სარჩევი
დიუსელდორფის ფორტუნა vs კარლსრუე - ბუდუ ზივზივაძე | Setanta Sports

დიუსელდორფის ფორტუნა vs კარლსრუე – ბუდუ ზივზივაძე სეზონის პირველ გასვლით შეხვედრას ძირითადში დაიწყებს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება.

ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ის სეზონის პირველ შეხვედრაში ჰეთ თრიკი გაიფორმა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ნიურნბერგს მატჩი 0-2-დან შემოუტრიალა და კარიერაში მე-5 ჰეთ თრიკი გაიფორმა. მანამდე ბუდუს ერთ მატჩში სამი გოლი მეშახტის, ლოკომოტივის და ორჯერ სიონის კარში გაეტანა.

Kicker-ის ვერსიით, ბუდუ ბუნდესლიგა 2-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

საინტერესოა, რომ ბუნდესლიგაში ბუდუს უკვე 16 გოლი დაუგროვდა, რითიც ლევან კობიაშვილს გაასწრო.

ბუდუ ბუნდესლიგა 2-ში გოლებით მხოლოდ ალექსანდრე იაშვილს ჩამორჩება. იაშკას ამ ლიგაში რეკორდი როგორც გოლების, ასევე ჩატარებული მატჩების მხრივ ეკუთვნის.

ალექსანდრე იაშვილს ბუნდესლიგა 2-ში 241 შეხვედრაში 47 გოლი და 51 საგოლე გადაცემა აქვს.

დიუსელდორფი vs კარლსრუე

გასულ სეზონში ფორტუნას ბუნდესლიგაში დაბრუნებამდე მისხალი დააკლდა. პლეი ოფის პირველი შეხვედრა თიუნეს გუნდმა ბოხუმს სტუმრად 3-0 მოუგო. თუმცა საპასუხო შეხვედრა შინ, მერკურ შპილ არენაზე იმავე ანგარიშით წააგო, პენალტებში კი 5-6 დამარცხდა.

ამ შოკის მიუხედავად, ფორტუნამ ეს სეზონი გამარჯვებით დაიწყო. 1-ელ ტურში, დიუსელდორფელებმა, სტუმრად დარმშტადტს 2-0 სძლიეს.

ურთიერთშეხვედრებში გუნდებს 52 მატჩი აქვთ ჩატარებული. ბალანსი თითქმის თანაბარია. 20 მატჩი ფორტუნამ მოიგო, 18 კარლსრუეს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 14 ფრედ დასრულდა.

საინტერესოა, რომ თანაბარი სტატისტიკის მიუხედავად კარლსრუეს გასვლაზე ფორტუნა 2016 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.

გასულ სეზონში ფორტუნამ ლიგაში ყველაზე მეტი 72 გოლი გაიტანა, კარლსრუემ კი 68 გოლით მე-3 მაჩვენებელი დააფიქსირა.

ფორტუნას ბუნდესლიგა 2-ში 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ეს კი კლუბის ისტორიაში მე-2 საუკთესო მაჩვენებელია.

ბუდუ ზივზივაძე vs ფორტუნა

ბუდუს ფორტუნასთან სადებიუტო სეზონში არ უთამაშია. 2023-24-ში კი მონაწილეობა ორივე მატჩში თადარიგიდან მიიღო, თუმცა გოლი არ გაუტანია. ნავსის გატეხვას საქართველოს ნაკრების ფორვარდი ცხადია, დღეს ეცდება.

გასულ სეზონში ბუდუს 1 ბურთის გასატანად საშუალოდ 110 წუთი სჭირდებოდა. ამ მაჩვენებლით, ქართველი მხოლოდ ფორტუნას ბერძენ ფორვარდს, ხრისტოს ციოლისს ჩამორჩა, რომელსაც 2 წუთით ნაკლები დრო ჰქონდა თითო გოლზე დაფიქსირებული.