სარჩევი
2023 იან 09, 14:02 შშ
2 წუთის საკითხავი

მაიამიმ ბრუკლინს უმასპინძლა და ერთი ქულით – 101:102 დამარცხდა.

ბოლო სროლა კაირი ირვინგმა დაიტოვა, თუმცა, სამქულიანი გააცუდა, როის ონილმა მეტოქის ფარზე მოხსნა და გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.

კარგი მატჩი გამოვიდა, თუმცა, ცუდიც ვნახეთ, – ჯიმი ბატლერი ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან ცუდად შეეჯახა კევინ დურანტს. კევინს ფეხი მოჰყვა და სავარაუდოდ მუხლი დაიზიანა. პარკეტი დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

არის საფრთხე, რომ კევინ დურანტმა ისევ მყესები დაიზიანა. სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. დაჭიმულობის შემთხვევაში, როგორც წესი, 4-დან 5 კვირამდე პაუზაა საჭირო. გაწყვეტის შემთხვევაში 6-დან 9 თვემდე. თუმცა, ასეთი მძიმე დაზიანების შთაბეჭდილება არ დარჩენილა.

დურანტმა პარკეტზე 30 წუთი დაჰყო, დააგროვა 17 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. კაირი ირვინგის ანგარიშზე 29 ქულა, 1 მოხსნა და 6 პასია.

მაიამის რიგებში, ჯიმი ბატლერმა 26 ქულას, 8 მოხსნასა და ერთ შედეგიანს გადაცემას მოუყარა თავი.

ბრუკლინის საქმე როგორც იქნა კარგად წავიდა, ახლა კი ახალი პრობლემა გაჩნდა. იმედია კევინ დურანტი სწრაფად დაბრუნდება.

ოკლაჰომა vs დალასი

შეი გილჯეს-ალექსანდერმა 33 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ეს 24 წლის კალათბურთელის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო ლიგაში.

ოკლაჰომამ 120:109 დაამარცხა დალასი.

დალასის შემადგენლობაში ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა კრისტიან ვუდს, – 27 ქულა, 16 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა.

თუმცა, ლუკას გარეშე დალასი სულ სხვა გუნდია. დონჩიჩს კოჭის ტრავმა აწუხებს. უცნობია კიდევ რამდენი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ტრავმირებულია დონჩიჩი, დურანტი, უილიამსონი, მორანტი, ემბიდი, ვერ არის კარგი პერიოდი NBA-სთვის.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

დეტროიტი – ფილადელფია 111:123

ტორონტო – პორტლენდი 117:105

ინდიანა – შარლოტი 116:111

მემფისი – იუტა 123:118

ჰიუსტონი – მინესოტა 96:104

ფინიქსი – კლივლენდი 98:112

კლიპერსი – ატლანტა 108:112