ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობის პრობლემა – ყოველ თაობაში, ახალი მსხვერპლი

ყველა იმ ქართველი ფეხბურთელის გვარი რომ ჩამოვთვალოთ, რომლებიც დღეს უნდა თამაშობდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, არ თამაშობენ, ვნახავთ, რომ საკმარისი იქნებოდა საშუალო ევროპული ძალის ნაკრების ჩამოსაყალიბებლად. ხელის შემშლელი ფაქტორი ბევრია, პრობლემა ერთ კონკრეტულ მიზეზში არ არის და არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ ამ პრობლემების პრიორიტეტებად დაყოფაა საჭირო. 

ამჯერად იმ ფეხბურთელებს გავიხსენებთ, რომლებსაც ნაკრების ბომბარდირები უნდა ჩაენაცვლებინათ, ასაკობრივ ნაკრებებში ბევრი გოლი გაჰქონდათ და იმავეს ველოდით ეროვნულშიც, მაგრამ ასე არ მოხდა. 

2000-იანების დასაწყისში გვყავდა ფორვარდები, რომელთაც გოლები მაღალი დონის ჩემპიონატებში გაჰქონდათ და ბომბარდირებიც ხდებოდნენ. შოთა არველაძე თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირია, ჰოლანდიასა და შოტლანდიაშიც ბლომად შეუყრია, თანაც ისეთი კონკურენტები ჰყავდა, როგორებიც ჰენრიკ ლარსონი და რუდ ვან ნისტერლოი იყვნენ. 

გიორგი დემეტრაძე რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატების ბომბარდირი გამხდარა, ესპანურ ლა ლიგასა და ჰოლანდიურ ერედივიზიონშიც უთამაშია, გოლების გატანა მისთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. 

ალექსანდრე იაშვილი სტაბილურად თამაშობდა გერმანიაში და ფრაიბურგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა შორის მესამე ადგილს იკავებს.

ყველაზე ადრე აჩი არველაძე გამოგვაკლდა, რომელიც შოთისგან განსხვავებით უფრო სიღრმიდან თამაშობდა, მაგრამ არც მისთვის ყოფილა გოლების გატანა რთული. ცოტა მოგვიანებით კონკურენციაში უნდა ჩაბმულიყვნენ რატი ალექსიძე და მიხეილ აშვეთია, მაგრამ მათი კარიერა ვერ განვითარდა ისე, როგორც ვისურვებდით, ამიტომ, დიდი კონკურენციაც არ ყოფილა. 

მას შემდეგ, რაც ამ ფეხბურთელებმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს, საქართველოს ნაკრებს კარგი გოლის გამტანი აღარ ჰყოლია, გოლის შეგდებას კი ვერ ისწავლი, ეს ისეთი რამეა, რაც თავდამსხმელს ადრეული ასაკიდანვე უნდა ახასიათებდეს, ყველაფერი ინსტინქტის დონეზე დადის, სათამაშო გამოცდილება კი ამ ინსტინქტის მუდმივი მკვებავია. 

ასაკობრივ ნაკრებებში გამოჩენილან ფეხბურთელები, რომელთაც ბომბარდირობის ესტაფეტა უნდა გადაებარებინათ, მაგრამ ვერცერთი მათგანი ეროვნულ ნაკრებში სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ.

17-წლამდელთა ნაკრები:

გიორგი ჭანტურია – 18 გოლი

ირაკლი შეყილაძე – 16 გოლი

გიორგი არაბიძე – 15 გოლი

ზურიკო დავითაშვილი – 11 გოლი

გიორგი ჭანტურია

გიორგი ჭანტურია უნიკალური შემთხვევაა ქართულ ფეხბურთში, ასეთი სტარტი არავის ჰქონია, ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის საოცნებო გარემოში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა ბარსელონას სინჯებზე წაუყვანია ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ ჭანტურია ერთადერთი იყო, ვისაც კონტრაქტი გაუფორმეს. კონკრეტულად იმ დროს, კონკრეტულად იმ ასაკში, ნამდვილად იყო იმ დონეზე, რომ თუნდაც ბარსელონაში ეთამაშა, დიდი შემართებითაც ჩავიდა და გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ ისე არ წამოვიდოდა ბარსელონიდან, სანამ „კამპ ნოუზე“ არ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი აირ-დაირია. 

დარჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებდა თავის შანსს, ისე როგორც მიიღეს დელოფეუმ, ტელიომ, კუენკამ, ბარტრამ და სხვებმა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რადგან ამ ფეხბურთელების კარიერა უკეთესად წარიმართა, სწორედ იმის გამო, რომ ბარსას ძირითად გუნდში თამაში მოასწრეს. 

ზოგი ლა ლიგაში დარჩა, ზოგი სერია ა-ში აღმოჩნდა, ზოგი პრემიერ ლიგაში გადაბარგდა, მოკლედ, არავინ დაკარგულა. 

ჭანტურია წავიდა ვიტესში, მერაბ ჟორდანიასთან, და იმედგაცრუებულიც დარჩა იმის გამო, რომ ჩელსისთან დაპირებული კონტრაქტი ვერ მიიღო.  

ვიტესში უკვე ზედმეტი წონით ვნახეთ, რასაც ვერ გაუმკლავდა, ჭანტურია განსაკუთრებით სწრაფი არასდროს ყოფილა, ზედმეტი წონით კი შეუძლებელი იყო, ძლიერი თვისებები ბოლომდე გამოევლინა. 

ვიტესში მისი თანაგუნდელებიც უკმაყოფილონი იყვნენ, ზედმეტად მეტს იღებს საკუთარ თავზეო, ამას მერე მწვრთნელების უკმაყოფილებაც თან დაერთო და ძალიან მოკლე მონაკვეთში რუსეთში აღმოჩნდა, არადა, „გუშინ“ ბარსელონაში იყო. ეს კი ფსიქოლოგიურად მძიმე ასატანია, ინტერვიუში უთქვამს, ბარსა უკვე წარსულია, სწრაფად უნდა დავივიწყო და მომავალს მივხედოო. თქმა ერთია და შესრულება მეორე, ისე ჩანს, რომ ეს ბარიერი ვერ გადალახა, ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად, გულიც და გონებაც უკან რჩებოდა. 

ვერასდროს საჭირო დროს და საჭირო ადგილას ვერ აღმოჩნდა, ოთარ გაბელიას 21-წლამდელები ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოდნენ, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე, ბუბა დაუშვილი, ნიკა კვეკვესკირი, რევაზ ბარაბაძე, ძალიან კარგი გუნდი იყო და როცა გადამწყვეტი შეხვედრები მოახლოვდა, გიორგი დევდარიანმა ოთარ გაბელიას ჭანტურიას გამოძახება ურჩია, მაგრამ ერთი პრობლემა შეიქმნა, ჭანტურიას 19-წლამდელებში წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და რომც გამოეძახებინათ, თამაშს მაინც ვერ შეძლებდა.

არადა, იმ გუნდის ნაწილი რომ გამხდარიყო, ეროვნულ ნაკრებშიც ისევე მარტივად გადაინაცვლებდა, როგორც ოქრიაშვილმა და კვეკვესკირმა შეძლეს. მომდევნო ეტაპს რაც შეეხება, შესაძლებლობა უკვე ხელიდან იყო გაშვებული. 

ოთარ გაბელიამ შემდეგ ციკლში გამოიძახა, ამ დროს ჭანტურია უკვე ვიტესში იყო და საწყის ეტაპზე კარგი თამაშებიც ჰქონდა, დიდი ბანერიც გამოუფინეს – ქართველი მესი! – ოთარ გაბელიამ აღნიშნა, ეს დამოკიდებულება ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევსო და, როგორც ჩანს, ასეც მოხდა. როცა ნაკრები ესპანეთს მასპინძლობდა, გულშემატკივარი შემტევ ფეხბურთს ითხოვდა და არ ვიცი, გაბელიამ გულშემატკივრის აზრი გაითვალისწინა თუ მართლა ჩათვალა, რომ ესპანელებთან ტოლსწორად შეგვეძლო თამაში, შევუტიეთ და 7:2 წავაგეთ. კარგი გაკვეთილი იყო, უბრალოდ ვერაფერი ვისწავლეთ. გაბელია გაათავისუფლეს და ის იმედის ნაპერწკალიც ჩაქრა. 

ჭანტურიას შემთხვევაში არც ტრავმა უნდა დაგვავიწყდეს, მუხლის მყესები დაიზიანა და დიდი პაუზა ჰქონდა, მერე საერთოდ გაიწყვიტა და ოპერაცია დასჭირდა, ეს კი, როგორც მოგეხსენებათ, მინიმუმ ექვსთვიანი პაუზის აღებას გულისხმობს. იდენტური ტრავმა ჰქონდა ანანიძეს, ოქრიაშვილს, ზარანდიასა და ჩაკვეტაძეს.

პაუზა და წონის მომატება ერთია. ჭანტურიას ჰქონდა შანსი, იტალიაში, გერმანიაში ან ამერიკაში დამკვიდრებულიყო, მაგრამ არსად დაიტოვეს. სულ ბოლოს გია ცეცაძემ მოისურვა მისი ფეხბურთში დაბრუნება და საბურთალოს შეუთანხმდა, ეს მართლაც კარგი ნაბიჯი იყო, საბურთალოსთვის, ჩვენი ჩემპიონატისთვის, თავად გიორგისთვის, ფორმაში რომ შესულიყო, იქნებ ნაკრებსაც გამოსდგომოდა, ფორვარდის პოზიციაზე, მით უმეტეს, რომ ერთა თასის ფინალს ვუახლოვდებოდით, მაგრამ ისევ ყველაფერი აირია, ცეცაძე კაპიტნის სამკლავურს დაჰპირდა, გუნდმა ახალ კაპიტანზე უარი თქვა, პრეზიდენტმა ფეხბურთელების მხარე დაიჭირა, შესაბამისად, ცეცაძე წავიდა და ჭანურიამაც გაწყვიტა კონტრაქტი.  

ვინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა?! 

ირაკლი შეყილაძე

თავის დროზე მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებდა, მალევე გადავიდა იტალიაში, ემპოლიში ჩაირიცხა და იმედისმომცემ ფეხბურთელადაც ითვლებოდა, მაგრამ ეს ის შემთხვევა გამოდგა, როცა ფეხბურთელი მინიმუმით კმაყოფილდება. ებრალიძის არ იყოს, შეყილაძეც ხშირად იცვლის კლუბებს, მაგრამ არა ქვეყანას. მთელი კარიერაა, იტალიაშია, არც უკლებს და არც უმატებს, არის ასე ერთ დონეზე და ცხოვრობს მშვიდად, ფეხბურთი კი სადღაც ამ ყველაფრის მიღმაა. 

იტალიაში ბევრი კლუბი გამოიცვალა, ისევე როგორც ებრალიძემ პორტუგალიაში, მოგზაურობა კარგია, მაგრამ მარკო პოლოზე ხომ არ ვსაუბრობთ, იმ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ, რომელთაც ნაკრებში შეეძლოთ წარმატების მიღწევა. 

არაბიძე და დავითაშვილი

ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, მაგრამ არაბიძის შემთხვევაშიც, ის ოქროს მომენტი გამოგვეპარა, რომელიც ყველაფერს გაამარტივებდა, ამხანაგურ მატჩებში თავი გამოიჩინა და ვლადიმერ ვაისმა ოფიციალურ შეხვედრებშიც გამოიძახა, ყაზახეთთან თამაში არ მოუწია, უკმაყოფილო დარჩა და მისი ქცევით გაბრაზებულმა ვაისმა ნაკრებიდან მოკვეთა, თან ისე მოკვეთა, რომ შანსიც აღარ მიუცია. არადა, ახალგაზრდულ ნაკრებში გამოჩნდა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეეძლო, მით უმეტეს, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე პრობლემები გვქონდა და სტანდარტულების საშინელი სტატისტიკის გამოსწორებაც შეეძლო, ვაისმა არ დააბრუნა, არაბიძემ კი ტრავმა მიიღო და წავიდა რუსულ გზაზე, ამ გზაზე სიარული კი ძალიან რთულია. 

ზურიკო დავითაშვილზე უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მოკლებული აქვს, რუბინში გამორჩეული ფეხბურთელი იყო, თავიდან ის უფრო კარგად თამაშობდა, ვიდრე კვარაცხელია, უფრო მეტ დროსაც იღებდა, მარცხენა ფლანგსაც მას უფრო ხშირად ანდობდნენ, მაგრამ მწვრთნელის ცვლილების შემდეგ, სლუცკის ნდობა, კვარაცხელიასგან განსხვავებით, ვერ მოიპოვა, რამდენჯერმე შანსი მისცა, მაგრამ ვერ გამოიყენა და განათხოვრებამ, როგორც ჩანს, ცუდად იმოქმედა, რადგან ჩვეულ დონეზე ვეღარ თამაშობს. არადა, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ჩვენ კი გასაფლანგი ნიჭი არ გვაქვს. 

19-წლამდელები

რატი წინამძღვრიშვილი – 13 გოლი

სანდრო იაშვილი – 8 გოლი

წინამძღვრიშვილს საქართველოში კარგად იცნობენ, ამერისა და ზესტაფონის შემადგენლობაში კარგი ფეხბურთიც უთამაშია, ბუნდესლიგაში გადასვლაზე იყო საუბარი, როცა ამერი-ჰერტას ძალიან კარგი და საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ, ინტერესი იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. 

ამერი კი საერთოდ აღარ არსებობს. სოციალურად მძიმე და რთული უბნის ნათელი წერტილი იყო, ამ კლუბის არსებობას ბევრი კუთხით მოჰქონდა სიკეთე, მაგრამ ისე გაქრა, რომ მხოლოდ მოგონებები დატოვა. 

წინამძღვრიშვილი იყო გია გეგუჩაძის ზესტაფონის წევრიც, ასევე ძალიან კარგი გუნდის, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, საოცარია, მაგრამ ამ კლუბის საქმეც ძალიან უცნაურად წავიდა, უმაღლეს ლიგაში აღარ იძებნება და სადღაც ქვედა ლიგებში აგრძელებს არსებობას, არადა, ისეთი ინფრასტრუქტურა აქვთ, რომ ეროვნული ნაკრებიც კი ზესტაფონის ბაზაზე ემზადება. 

ვსაუბრობთ კლუბებზე, რომლებმაც ევროასპარეზზე, ჰერტასთან, ბრიუგესთან, ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშეს, მერე კი აორთქლდნენ, ასეთ დროს საქართველოში დარჩენილი ფეხბურთელების პერსპექტივაც მინიმალურია და ამ კლუბებისა არ იყოს, რატიც ასევე გაქრა საფეხბურთო რუკიდან. ტრავმებიც იყო, რა თქმა უნდა, ამის გარეშე ქართული ფეხბურთი წარმოუდგენელია. 

სანდრო იაშვილი

იაშვილი და ხოჯავა იმ ეპოქის შვილები არიან, რომელთაც ომისა და ქუჩის მეტი არაფერი უნახავთ, მათი მენტალობა კი ამ პირობებში ჩამოყალიბდა. წინა თაობებმა საბჭოთა ჩემპიონატი მაინც ნახეს, სადაც დიდ ფეხბურთთან შეხება ჰქონდათ, კონკურენცია იცოდნენ რა იყო და დისციპლინაზეც სმენოდათ ორი სიტყვა, აი, მათი მომდევნო თაობა უბრალოდ განწირული იყო, რადგან ყველაზე მძიმე ყოფაში მოუწიათ ჩამოყალიბება და ნორმალურად ვერც ჩამოყალიბდნენ. 

ასეთ დროს, კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ჯაბა კანკავა, რომელიც იმავე თაობას წარმოადგენს და სამაგალითო კაპიტანია. ასე ერთეულები ყოველთვის შეძლებენ თავის გამოჩენას, მაგრამ განსაკუთრებით ნიჭიერ ფეხბურთელებს ხასიათიც რთული აქვთ და მათი პროფესიონალად ჩამოყალიბებაც არ არის მარტივი საქმე. 

მახსოვს, სწუხდნენ თავის დროზე, რომ სანდრო იაშვილისთვის ნაკრებში თამაშის შანსი არ მიუციათ მაშინ, როცა კანკავა, გოგუა და მათი თაობის სხვა ფეხბურთელები გამოჩნდნენ, ახლა რთულია იმის თქმა, უშველიდა თუ არა ეს რამეს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი უნდა ხვდებოდეს, როდის შეიძლება ნიჭიერი ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციისა და სტიმულის მიცემა. 

დაიკარგა, ისე, რომ კვალიც არ დაუტოვებია. 

21-წლამდელები

მიხეილ აშვეთია – 8 გოლი

ბექა გოცირიძე – 7 გოლი

მიხეილ აშვეთიამ რუსეთში თამაშის დროს მძიმე ტრავმა მიიღო, ხოლო ბექა გოცირიძემ ავარიაში მოხვედრის შემდეგ მაღალ დონეზე თამაში ვეღარ განაგრძო, ავარიამდე კი ლევან ყენიასთან ერთად, ეროვნული ნაკრების ლიდერად ყალიბდებოდა, მის გოლებს ქართველი ქომაგისთვის განსაკუთრებული სიხარული მოუტანია, რადგან 21-წლამდელებში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მოგვაგებინა, თამაშის მიწურულს საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში გამოსვლისას, უელსთან ბოლო წუთებზე, მაშინ გაიტანა გადამწყვეტი გოლი, როცა აგვისტოს ომის შოკისგან გამოსულებიც არ ვყოფილვართ. 

ბექას ავარია დიდი ტრაგედია იყო, მაშინ ვიფიქრეთ, რომ ცუდ პერიოდს წერტილი დაესვა, თითქოს ამაზე ცუდი ვეღარაფერი მოხდებოდა, მაგრამ თურმე დასაწყისი ყოფილა, გოცირიძისა და ყენიას გარეშე, იმ პერიოდის ეროვნული ნაკრები, კრეატიულობისგან აბსოლუტურად დაიცალა.  

კოლექტიური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა

საქართველოს ნაკრები და ქართული კლუბები ძალიან წარუმატებელნი არიან. 90-იანების დასაწყისიდან დღემდე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რამდენიმემ დიდ სანაკრებო ტურნირზე გააღწია, მათი კლუბებიც გასულან ჩემპიონთა ლიგაზე, ჩვენ კი ისევ მაჩანჩალები ვართ. 

როგორც წესი, ამ დროის განმავლობაში, ყველაზე დიდი კრიტიკა ფეხბურთელებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დეტალური ანალიზის შედეგად ვნახავთ, რომ უარყოფით შედეგში, გარდა ფეხბურთელებისა, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც დგება. თუ კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს ვთხოვთ, ყველაფერი გაიღოს კარიერისთვის, აუცილებლად გამოჩნდებიან ერთეულები, რომლებიც წარმატებას მიაღწევენ, მაგრამ თუ გვინდა, რომ მასობრივად შევცვალოთ სურათი, მაშინ ხელის გაშვერისგან თავშეკავება მოგვიწევს. 

საქმე ის არის, რომ ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში ვხედავთ, უკვე კონკრეტული სისტემის „პროდუქტი“ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთან არანაირი სისტემა არ არსებობს. ასე, ინდივიდუალურად თუ მიხედავენ თავს, თუმცა ისიც ვიცით, რომ ამის რესურსი უმრავლესობას არ აქვს და არც წარსულში გააჩნდა.

როგორ შეიძლება, ამდენი წელი შედეგს ლანძღავდე, აქილიკებდე, დასცინოდე და ბრალს სდებდე, მაშინ, როცა მიზეზი ისევ ჩრდილში რჩება?! 

ქართველი ფეხბურთელი, სპორტული თვალსაზრისით, არანაირი სისტემის შედეგი არ ყოფილა, ამ მიმართულებითაც ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, თუმცა მხოლოდ 1-2 კლუბია, რომელთაც აკადემია მაღალ დონეზე აქვთ გამართული და ამ გამართული აკადემიის „პროდუქტიც“ კი ვერ მიდის იმ ზომამდე, რომ მძიმე ტრავმების პრევენცია შეძლოს. 

მეორე მხრივ, მენტალური თვალსაზრისით, ფეხბურთელი არის ამ სოციუმის შედეგი და ნაწილი, უკვე 30 წელია ქვეყანაში სტაბილურობა არ ვიცით რა არის, ერთ კრიზისს მეორე ცვლის და ყოველი მმართველის პირველი გზავნილი, (მათი საქმით და არა სიტყვით), არის ის, რომ ვინც მეტს მოიხვეჭს, უფრო წარმატებული იქნება, მოხვეჭაში კი პირველ რიგში მატერიალურ სიმდიდრეზეა საუბარი. 

მმართველების მეთოდები განსხვავებული იყო, მაგრამ მისწრაფება ყველას ერთი ჰქონდა. ქართული პოლიტიკა აბსოლუტურად დაცლილია თავგანწირვისგან და სავსეა მატერიალიზმით, პოლიტიკა კი არის ის, რაც ჩვენს ცხოვრებას წარმართავს, სხვადასხვა ინსტიტუტში, სასწავლებლებში, სამსახურებში და ა.შ.

აი, ამ სოციუმის ნაწილია ყოველი მომდევნო თაობა, რომელთაც ვთხოვთ, რომ თავგანწირვა და პროფესიონალიზმი იცოდნენ, რა არის. ბევრი შენიშვნა მიუღიათ უცხოეთში წასულ ფეხბურთელებს, დიდ ფულთან პირველი შეხება, როგორც წესი, ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს მათზე, მაგრამ, ნუთუ, სხვაგვარად შეიძლება, რომ იყოს?! მაშინ, როცა ამდენი წლის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკა მომხვეჭელობაზე დგას?! 

ჩვენი ფეხბურთელები ციდან არ ჩამოფრენილან და სხვა ქვეყნიდან არ მოსულან, აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუ ვინმეს ოჯახმა მოახერხა, რომ შვილი სწორი ფასეულობებით აღეზარდა, მან შეძლო კიდეც სწორ გზაზე სიარული, პრიორიტეტების გარჩევა და საქმისათვის თავგანწირვა. მაგრამ ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ოჯახებსაც ძალიან გაუჭირდებათ შვილების დაცვა იმისგან, რაც გარს გვახვევია, რაც მოედინება ტელევიზიებიდან, რა სახეც აქვს მიღებული სოციალურ ქსელს, როგორც არსებობენ ერთმანეთით მმართველი და ოპოზიციური ძალები, როგორც ეჯიბრებიან ერთმანეთს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებში, მიწის გაყიდვა იქნება ეს თუ სხვა „სიკეთეები“.

გულშემატკივარი ფეხბურთს ისე უყურებს, როგორც სანახაობას და მართალიც არის, სპორტული თამაშები იმისთვის მოიგონეს, რომ პურთან ერთად, სანახაობაც მიეცათ გაბრაზებული ხალხისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანამ ამ თამაშებში საკუთარი იდენტობა იპოვა და იარაღად აქცია. ჩვენ ეს არავისგან გვესწავლება, საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც დავივიწყეთ, რომ ერთნი ვართ – ის მენტალურად სუსტი და ფსიქოლოგიურად დაცემული ფეხბურთელი, ჩვენი ნაწილი და ჩვენივე ანარეკლია. თუ ხალხი საზოგადოებად არ ჩამოყალიბდა და უმაღლეს ფასეულობებზე არ შეჯერდა, რომელსაც პოლიტიკამ ათასგზის მიაფურთხა და გათელა, მანამდე არც ჩვენი უმცირესი ნაწილი იქნება ძლიერი. 

ამიტომ, სანამ ფეხბურთელებს გამოვუტანდეთ მსჯავრს, იმ ყველაფერში, რაც ჩვენს თავს ხდება, მანამდე უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხბურთელი უკვე რაღაცის შედეგია და მისთვის რაიმე საგნის სროლა და ლანძღვა-გინება, საკუთარი თავისა და არსის გინების ტოლფასია. 

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე