იშვიათი ტრავმა, რომელსაც ქართველები ხშირად იღებენ

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, ურალთან მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, მას 2-დან 3 კვირამდე უქმობა მოუწევს. 

ხშირი ტრავმიანობის თაობაზე, საქართველოს ნაკრებისა და თბილისის დინამოს ყოფილ ექიმს, მერაბ ვარძუკაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც მის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზს შეეხო. როგორც ვარძუკაშვილმა გვითხრა, UEFA-ს კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ უკანა ბარძაყის კუნთის ტრავმა ყველაზე ხშირია თანამედროვე ფეხბურთში, ამას კი მეტწილად მომატებული დატვირთვები განაპირობებს. 

მერაბ ვარძუკაშვილის თქმით, ერთ გუნდში, თითო ფეხბურთელი, მთელი სეზონის განმავლობაში მინიმუმ ორ ტრავმას იღებს, გუნდში კი სეზონის განმავლობაში 50 ტრავმა ფიქსირდება, ასე რომ, სამედიცინო შტაბს ყველგან ძალიან შრომატევადი სამუშაო აქვს. 

„განსაკუთრებით ამ სეზონში, გუნდები ყოველგვარი პაუზის გარეშე თამაშობენ, რაც ტრავმის საშიშროებას ზრდის. სუპერ ლიგის იდეა, რომელიც გაჩნდა, ამ მხრივაც ძალიან საშიში იყო, რადგან იქ კიდევ უფრო დიდი დატვირთა იქნებოდა, ყოველკვირა ცენტრალური მატჩის თამაშს სპორტსმენი ვერ გაუძლებს“. – ამბობს ვარძუკაშვილი.

გარდა კუნთის დაზიანებისა, ქართველი ფეხბურთელები ხშირად იღებენ მუხლის მყესისა და ჯვარედინი იოგის ტრავმას, რაც ძალიან მძიმე დაზიანებაა, ოპერაციას საჭიროებს და გრძელვადიან სარეაბილიტაციო პერიოდს მოიცავს. 

ასეთი დაზიანების შემდეგ ძალიან რთულია, სწრაფად დაუბრუნდე იმავე დონეს, მსოფლიო ფეხბურთში გვაქვს მაგალითები, როცა ფეხბურთელების კარიერისთვის ასეთი ტრავმა ფატალური გამომდგარა, თუმცა, საპირისპირო მაგალითებიც გვინახავს, როცა პაუზის შემდეგ, კვლავ მაღალ დონეზე გააგრძელეს თამაში, ვარძუკაშვილმა მოიყვანა ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაგალითი: 

„ზლატანი 35 წლის იყო, როცა ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. ამ ასაკში ასეთი ტრავმის მერე კარიერას ასრულებენ ხოლმე, მაგრამ ხედავთ რა დონეზეც თამაშობს, ოპერაცია კარგად ჩაუტარდა, მაგრამ კიდევ ერთ ფაქტორს გავუსვამ ხაზს, არცერთი წამით არ უჩქარია, ბოლომდე მიჰყვა ექიმების რჩევას, მე ვესწრებოდი მისი მკურნალი ექიმის კონფერენციას, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ამაზე, იბრაჰიმოვიჩი 6-7 თვის მერე თავს კარგად გრძნობდა და მოედანზე დაბრუნება სურდა, მაგრამ ექიმების რეკომენდაციით ბოლომდე აღიდგინა ფორმა და ისე დაიწყო ვარჯიში. საერთოდ, სასურველია, რომ ასეთი ოპერაციის მერე 9-12 თვემდე იყოს პაუზა“.

ბოლო პერიოდში მყესების ან იოგების ოპერაცია გაიკეთეს: ჯანო ანანიძემ (რის გამოც ერთა ლიგის ფინალში ვერ დაგვეხმარა), ლევან მჭედლიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ჭანტურიამ, ლუკა ზარანდიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ – აი, ასეთი სია გვაქვს, ფაქტობრივად ნაკრების ბირთვია, ყველაზე იმედისმომცემი და კრეატიული ფეხბურთელების ერთობა. 

ასევე, მყესების ოპერაცია გაკეთებული აქვს ნიკა ძალამიძეს, რომელიც 1992 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, თავის დროზე, 17-წლამდელთა მწვრთნელს, ჰერბერტ ცანკერს ორი ფავორიტი ჰყავდა – ნიკა ძალამიძე და ჯანო ანანიძე. 

გვახსოვს 17-წლამდელებში ბაჩანა არაბული, რომელიც ინგლისის ნაკრებთან საუკეთესო იყო და მატჩის მოგებაში ლომის წილი დაიდო, მაშინ ბევრს აფიქრებინა, რომ ეროვნულ ნაკრებში ფორვარდის პოზიციას დაიკავებდა, მაგრამ მალევე მყესები გაიწყვიტა და მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც ველოდით. 

ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნიკა ჭანტურია იყო, თითქოს მასაც უნდა გადაედგა ერთი ნაბიჯი წინ, ისევე როგორც კაკაბაძემ, აბურჯანიამ და პაპუნაშვილმა შეძლეს, მაგრამ ნიკამ მყესები გაიწყვიტა. 

ალბათ არ მოიძებნება სხვა არცერთი ქვეყანა, რომლის საფეხბურთო ნაკრების, ძირითადი გუნდის შემადგენლობის ამდენ ფეხბურთელს მყესების ან ჯვარედინი იოგების ოპერაცია ჰქონდეს გაკეთებული. 

უახლოეს წარსულში, ჯვარედინი იოგები დაუზიანებიათ ან გაუწყვეტიათ: გულვერდ თომაშვილს (ითვლებოდა იმედისმომცემ ფეხბურთელად და განიხილებოდა ეროვნულ ნაკრებში), გიორგი ხიდეშელს (ტრავმა მიიღო ზუსტად მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებში უნდა დაწინაურებულიყო, ხიდეშელის შემთხვევაში ორივე ტრავმასთან გვაქვს საქმე, როგორც ჯვარედინი იოგების, ისე მყესების), რატი წინამძღვრიშვილი (ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელიც ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა და 19-წლამდელთა ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, რატიმ სამჯერ გაიწყვიტა ჯვარედინი იოგები, ამის შემდეგ ფეხბურთის თამაში ფაქტობრივად შეუძლებელია.). 

ამასთან დაკავშირებით ვარძუკაშვილი ამბობს: „რისკფაქტორებს ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ, ეს შეუძლებელია, ჩვენ შეგვიძლია, რომ შევამციროთ, რაც საკლუბო ფეხბურთში ყოველდღიური დაკვირვებით შეიძლება, რომ მოხდეს. საერთოდ, ჯვარედინი იოგის ტრავმა მაღალი სტატისტიკით არ გამოირჩევა, სულ რაღაც 4% მოდის ამ ტრავმაზე, მაგრამ რეციდივის შემთხვევებია ძალიან მაღალი, დაახლოებით 18%. მაღალი შანსია, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ერთხელ იღებს ამ ტრავმას, მეორედაც მიიღოს. გვაქვს შემთხვევები, როცა მეორე ფეხზე იღებს ანალოგიურ ტრავმას, ამიტომ, პრევენციის მიზნით აუცილებელია, რომ ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ ნაოპერაციებ, არამედ ჯანსაღ ფეხსაც, რადგან ოპერაციის შემდგომი ცვლილებები მთლიანად ორგანიზმს ეხება და არა მხოლოდ ნაოპერაციებ ადგილს“.

აი, რას ამბობდა თავისი თაობის კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რევაზ ბარაბაძე, გაზეთ „ლელოსთან“ ინტერვიუში: „ალბათ, ბევრი რამ ჩვენი ბრალიცაა, მაგრამ ჩვენს თაობაში ხუთმა მოთამაშემ ჯვარედინი იოგები დაიზიანა და სულ მაინტერესებს, ეს ტრავმიანობა რისი შედეგია? ასეთი რამ ხომ შემთხვევით არ ხდება – იქნებ, არასწორად ვვარჯიშობდით, ან მიზეზი უხარისხო მოედნები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება იყო? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც შეცდომა გაგვეპარა“. ინტერვიუ ჯერ კიდევ 2015 წელს არის ჩაწერილი, თავად ბარაბაძეს კი მენისკის ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც მაღალ დონეზე ვეღარ ითამაშა, არადა, მასაც მოიაზრებდნენ ეროვნულ ნაკრებში.

ვარძუკაშვილმა ისაუბრა გამომწვევ მიზეზებზე, ხელოვნურ საფარსა და ვარჯიშის მეთოდოლოგიაზე: „ხელოვნურსაფარიანი მოედნის ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, როცა ბეტონზე დააგებ საფარს, ეს ავტომატურად გახდება კუნთისა და სახსრის დაზიანების საფუძველი, მაგრამ ხარისხიანი საფარის შემთხვევაში, UEFA-ს კვლევები აჩვენებს, რომ დიდ ტრავმიანობას ეს არ იწვევს“. 

„როცა ასეთ მძიმე ტრავმას ფეხბურთელი ადრეულ ასაკში იღებს, მიზეზები, რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიაშიც უნდა ვეძებოთ. საუბარი მაქვს ზედმეტ დატვირთვებზე, ჯერ კიდევ ფიზიკურად ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელს, ზედმეტი დატვირთვები არ სჭირდება, ამიტომ ვამბობ, რომ განათლების ზრდა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი ვარჯიშითა და სწორი მეთოდოლოგიით ტრავმიანობის შემცირებაც შეგვეძლება“. – ამბობს მერაბ ვარძუკაშვილი, რომელსაც ტრავმების პრევენციისათვის, უმთავრესად სამედიცინო განათლების ზრდა მიაჩნია. 

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე