სარჩევი

ბოსტონმა ჩიკაგოს უმასპინძლა და 107:99 დაამარცხა. ბოსტონის ბალანსი 29-12 ზეა და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პირველ ადგილს იკავებს.

შეხვედრა კარგად დაიწყო, თამაში წაუვიდა ტეიტუმს, დეროზანს, ჯეილენ ბრაუნს, რომლის დრიბლინგებმაც კაირი ირვინგი გამახსენა, მაგრამ რაღაც გაფუჭდა. ისევ ტრავმა.

ტური ისე არ გავა, რომ ერთი ვარსკვლავი არ დავკარგოთ. ამჯერად დეროზანმა მიიღო დაზიანება და მატჩს გამოეთიშა. როგორც ითქვა, კუნთის ტრავმა აქვს. მცირე ხნით დასვენება მოუწევს.

ბოლოს კევინ დურანტის ტრავმაზე ვწერდით.

მისი გასვლის შემდეგ ლიდერობა ზაკ ლავინმა იტვირთა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბოლო წუთებზე ჩაყრილი სამქულიანები. თითქოს მოაბრუნა კიდეც თამაში, მაგრამ ტეიტუმმა ყველაფერი ბოსტონის სასიკეთოდ შეცვალა.

ტეიტუმის ანგარიშზე 32 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასია.

ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზე 19 ქულა, 5 მოხსნა და სამი პასი.

გრანტ უილიამსის ანგარიშზე 20 ქულა, 8 მოხსნა და ერთი პასი.

ბულსის შემადგენლობაში უკვე ნათქვამი მიზეზის გამო დეროზანმა მხოლოდ 23 წუთი დაჰყო პარკეტზე, ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

ზაკ ლავინმა 27 ქულას, 7 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ნიკოლა ვუჩევიჩს 21 ქულა, 13 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა.

ნიუ იორკ ნიქსი vs მილუოკ ბაქსი

ნიქსი ბაქსთან 107:111 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ჯეილენ ბრუნსონი დომინირებდა. ვერაფერი მოუხერხეს და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლიც დააფიქსირა.

თუმცა, როცა მოწინააღმდეგე გუნდს იანისი ჰყავს და ბრუკ ლოპესიც ჯანმრთელია, 44 ქულაც ვერ იქნება საკმარისი მეტოქის დასამარცხებლად.

ჯეილენ ბრანსონმა 44 ქულას 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც მიამატა.

25 ქულა, 16 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა ჯულიუს რენდელს.

მილუოკის შემადგენლობაში 22 ქულას, 10 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი იანისმა.

კვლავ არ უთამაშია კრის მიდლტონს. ჯერჯერობით დაზიანებული მუხლი დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

სხვა თამაშები ასე დასრულდა:

ვაშინგტონი – პელიკანსი 112:132

მემფისი – სან ანტონიო 121:113

დენვერი – ლეიკერსი 122:109

საკრამენტო – ორლანდო 136:111