სარჩევი
AO
2023 იან 15, 18:16 შშ
5 წუთის საკითხავი

სულ მალე 2023 წლის დიდი სლემის პირველი გათამაშება აიღებს სტარტს.

მანამდე კი თვალი გადავავლოთ ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. რას ველოდებით? ვის უნდა დავაკვირდეთ? ერთად ვნახოთ.

მოქმედი ჩემპიონი – რაფა ნადალი

რაფა ნადალი მელბურნში.
რაფა ნადალი მელბურნში.

ერთი წლის წინ ტრავმიდან ახალდაბრუნებულმა რაფაელ ნადალმა მთელი საჩოგბურთო სამყარო კვლავ აღტაცებაში მოიყვანა.

მელბურნში ჩატარებული დაუვიწყარი ორი კვირა მან ფინალში, დანილ მედვედევის დამარცხებით დააგვირგვინა და ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი მეორედ გახდა.

ესპანელი წელს ტიტულის დაცვას და სარეკორდო 23-ე სლემის მოგებას დაუმიზნებს. თუ რამდენად რეალურია ეს შესაძლებლობა მისი ამჟამინდელი ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით, სათუო საკითხია.

ნადალი წლევანდელ AO-ს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გარდა არასახარბიელო შედეგებით ხვდება: მან ბოლო ჩატარებული შვიდი მატჩიდან ექვსი წააგო.

წარუმატებლად გამოვიდა United Cup-ზეც, სადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

თუმცა, წინასატურნირო პრეს-კონფერენციაზე რაფამ გულშემატკივართათვის დამაიმედებელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მომზადების პროცესი კარგად მიდის:

“ბოლო პერიოდში ჩემი მომზადებით კმაყოფილი ვარ. ასევე მიხარია, რომ ზედიზედ სამი კვირის განმავლობაში ვარჯიშები ძალიან მცირე ტკივილების ფონზე ჩავატარე. ეს დიდი ხანია არ მომხდარა. საფუძველი შესაფერისია. ვარ თუ არა მზად ამ ტურნირისთვის, ეს ორშაბათს გამოჩნდება”,

– რაფა ნადალი.

პირველ ნომრად განთესილ ესპანელს ბადემ პირველსავე წრეში საინტერესო გამოწვევა არგუნა: რაფა 21 წლის ტალანტს, ჯეკ დრეიპერს შეებმება.

ტანმაღალი ბრიტანელი თავისი ბრწყინვალე ჩაწოდებებითა და ბადესთან თამაშის მაღალი დონის უნარებით გამოირჩევა. ის ახალი თაობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია.

ნადალის პრეს-კონფერენცია შეუძლებელია ნოვაკ ჯოკოვიჩის თემის გარეშე ჩავლილიყო. რაფა კვლავ თავისი აკადემიური პასუხით გამოირჩა:

“მე ვერ გავაკონტროლებ ჯოკოვიჩს. მე ვფიქრობ იმაზე, რისი კონტროლიც შემიძლია. ტურნირის დაწყების წინ ნომერ პირველი ფავორიტი უდაოდ ნოვაკ ჯოკოვიჩია, თუმცა ტურნირებს მის დაწყებამდე არ იგებენ. თუ ის გამარჯვებას შეძლებს, ეს იქნება ისტორიული მიღწევა. მაგრამ ამით ჩემი ცხოვრება არ შეიცვლება”,

– თქვა ნადალმა.

ჯოკოვიჩის ავსტრალიური ჰეგემონია

ჯოკოვიჩი აღნიშნავს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებას, 2021.
ჯოკოვიჩი აღნიშნავს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებას, 2021.

“როდ ლეივერ არენა ჩემი საჩოგბურთო კარიერის მთავარ მოგონებებთან ასოცირდება”, – ეს ნოვაკ ჯოკოვიჩის სიტყვებია.

ნოლე ავსტრალიურ ტურნირებზე 2018 წლის შემდეგ დაუმარცხებელია. ხუთი წლის წინ მან სლემის მეოთხე რაუნდში პერსპექტიულ სამხრეთ კორეელთან, ჰეიონ ჩანგთან წააგო.

ახალი წელი სერბმა სწორედ ავსტრალიაში, ადელაიდის ტურნირის მოგებით გახსნა. ის ამჟამად 34-მატჩიან მოგებათა სერიას ინარჩუნებს.

პოზიტიური განწყობის შექმნას ხელი ნიკ კირიოსთან გამართულმა ამხანაგურმა შეხვედრამაც შეუწყო. მელბურნში მას ქომაგებმა მხურვალე დახვედრა მოუწყვეს.

ნოვაკის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისგან ის მუდმივად დადებით ენერგიას იღებს:

“მე ავსტრალიაში იმაზე გაცილებით მეტი კარგი გამოცდილება მაქვს მიღებული, ვიდრე გასულ წელს მომხდარის დროს მივიღე. იმ ხალხთან, რომლებთან შეხებაც ყოველდღიურად მიწევს, ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ თავს. არავისგან რაიმე უარყოფითი არ მიგრძვნია. ყველა კარგად მეპყრობა და მხარს მიჭერს”,

– ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ჯოკოვიჩის თვალწინ უნიკალური შესაძლებლობა იშლება: მას აქვს შანსი სარეკორდო მე-10 ავსტრალიური სლემი მოიგოს. გაუთანაბრდეს რა რაფა ნადალს სლემების რბოლაში. ასევე, გადაუსწროს კარიერაში მოგებული 93-ე ტიტულით.

პირველ წრეში ნოლეს ოპონენტი რეიტინგის 75-ე ნომერი, ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა იქნება.

ბრძოლა პირველი ნომრობისთვის

კასპერ რუდი და სტეფანოს ციციპასი.
კასპერ რუდი და სტეფანოს ციციპასი, 2023.

ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტეფანოს ციციპასი, კასპერ რუდი – ყველა მათგანი გათამაშებას იმ გარანტიით ხვდება, რომ ჩემპიონობის შემთხვევაში მსოფლიო რეიტინგში გალიდერდება.

ნორვეგიელს ამისთვის ფინალში მოხვედრაც ეყოფა, თუ რა თქმა უნდა ტიტული ნოვაკს ან სტეფანოსს არ დარჩათ.

თუ აქედან არცერთი სცენარი არ გამართლდა, ტრავმირებული კარლოს ალკარასი საწყის პოზიციაზე ხელუხლებელი დარჩება.

ციციპასს ავსტრალიურ სლემზე ცუდი შედეგები ნამდვილად არ აქვს: ბერძენი აქ სამგზის ნახევარფინალისტია. 15-5-ზეა მოგება-წაგების ბალანსი.

საინტერესო იქნება კასპერ რუდზე დაკვირვება, რომელმაც შარშან სლემის ორ ფინალში გააღწია. თუმცა, შარშან მელბურნში მეოთხე რაუნდს დასჯერდა.

ქემერონ ნორი და ტეილორ ფრიცი.
ქემერონ ნორი და ტეილორ ფრიცი, 2023.

აგრეთვე, სეზონის პირველ სლემს საუცხოო ფორმაში ხვდებიან ტეილორ ფრიცი და ქემერონ ნორი.

ფრიცმა აშშ-ს ნაკრებს ულიდერა და დიდი წვლილი შეიტანა United Cup-ის პირველი გამოშვების მოგებაში.

ნორი ერთადერთი იყო, ვინც ფრიცს აჯობა. ბრიტანელის ბალანსი წელს უკვე 6-1-ია, წააგო ოკლენდის ფინალში.

პირველ წრეში ტეილორის მეტოქე საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება.

Top 10 და კირიოსი

ჰოლგერ რუნე და ნიკ კირიოსი.
ჰოლგერ რუნე და ნიკ კირიოსი, 2023.

ათეულში რამდენიმე გამორჩეული ახალგაზრდა იმყოფება, რომლებმაც ბოლო პერიოდში აქტიურად შეძლეს თავის გამოჩენა.

2022-ში საუკეთესო სეზონი ჰქონდა ფელიქს ოჟე-ალიასიმს. კანადელმა როგორც იქნა გატეხა ნავსი და დაიწყო ტიტულების მოგება.

მას უკვე ოთხი თასი დაუგროვდა. პირველ წრეში ოჟესგან იოლ გამარჯვებას ელიან თანამემამულე პოსპიშილის წინააღმდეგ.

მეათე ნომრადაა განთესილი ჰუბერტ ჰურკაჩი, რომელმაც პოლონეთის ნაკრებს United Cup-ზე ორი გამარჯვება მოუტანა.

ჰუბი მელბურნში მეორე წრეს არასდროს გასცდენია, მაგრამ წელს ამის კარგი შანსი ექნება. ჰურკაჩი პირველ წრეში პედრო მარტინესით იწყებს.

საქმეში ერთვება ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშკა ვარსკვლავი ჰოლგერ რუნეც. მან სულ ცოტა ხნის წინ უკვე შეაღწია Top 10-ში და ავსტრალიაში მეცხრე ნომრადაა განთესილი.

19 წლის ამბიციური რუნე პირველ რაუნდში ფილიპ კრაინოვიჩს შეერკინება.

და რა თქმა უნდა – ნიკ კირიოსი. ამ ადამიანმა არაერთგზის დაამტკიცა, რომ რეიტინგი მხოლოდ ციფრებია.

ნიკმა შთამბეჭდავი 2022-ის სეზონი ჩაატარა, გავიდა პირველად დიდი სლემის ფინალში უიმბლდონზე.

ჰქონდა კარგი შანსი US Open-ზეც, სადაც გულშემატკივარს იმედები გაუცრუა. მაგრამ პირობა დადო, რომ მომავალ წელს თავის მაქსიმუმს გაიღებდა.

ავსტრალიელები კირიოსს ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებენ. კირიოსი ამბობს, რომ ეს დიდი პატივია.

მან საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე 2015 წელს აჩვენა, როცა 1/4 ფინალში გააღწია. წელს მისგან ამის გაუმჯობესებას ელიან. ნიკი პირველ წრეში საფიულინით გახსნის.

როგორც თავად არაერთხელ უთქვამს, მისთვის დიდ სცენაზე ყოფნა დიდ სტრესთანაა დაკავშირებული.

ასე რომ, სლემის მოგების შემდეგ, ნიკი ჩოგბურთიდან დაუფიქრებლად წავა.

ავსტრალიის ღია პირველობა 16 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართება.