეს კონცენტრაციის ნაკლებობა და სწორი მუშაობით მკურნალობენ, სხვათა შორის, მარტივად და ეფექტიანად. სულ ახალი კვლევაა, წიგნი 2021 წლის 5 იანვარს არის გამოცემული, უკვე მოხვდა New York Times-ის ბესტსელერთა სიაში და უმაღლესი შეფასება დაუწერა Financial Times-მა, ერთი სიტყვით, უბრალო ნამუშევარი არ გახლავთ.

შესაძლოა, ვიღაცამ თქვას კიდეც, ეს უახლესი კვლევა ასე სწრაფად როგორ უნდა მოსულიყო ჩვენამდეო, მაგრამ აქვეა მეორე ნაშრომიც, რომელიც 2004 წელს გამოიცა, – The Myth of Laziness (მითი სიზარმაცეზე). ავტორი მელ ლევინი, მედიცინის დოქტორი.

„როცა ჩვენ ვინმეს ზარმაცს ვუწოდებთ, ეს მის დემორალიზებას იწვევს. ბავშვები, რომლებსაც ზარმაცებს უწოდებენ, დაქვეითებული აქტივობით გამოირჩევიან და, როგორც წესი, ნეიროგანვითარების დისფუნქციით იტანჯებიან, რომელიც დარჩება პრობლემატური ზრდასრულ ასაკშიც, თუ უყურადღებოდ დარჩა“, – ვკითხულობთ წიგნში.

ამასობაში რა ხდება ჩვენთან? თუ მოზარდს სხვადასხვა მიზეზთა გამო კონცენტრაციის ნაკლებობა აქვს და ვერ ახერხებს მობილიზებას, რასაც უამრავი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, ეუბნებიან, რომ ზარმაცია! ეგეთია რა, არ ეშველება, გენეტიკურად ბეცია! და ეს მავნებლობა გრძელდება იქამდე, სანამ მართლა არ დააჯერებენ ამ საწყალს, რომ ზარმაცია. დოქტორს აქვს აღწერილი და განხილული ეს შემთხვევაც, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი მოზარდზე, მის დამოკიდებულებაზე საქმის მიმართ, ალბათ მარტივად ხვდებით, რომ დემორალიზებას იწვევს.

უფრო ადრინდელი კვლევები მიუძღვნიათ სიზარმაცისთვის საბჭოთა კავშირში,  განხილულია შემთხვევები, როგორი უმოქმედო გახადა სისტემამ ადამიანი, როგორ აძლევდა ხელს ეს ყველაფერი მმართველ ძალას, რომელიც ნელ-ნელა თავად გახდა უმოქმედო.

უფრო უკან წავიდეთ, ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძე – ქართველი თავადის სახე. რომელი თავადის? რომლის მიწაც ანექსირებული ან ოკუპირებული იყო, რომელსაც განცდა არ ჰქონია, რომ მის მიწაზე იყო საუბარი, ამ დროს პროტესტის ორი ფორმა ჩამოყალიბდა, კანონს მიღმა ყოფნა (აბრაგების, ფირალებისა და ყაჩაღების სახით) და არაფრის კეთება.

დაახლოებით ისევე იმოქმედა, როგორც საბჭოთა კავშირმა. იმპერიის შექმნამდე ჩვენ უკვე ვიყავით რუსების მმართველობის მსხვერპლი, და არა მხოლოდ მათი, ქართველი საუკუნეების განმავლობაში ყოფილა დაპყრობილი და განცდა იმისა, რომ რაღაც მისია და მისი მოსავლელია, ცოტა არ იყოს, დაუჩლუნგდა.

ამ მავნებლობაზე შევჩერდეთ, თუმცა, კიდევ ბევრი რამ ხდება ისე, როგორც არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ, მიამიტური კითხვის დასმა – რატომ დადის ქვეყანა წრეზე? – გულუბრყვილობა მგონია, რადგან ხელის გულზე დევს ყველა პრობლემა და არაფერს ვაკეთებთ მის მოსაგვარებლად, ამიტომ, ვიღებთ განუწყვეტლივ იდენტურ შედეგს.

სტატიის მიზანი ვინმეზე აუგის თქმა არ არის, ეს კრიტიკაა, ჯანსაღი კრიტიკა, არგუმენტირებული, კონკრეტული მაგალითებით და ბედნიერი ვიქნები, თუ ერთი ადამიანი მაინც გულთან ახლოს მიიტანს და ჭორაობის ნაცვლად, რეალური საქმის კეთებაზე გადავალთ.

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე