ბრენდონ ნაკაშიმა Next Gen-ის გამარჯვებულია

ბრენდონ ნაკაშიმა Next Gen-ის გამარჯვებულია | Setanta Sports

მილანში გამართული ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი ამერიკელი ჩოგბურთელი ბრენდონ ნაკაშიმა გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ჩეხი ოპონენტი ირი ლეჰეჩკა დაამარცხა (4:3, 4:3, 4:2).

მატჩი ლეჰეჩკას უპირატესობით დაიწყო, თუმცა მან სეტის დახურვა ვერ შეძლო, ნაკაშიმამ უკუბრეიკი შეასრულა და ტაიბრეიკი საუცხოო თამაშით მოიგო. მეორე პარტიაში ჩეხმა კვლავ ბრეიკით დაიწყო და 2-0 დაწინაურდა, თუმცა ბრენდონი აქაც დაბრუნდა და ორი სეტპოინტის გადარჩენის შემდეგ, მეორე სეტის ტაიბრეიკიც სათავისოდ დაიტოვა. ნაკაშიმამ თავისი აგრესიული თამაში მესამე სეტშიც განაგრძო და აქ უკვე ბრეიკით შეძლო წარმატების მოპოვება.

ნაკაშიმა, რომელიც ამ გამარჯვების შემდეგ რეიტინგში უკვე 48-ე ადგილს იკავებს, დაუმარცხებელი ჩემპიონია, რისთვისაც ის 432 ათას დოლარს მიიღებს.

ეს ბრენდონ ნაკაშიმასთვის კარიერაში მეორე ტიტულია. წელს ის სან დიეგოში 250-ქულიანი ტურნირის ტრიუმფატორიც გახდა. მილანში მოგებული ტიტულის შემდეგ ამერიკელი უბედნიერესია:

„ბრწყინვალე კვირა გამოვიდა, ძალიან გახარებული ვარ. ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. ბედნიერი ვარ, რომ ეს თასი ამერიკაში მიდის“.

Next Gen-ის ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება და მუდმივად ინოვაციებით გამოირჩევა. აქ სეტი 4 გეიმამდე გრძელდება, გეიმში 40:40-ის შემთხვევაში კი გადამწყვეტი ქულა თამაშდება. წლევანდელ ღონისძიებაზე დამატებითი სიახლე იყო ის, რომ თუ მოთამაშე ქულას მხოლოდ ერთი დარტყმით მოიგებდა, მას შემდეგი ჩაწოდებისთვის 15 წამი ეძლეოდა. შედეგად, გეიმები ბევრად უფრო სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა.

ნაკაშიმა ახალგაზრდული შემაჯამებლის ისტორიაში მეხუთე ჩემპიონია. შარშანდელი გამარჯვებული კარლოს ალკარასი გახდა, რომელმაც ფინალში ჰოლგერ რუნეს აჯობა. იქამდე ჩემპიონები იანიკ სინერი, სტეფანოს ციციპასი და ჰეიონ ჩანგი იყვნენ.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე