სარჩევი

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი ლებრონ ჯეიმსის გარეშე დაამარცხა. თავად ლებრონი თამაშს დაესწრო, ერთ-ერთ ახალგაზრდა გულშემატკივარს პანიკური შეტევებიც დაეწყო, როცა აღმოაჩინა, რომ გვერდით ლებრონი მიუჯდა.

სტეფ კარი ჯერჯერობით პარკეტს ვერ დაუბრუნდება, ოლ სთარსაც გამოტოვებს, ასე რომ, მთავარი ვარსკვლავები მოვისაკლისეთ, მაგრამ თამაში მაინც საინტერესოდ წარიმართა.

ლეიკერსმა 109:103 მოიგო.

ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულა, – 13 ქულა, 16 მოხსნა, 1 ასისტი, 3 ბლოკი.

26 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტია შროდერის ანგარიშზე.

გოლდენის რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა დრეიმონდ გრინს, – 12 ქულა, 7 მოხსნა, 10 ასისტი, 2 ჩაჭრა, 1 ბლოკი.

ჯორდან პულის ანგარიშზე 29 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია.

ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-13 პოზიციაზეა. უორიორზი კი მე-9 ადგილამდე დაეშვა.

დებიუტი შედგა

რასაც ველოდით, ვიხილეთ. ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის დებიუტი შედგა. თუმცა, წარუმატებლად. დალასი საკრამენტოსთან დამარცხდა – 133:128.

თამაში ოვერტაიმში გადავიდა, ძირითადი დრო 114:114 დასრულდა, ბოლო სროლა დე’არონ ფოქსმა არაზუსტად შეასრულა.

ოვერტაიმში საკრამენტომ 19:14 მოიგო.

ლუკას ანგარიშზე 27 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტია. ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ლუკამ 9-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, რაც მისთვის ცუდი მაჩვენებელია.

კაირის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკია. ირვინგმა 10-დან 4 სამქულიანი გამოიყენა.

საკრამენტოში ორმაგი დუბლით გამოირჩა დომანტას საბონისი, – 22 ქულა, 14 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრაა მის ანგარიშზე.

აღსანიშნავია დე’არონ ფოქსის კარგი თამაში, – 36 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ჩაჭრა.

საკრამენტო დასავლეთ კონფერენციის მესამე საფეხურზეა, დალასი კი ერთი საფეხურით ჩამორჩება.

ემბიდი MVP?

ვინ ბრწყინავს რეგულარულ სეზონში იმაზე მეტად, ვიდრე ჯოელ ემბიდი? შეუდარებელია ნიკოლა იოკიჩი, მაგრამ როცა დენვერი და ფილადელფია გადაიკვეთნენ, ჯოელმა საშინელ დღეში ჩააგდო ჯოკერი.

დურანტს ბევრი გაუცდა, კაირიმ პრობლემებით უფრო დაგვამახსოვრა თავი, ბევრი თამაში გამოტოვეს სტეფმა და ენტონი დევისმა, ლებრონიც ზომიერად ისვენებს. სამაგიეროდ, დაფრინავს ანტეტოკუნმპო, ჯეისონ ტეიტუმი, ლუკა დონჩიჩი.

თუმცა, ჯოელი მაინც ყველაზე სტაბილური ჩანს, ჯოკერთან ერთად.

აქვე აღვნიშნავ, რომ ემბიდი ოლ სთარის სასტარტო ხუთეულს მიღმა დატოვეს, რაც ძალიან ზრდის იმის შანსს, რომ MVP-ის ჯილდოს გარეშე დარჩეს. ჩემი სიმპათია კი მას ეკუთვნის.

ფილადელფიამ ბრუკლინი 101:98 დაამარცხა.

ვეღარ იყო ქემ ტომასი ისეთი ეფექტური, როგორიც წინა შეხვედრებში, თუმცა, მხოლოდ 18 წუთი დაუთმეს, ამ დროის მანძილზე 14 ქულა, 1 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

ეს არ ყოფილა სიქსერსის საუკეთესო თამაში. არც ჰარდენისა და ჯოელის საუკეთესო თამაში გვინახავს. ემბიდს დააფარეს და თავზეც დაატენეს, მაგრამ მაინც დადო შედეგიანი ორმაგი დუბლი, – 37 ქულა, 13 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა.

ჰარდენის ანგარიშზე 29 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკი და ერთი ტრადიციული გონებაგაფანტულობა.

ბოლო სროლა სპენსერ დინუიდიმ დაიტოვა და ღრმა სამიანიც ჩააგდო, მაგრამ სულ რაღაც ერთი წამით დააგვიანა. მხოლოდ ბაზერი ვნახეთ, ბითერი ვერა.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

  • შარლოტი – დენვერი 105:119 (ჯოკერის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 30, 16, 10)
  • ორლანდო – მაიამი 103:107
  • ვაშინგტონი – ინდიანა 127:113
  • ატლანტა – სან ანტონიო 125:106
  • ნიუ იორკ ნიქსი – იუტა ჯაზი 126:120
  • კლივლენდი – ჩიკაგო 97:89

დღეს ბოსტონი მემფისს მიიღებს, თბილისის დროით 23:00 საათზე.