ინტერვიუ მაურიციო ნიჩიტასთან – La Gazzetta Dello Sport-ის თვალით

უკვე მეორედ ვწერთ ინტერვიუს La Gazzetta Dello Sport-ის მიმომხილველ, მაურიციო ნიჩიტასთან. პირველად სეზონის დაწყების წინ ჩავწერეთ, მაშინ, კვარაცხელიას აქებდა, სწორედ მაურიციო იყო ადამიანი, რომელიც ნაპოლის შეკრებაზე გაჰყვა და პირველი ხმაურიანი შეფასებაც დაწერა გუნდის ახალწვეულზე. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაშინ ხვიჩას სიზუსტემ მოახდინა.

სეზონის წინ ვთხოვე ვარაუდი გამოეთქვა რამდენ გოლს და ასისტს მოუყრიდა თავს კვარაცხელია, მაურიციომ პასუხისგან თავი შეიკავა, – “ჩემთვის მთავარია, რომ გუნდის ორგანული ნაწილი გახდეს, მის რიტმსა და დინამიკას მოერგოს, თვლას კი მომდევნო სეზონებში დავიწყებო“, – ასეთი იყო პასუხი. მოდი, ჯერ ვაცადოთ და წნეხში ნუ მოვაქცევთო, ალბათ ამის თქმა სურდა.

კვარაცხელიამ კი ყველას მოლოდინს გადააჭარბა.

ნაპოლი მთავარ ეტაპს უახლოვდება. ჩემპიონატში დიდი უპირატესობა აქვს, გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა სერია ა-ში, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი იწყება და მაურიციოსთან საუბარიც ამ თემით დავიწყეთ.

ჩემპიონთა ლიგა

მაურიციო მადლობა რომ დრო გამონახე ჩვენთან სასაუბროდ. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები უკვე დაიწყო, ვერ ვიტყვი, რომ ვინმე გამოკვეთილი ფავორიტია, მგონია, რომ ამ სეზონში დაუმარცხებელი არავინაა. ნაპოლი აინტრახტს შეხვდება, როგორი მოლოდინი გაქვს?

ეს მატჩი ნაპოლის მთავარი გამოცდა იქნება. სეზონის მთავარი მატჩი. მათ უნდა გვაჩვენონ არა მხოლოდ კარგი თამაში და კარგი შედეგი, არამედ პოტენციალი, რომ დიდი გზის გავლა შეუძლიათ. უნდა გვაჩვენონ, რომ საუკეთესო 16 გუნდში სამართლიანად მოხვდნენ და კიდევ უფრო შორს შეუძლიათ წასვლა.

გარედან ისე ჩანს, რომ ნაპოლი ერთიანი და მეგობრული გუნდია, კარგი ატმოსფეროა, მოედანზე ეს ყველაფერი იგრძნობა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ერთიანობის ფაქტორი გადამწვეტია. მაინც, რა იქნება მათი მაქსიმუმი ამ ყველაფრის გათვალისწინებით?

ერთიანობას მოაქვს შედეგი, შედეგს კი მოაქვს კარგი ატმოსფერო. როცა საქმე კარგად არ მიდის პრობლემის ძებნა იწყება და ეს ყოველთვის რთული პროცესია, მაგრამ როცა ჩემპიონატს ამხელა უპირატესობით ლიდერობ განწყობაც შესაბამისია. მათ ლიმიტს მალე შევიტყობთ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერს ნათლად დავინახავთ.

სერია ა

ხომ არ გგონია, რომ სერია ა-ში მდევრები უკვე დანებდნენ? თითქოს რომასთან მატჩი გადამწყვეტი იყო, მოურინიუც და ალეგრიც მათ მოდუნებას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ახლა კი თითქოს ყურები ჩამოყარეს.

მდევრებს აჩვენეს, რომ აღემატებიან. შეხედეთ როგორ თამაშობენ, პირველ რიგში, სიამოვნებისთვის გადიან მოედანზე.

რას მიაწერთ ნაპოლის ასეთ თამაშს? სეზონის წინ არავის ჰქონია მსგავსი მოლოდინი.

მოდი ამას კვარას აფეთქება დავარქვათ. სპალეტიც კი არ ელოდა ამ ყველაფერს. უმოკლეს ხანში უდიდესი პროგრესი აჩვენა და ეს ყველაფერი კიდევ გრძელდება.

კვარაცხელია და ოსიმენი

კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტზე რას იტყვით? ბოლო დროს იტალიის სერია ა-ში მსგავსი რამ არ მახსოვს. ბავშვობიდან რამდენიმეს გავიხსენებდი და გადმოცემითაც დიდ დუეტებზე, რა თქმა უნდა, მსმენია. ყოველთვის მომწონდა დელ პიეროსა და ტრეზეგეს დუეტი, ბატისტუტასა და ტოტის სადებიუტო ერთობლივი სეზონი, რასაც რომას სკუდეტო მოჰყვა, მანჩინისა და ვიალის ლეგენდარული დუო, მარადონა და კარეკა, ვან ბასტენი და გულიტი..

ნამდვილად, ბევრი შედარება შეიძლება, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ უნიკალურები არიან, თავიანთი განსაკუთრებული სტილი აქვთ, სერია ა-ს ისტორიაში ეს დუეტიც ოქროს ასოებით ჩაეწერება.

ყველაფერთან ერთად, ჩანს, რომ დიდი მატჩების ფეხბურთელები არიან, კვარაცხელიამ უკვე არაერთხელ გვაჩვენა ეს, ლაციოსთან, ლივერპულთან, იუვენტუსთან..

რაც უფრო ძლიერია მეტოქე საქმე უფრო რთულდება, კვარაცხელიას შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ სწორედ ასეთ შეხვედრებში იზრდება. გადალახავს ამ რთულ ბარიერს და უკვე იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო. მოუთმენლად ველი მომდევნო ბარიერს ჩემპიონთა ლიგაზე.

ნეაპოლი და სკუდეტო

რას ნიშნავს ნეაპოლისთვის ჩემპიონობა? სკუდეტო მარადონასთან ასოცირდება, მარადონა სასწაულთან, ეს გუნდი რა ადგილს დაიკავებს ქალაქის ისტორიაში?

სკუდეტო უკვე მწვერვალია და ასეც დაამახსოვრდებათ, მაგრამ სურათი მაინც განსხვავებულია. ნაპოლი თუ ჩემპიონი გახდება, ეს სასწაული არ იქნება, ეს სწორი ნაბიჯების შედეგად მოვა, სწორი სელექციის, სწორი ფეხბურთელების მოყვანისა და სწორი მწვრთნელის დანიშვნის შედეგად.

გულახდილად გეტყვი, ჩემი ბავშვობის სერია ა ხშირად მენატრება. კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ დონე ძალიან დაეცა, იყო რამდენიმე გამონათება, განსაკუთრებით ჟოზეს ინტერისა და იუვენტუსის შემთხვევაში, მაგრამ ჩემპიონატს ვერ შევადარებ იმას, რაც 2000-იანების დასაწყისში იყო, აღარაფერს ვამბობ 90-იანებსა და 80-იანებზე. მხოლოდ ნაპოლიმ მომიბრუნა გული, რა თქმა უნდა, სუბიექტურიც ვარ, კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, მაგრამ ობიექტურადაც მგონია, რომ ნაპოლი აბრუნებს იმ დონეს სერია ა-ში, რაც ძალიან დიდი ხანია აღარ მინახავს.

ძველი დიდების დაბრუნება ურთულესი იქნება. ფეხბურთი შეიცვალა. ფული მთავარი ფაქტორი გახდა და ხედავთ ინგლისში რაც ხდება, მათ შეძლეს უდიდესი ინვესტიციის მოზიდვა, იტალიაში კი ეს გაცილებით რთულია. ერთ დროს სერია ა საუკეთესო ჩემპიონატი იყო, ახლა ასე აღარ არის. ძველი დიდების დაბრუნებას მყარი იდეა და უნარები სჭირდება, რაც ნაპოლის ხელმძღვანელებს აღმოაჩნდათ.

P.S: ბოლოს მაურიციოს ვკითხე ვინ აკეთებს Dello Sport-ისთვის ილუსტრაციებს, ვუთხარი, რომ კვარაცხელიას ილუსტრაციები ძალიან პოპულარულია საქართველოში. მან კი მოკლედ მომიგო გრაფიკული დიზაინერი.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე