აინტრახტი vs ნაპოლი – კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება

აინტრახტი vs ნაპოლი | Setanta Sports

დღეს კვარა თამაშობს. ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი 1/8-ფინალში აინტრახტს დაუპირისპირდებიან. მატჩი ფრანქფურტში 23:55-დან დაიწყება და მისი ხილვა Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

მოლოდინი საქართველოში – რას იზამს კვარა?

– გოლი თუ საგოლე გადაცემა? რას იზამს დღეს ხვიჩა?!

– იქნებ მოპოვებული პენალტი?

– აინტრახტთან თამაში სახიფათოა… დაბალი დაცვითი ბლოკი, სამი მცველი, კონტრ შეტევებზე აწყობილი ფეხბურთი… გერმანია…

ნაპოლის თამაშის დღეა, შესაბამისად, გულშემატკივრებში ვარაუდი მრავალგვარია. ფრთხილიც, თამამიც, ანალიზზე დაფუძნებულიც და სიყვარულ-სიამაყით ბინდგადაკრულიც.

თუმცა, ყველა ამ ვარაუდს მოლოდინი აერთიანებს. დღეს კვარა თამაშობს, შესაბამისად არაფერი დაგეგმო!

თანდათან მაყურებელიც გაიზარდა. ეს ბუნებრივია, კვარაცხელიას ფაქტორმა ჯერ საქართველოში ფეხბურთის ქომაგთა რაოდენობა გაზარდა – ბევრი მოაბრუნა, ბევრიც ახლა აზიარა მას.

ჰოდა, თამაშიდან თამაშამდე, ხარისხობრივი ზრდაც ბუნებრივია. ისმენენ, კითხულობენ, უყურებენ და რაც მთავარია თავს ამ წარმატების ნაწილად აღიქვამენ.

ინფორმაციის თუ ინტუიციის გამო, დღეს შედარებით უფრო მეტი იყო ფრთხილი, მოთოკილი რეზონანსი. და სრულებით სამართლიანადაც. ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული აინტრახტი დაცვაზეორიენტირებული გუნდია, თანაც ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფია.

აინტრახტი vs ნაპოლი – ჩემპიონთა ლიგა 2022/23

ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო 2022/23-ის სეზონში აინტრახტმა 1/8-ფინალამდე მიაღწია. ბოლო სამ სეზონში, ფლეი ოფში პირველად გავიდა ნაპოლი.

ნაპოლი საუკეთესო 16 გუნდში ისტორიაში მეოთხედაა, თუმცა მეოთხედფინალში გუნდს არასდროს უთამაშია.

ნაპოლიმ ჯგუფში ერთდერთი მატჩი ლივერპულთან დათმო, თუმცა პირველ ადგილზე გავიდა. აინტრახტი D ჯგუფში ტოტენჰემს ჩამორჩა.

ურთიერთშეხვედრები

ისტორიაში გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან. 1994/95 წლების UEFA-ს თასის მესამე წრეში. ორივე მატჩი აინტრახტმა 1:0 მოიგო.

ფრანქფურტმა მეოთხედფინალში კვლავ იტალიურ კლუბთან ითამაშა. Die Adler-მა ორი მატჩის ჯამში იუვენტუსთან 1:4 წააგო.

აინტრახტი vs ნაპოლი – ფაქტები

  • 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგაზე აინტრახტი ერთადერთი დებიუტანტია. ოლივერ გლასნერის გუნდი გახდა მე-14 გერმანული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და პირველი დებიუტანტი 2018/19 წლების ჰოფენჰაიმის შემდეგ.
  • აინტრახტს ევროპის ჩემპიონთა თასზე(ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი) მხოლოდ ერთხელ უთამაშია. 1959/60 წლების სეზონში დებიუტანტმა ფინალამდეც კი იარა, სადაც მადრიდის რეალთან 3:7 დამარცხდა.
  • არწივების გუნდს ორი ევროპული ტიტული აქვს მოგებული: 1980 წელს თასების მფლობელთა თასი და 2021/22-ში ევროპა ლიგა.
  • აინტრახტი გახდა პირველი გერმანული გუნდი 1997 წლის შემდეგ, რომელმაც უეფას თასი/ევროპა ლიგა მოიგო. ბოლოს ეს შალკემ შეძლო.
  • იტალიურ გუნდებთან ეს აინტრახტის მე-10 მატჩი იქნება, თანაც პირველი 2018/19 წლების შემდეგ. მაშინ ლუკა იოვიჩის გოლით გერმანელებმა ინტერს აჯობეს.
ოლივერ გლასნერი vs ლუჩანო სპალეტი | Setanta Sports
ოლივერ გლასნერი vs ლუჩანო სპალეტი
  • ნაპოლი ბოლო ლიგის ფლეი ოფში 2019/20-ის სეზონში იყო. მაშინ 1/8-ფინალში ბარსელონამ 4:1 დაამარცხა პარტენოპეი.
  • ამ სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე, ენფილზე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. თუმცა ნაპოლიმ ჯგუფში აღებული 15 ქულით საკუთარი საუკეთესო შედეგი გაიმეორა. ასევე, 20 გატანილი გოლით კვარას გუნდი საწყის ეტაპზე საუკეთესო იყო.
  • წინა სამ ჯერზე ნაპოლი 1/8-ფინალიდან ბარსელონამ, რეალმა და ჩელსიმ გამოთიშეს ტურნირს. მადრიდული და ლონდონური გუნდები იმ სეზონებში ჩემპიონები გახდნენ.
  • 2017/18 წლების სეზონის შემდეგ ნაპოლი გერმანულ გუნდს პირველად ხვდება. მაშინ, ლაიფციგთან ნაპოლი სტუმრად გატანილი გოლის წესით დამარცხდა. ლაიფციგმა სტუმრად 3:1 მოიგო, ხოლო ნაპოლიმ რედ ბულ არენაზე 2:0 გაიმარჯვა.
  • ორრაუნდიან დუელში ნაპოლის გერმანულ კლუბებთან 4 მოგება და 4 მარცხი აქვს. 4 გამარჯვებიდან 3 1988/1989 წლების უეფას თასის მოგებულ სეზონში იყო.
  • ნაპოლის გასვლაზე, გერმანიაში არასდროს მოუგია. 8 მატჩიდან იტალიელებმა 3 ფრედ ითამაშეს და 5 წააგეს. სამივე წაუგებელი მატჩი 1988/89 სეზონში იყო – ლაიფციგის ლოკომოტივთან(გდრ), მიუნხენის ბაიერნთან და შტუტგარტთან.
  • მთლიანად ბუნდესლიგის გუნდებთან ნაპოლის სტატისტიკა 20 მატჩში ასეთია: 6 მოგება, 5 ფრე და 9 მარცხი.
რანდალ კოლო მუანი vs ხვიჩა კვარაცხელია | Setanta Sports
რანდალ კოლო მუანი vs ხვიჩა კვარაცხელია

აინტრახტი vs ნაპოლი – სიახლეები

ფრანქფურტის აინტრახტის განაცხადს დაამატეს:

  • ფილიპ მაქსი
  • ალმამი ტურე
  • აურელიო ბუტა

განაცხადიდან ამოწერეს:

  • იენს გრალი
  • ჟერომ ონგენე
  • ლუკა პელეგრინი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ აინტრახტმა 10 თამაშში 6 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 1 წააგო.

ოლივერ გლასნერის გუნდი ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზეა და ლიდერ მიუნხენის ბაიერნს 5 ქულით ჩამორჩება.

ბოლო მატჩში ოლივერ გლასნერის გუნდმა ბრემენის ვერდერს დამაჯერებლად 2:0 მოუგო.

კიოლნთან 12 თებერვალს განცდილ მარცხამდე არწივებს ზედიზედ 9 მატჩი არ წაეგოთ.

რანდალ კოლო მუანის 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს. აინტრახტის მხარეს 2004/05 სეზონის შემდეგ ფრანგი პირველი ასეთი ფეხბურთელია. ის ბუნდესლიგას გოლს + ასისტის სისტემით ლიდერობს.

აინტრახტი გერმანიის თასის 1/4-ფინალში გავიდა, მას მერე რაც დარმშტადტი დაამარცხა.

ნაპოლის განაცხადში დაამატეს:

  • ბარტოშ ბერეჟინსკი
  • პიერლუიჯი გოლინი

განაცხადიდან ამოწერეს:

  • სალვატორე სირიგუ
  • ალესანდრო ძანოლი
  • ალესიო ძერბინი

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ნაპოლიმ სერია A-ს 10 თამაშიდან ცხრა მოიგო და ერთი – დათმო, ინტერთან. გაიტანა 26 და გაუშვა 6 გოლი.

ნაპოლი სერია A-ს 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. გუნდის გატანილი 56 და გაშვებული 15 გოლი საუკეთესოა ლიგაში 23 მატჩის შემდეგ.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა ბოლო ტურში სასუოლოს 2:0 სძლია. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა გაიტანეს.

ვიქტორ ოსიმენს 16 ოქტომბრის შემდეგ 16 გოლი აქვს იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში. ნიგერიელმა მხოლოდ ემპოლისა და ინტერს ვერ გაუტანა. ვოლფსბურგის ყოფილ ფორვარდს ზედიზედ 7 მატჩია სერია A-ში გოლი გააქვს.

იტალიის უძლიერეს ლიგას საგოლე გადაცემებით ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. ქართველის ანგარიშზე 9 ასისტი და 10 გოლია.

კვარაცხელიამ ბოლო სამ მატჩში ანგარიშის გამხსნელი გოლი გაიტანა.

ნაპოლის ბოლო 4 გასვლით მატჩში სერია A-ში გოლი არ გაუშვია.

კოპა იტალიას გათამაშებას ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზემ გამოთიშა. პენალტებში დასრულებულ მატჩში საქართველოს ნაკრების არცერთ ფეხბურთელს უთამაშია.

ანალიზი – რას უნდა ველოდოთ აინტრახტისგან

აინტრახტი ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. სეზონის მოკრძალებულად დაწყების შემდეგ ოლივერ გლასნერის გუნდმა საგრძნობლად მოუმატა და ახლა ბუნდესლიგის ლიდერს 5 ქულითღა ჩამორჩება.

ფეხბურთის ავსტრიელი მწვრთნელი უპირატესობას 5-მცელიან განლაგებას ანიჭებს. შერეული ფორმაცია 3-4-2-1-დან, თავდაცვისას 5-4-1-ად გადაკეთდება ხოლმე.

გერმანული გუნდი თამაშობს დაბალი დაცვითი ბლოკით. თამაშს კონტრ შეტევებზე აგებს, რაშიც გლასნერს რანდალ კოლო მუანისა და იესპერ ლინდსტრიომის სისწრაფე ეხმარება.

ფორმა დაიბრუნა მარიო გიოტცემაც. გლასნერმა ფრანქფურტში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ისე აათამაშა, რომ მას ჰანზი ფლინკმა გერმანიის ნაკრებშიც კი დაუძახა. გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია დაიჩი კამადა, რომელსაც როგორც 8-იანის ასევე 10-იანის პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ტრაპი vs მერეტი | Setanta Sports
ტრაპი vs მერეტი

კევინ ტრაპი ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა. თუმცა იშვიათად მოულოდნელი ჩავარდნაც აქვს ხოლმე.

დაცვის ხაზი ჰინტერეგერის წასვლის შემდეგ საგრძნობლად დასუსტდა, შესაბამისად იმატა მეორე სართულზე წაგებული ორთაბრძოლების შედეგად გაშვებულმა გოლებმა. დაცვის ლიდერი ევან ნ’დიკაა, რომელიც ვიქტორ ოსიმენის წინააღმდეგ გერმანელების მთავარი იარაღი უნდა იყოს.

ვინ ითამაშებს კვარას წინააღმდეგ

სეზონის სტარტზე გუნდში მოვიდა აურელიო ბუტა, რომელმაც მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და დებიუტი იანვარშიღა ჰქონდა. ის უფრო დაცვითი ყაიდის ლატერალია, ვიდრე ანზგარ კნაუფი.

ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ, სავარაუდოა, რომ სწორედ ბუტა იყოს პოზიციურად გამწესებული.

მარჯვენა ცენტრალური მცველი არის ტუტა. ბრაზილიელი ურიგო მცველი ნამდვილად არ არის, თუმცა არასტაბილურობით გამოირჩევა.

თამაშს სტარტიდანვე ვერ დაიწყებს სებასტიან როდე. შესაბამისად, ჩამშლელის ზონაში კრისტიან იაკიჩს უნდა ველოდოთ. სავარაუდოა, რომ ის მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი იყო, რათა ტუტას და ბუტას კვარაცხელიას განეიტრალებაში დაეხმაროს.

მთლიანობაში თამაში ტაქტიკურად დაძაბული უნდა გამოვიდეს. საკვანძო კი ფეხბურთელების ინდივიდუალიზმი უნდა იყოს, რადგან ორივე გუნდს ერთმანეთი კარგად ჰყავს შესწავლილი.

სად და როგორ ვუყუროთ აინტრახტი vs ნაპოლის

აინტრახტი – ნაპოლის მატჩი Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ის წლიური პაკეტის გამოწერისას 30 %-იანი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი. ამისთვის პრომო კოდის 30OFF გამოყენებაა საჭირო.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე