რაგბის მსოფლიო 2023 ჩემებურად – ჩრდილოური ზღაპრების სასაფლაო

რაგბის მსოფლიო 2023 ჩემებურად - ჩრდილოური ზღაპრების სასაფლაო | Setanta Sports

რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი ისეთი ახალგაზრდაა, მისი ქრონოლოგია ჩემი თაობისთვისაც მარტივად გასახსენებელი და დასამახსოვრებელია. 1987 წლიდან მოყოლებული ტარდება. სათავეს სარაგბო მექიდან, „იდენ პარკიდან“ იღებს და 2023 წლის 28 ოქტომბერს „სტად დე ფრანსზე“ სრულდება.

მსოფლიოს 10 ჩემპიონატი 4 გამარჯვებული

ჯამში უკვე 10-ჯერ ჩატარდა და მხოლოდ 4 სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა. უებ ელისის სახელობის თასი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ერთადერთხელ, 2003 წელს დარჩა.

წელსაც ასეთი პირი უჩანდა, ყველანაირი ლოგიკა და გუნდების სათამაშო ფორმა ამისაკენ მიუთითებდა, მაგრამ უილკინსონობა არც სექსტონს, არც ფარელს და არც ანტუან დუპონს გამოუვიდა.

განსაკუთრებული ენთუზიაზმით დაწყებული მუნდიალი, წინა ცხრის მსგავსად, ისევ ფრანგების შოკით, ირლანდიელების კრომახის წყევლითა და სამხრეთის ბატონობით დასრულდა.

ახალი ზელანდია უებ ელისის თასის გამარჯვებულია | Setanta Sports

რაგბის მსოფლიო 2023 – საფრანგეთი

არადა, ადგილობრივებისათვის, დასასრული ჰეფი-ენდით უნდა გაფორმებულიყო. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთში ამის სწამდათ.

დამაჯერებლობას გახსნით შეხვედრაში თვით ახალი ზელანდიის დამარცხება ანიჭებდათ. მაგრამ ფრანგულმა ოცნებებმა კეთილი იმედების კონცხი ვერ გაიარა და მალევე, მეოთხედფინალშივე, კატასტროფა განიცადა.

ფინალში სამჯერ მარცხი, 2007-ში ინგლისთან შინ წაგებული ნახევარფინალი თუ 2015-ში ზელანდიელებთან გამანადგურებელი ანგარიშით შერცხვენა. ნეტავ, რომელი მათგანი გამოდგება შესადარებლად იმ იმედგაცრუებასთან, რომელიც ამ თამაშს თან ახლდა.

რა უნდა იყოს იმაზე კარგი საწინდარი წარმატებისაკენ, ვიდრე ახალგაზრდული ნაკრების უწყვეტი დომინაცია, საუკეთესო შიდა ჩემპიონატი, ფინანსურად ყველაზე მდიდარი სარაგბო გარემო…

მოკლედ, „მამლებისთვის“ გამარჯვებულის მენტალიტეტი ძნელად ჩამოსაყალიბებელი ყოფილა და მთავარი გვირგვინის მოპოვებისათვის კიდევ 4 წლით მოცდა მოუწევთ.

რაგბის მსოფლიო თასი 2023 - საფრანგეთი შინ დამარცხდა | Setanta Sports

რაგბის მსოფლიო 2023 – ირლანდია

თუ საფრანგეთის გამოსვლას უიღბლობის ჭრილში შევხედავთ, მაშინ სპორტშიც კი რთულია იმაზე მძიმე სერიის გახსენება, ვიდრე ირლანდიელების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობა. კრომახის წყევლამ ქის ვუდის, რონან ო’ჰარას და ბრაიან ოდრისკოლის შემდეგ, უგვირგვინოდ ჯონი სექსტონიც შეიწირა.

ტურნირის შემდეგ კარიერადასრულებულმა ირლანდიელთა კაპიტანმა ერთი ძვირფასი, რამ თქვა. შეიძლება წავაგეთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მოტივაცია და მიზანი ირლანდიელი ხალხის შთაგონება იყო და ეს გამოგვივიდაო.

მართლაც, მიუხედავად ყველაფრისა, სექსტონს სულ შეეძლო, რომ ირლანდიაში პატარა ბავშვებისთვის ინსპირაციის წყარო ყოფილიყო. ვინ იცის, იქნებ იმ ბავშვებიდან, ვიღაც უფრო დიდ სექსტონად გაიზარდოს. იმ სექსტონად, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინს დაიდგამს.

ისე, ირლანდიელების ბოლო შეტევაში მეც სწორედ იმ კაცის გამო მქონდა ლელოს იმედი, რომელსაც წლების წინ სწორედ „სტად დე ფრანსზე“ 42-ფაზიანი შეტევის შემდეგ ცენტრიდან არეკნი ჰქონდა გატანილი და თამაში მოგებული.

მიუხედავად სენტიმენტებისა, ისტორიაში არც ერთხელ ნათამაშები ნახევარფინალი ისეთი დიდი შავი ლაქაა, რომ მას 6 ერზე მიღწეული ვერცერთი წარმატება გამოასწორებს.

არადა ირლანდიური საათი ისე გამართულად მუშაობდა, როგორც არასდროს. თითქოს ეს იყო პიკი, რომელსაც ვერაფერი აჯობებდა, მაგრამ ზელანდიელებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ აუტსაიდერად არასდროს უნდა ითვლებოდნენ, ირლანდიელებისაგან კი სახსოვრად ისევ მძიმე მოგონებები და ერთხმად შესრულებული „ზომბი“ დაგვიტოვეს.

რაგბის მსოფლიო 2023 - ირლანდის იმედგაცრუება | Setanta Sports

რაგბის მსოფლიო 2023 – მეოთხედფინალები

მომდევნო ეტაპი გამოკვეთილი ფავორიტების გამარჯვებით დასრულდა. უკეთესი აფიშის მქონე თამაშების ნახევარფინალის ნაცვლად, მეოთხედფინალში ხილვა რაგბის მსოფლიო ფედერაციის ბრალია, რომელიც წილისყრებს 3 წლით ადრე ატარებს. ამიტომაც, არ გეტყვით დეტალურად, თუ რა მოხდა უელსი-არგენტინასა და ინგლისი-ფიჯიში.

რაც არ უნდა მომხდარიყო, შოუს სწორედ ის ორი მეოთხედფინალი იპარავდა, რომელიც გავიხსენეთ. საბედნიეროდ, 2027-ის მსოფლიოსთვის ჯგუფების შესახებ შედარებით მიახლოებულ პერიოდში გავიგებთ, თანაც უკვე შეცვლილი ფორმატით, სადაც 20-ის ნაცვლად მუნდიალზე 24 გუნდი იასპარეზებს.

რაგბის მსოფლიო 2023 – ნახევარფინალები

ნახევარფინალში არგენტინელებს თავიანთი ჟინი და ბრძოლისუნაირანობა არ ეყოთ. რაც პრინციპში მოსალოდნელი იყო, რამდენად დიდი მონდომებაც არ უნდა ჩაედოთ სამხრეთ ამერიკელებს, კლასში სხვაობა უდიდესი იყო და ზელანდიაც ისტორიაში მეხუთედ ფინალში გავიდა.

სანამ ყველა 1995-ის რიმეიქის თუ სიქველის მოლოდინში იყო ინგლისმა სამხრეთ აფრიკას ისეთი დამართა, ძნელად დასაჯერებელი რომ ჩანდა. წვიმიან პარიზში „ვარდებმა“ ისედაც პრაგმატულ აფრიკას, კიდევ უფრო პრაგმატული სტილი შესთავაზეს. ბურთი ჰაერში იმდენად ხშირად იყო, ზოგიერთმა აფრიკელმა მასთან შეხებაც ვერ შეძლო. ამ თამაშს ინგლისი აუცილებლად მოიგებდა, რომ არა ერთი მრგვალი და ძალიან ძლიერი კაცი.

ოქს ნჩეს სწორ კვებასთან დაკავშირებით რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ, შერკინებას სალათების ჭამით ვერ მოიგებო. ასე რომ, ინგლისელებმა შოკოლადის ნამცხვრის თითოეულ ნაჭერს დააბრალონ ის, რაც მარქაფიდან მინდორზე შემოსულმა ბურჯმა მათ დამართა.

გუნდებს შორის ყველაზე დიდი სხვაობის არსებობისასაც კი ძნელი საპოვნელია თამაში, სადაც ერთი მეორეს შერკინებაში ზედიზედ 5-ჯერ დააჯარიმებს. ოქს ნჩემ კი ეს ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გააკეთა. აფრიკამ ისევ ერთი ქულით მოიგო.

საფლეიოფო შეხვედრების ფონზე უხსენებლად მსაჯობის ამბავს არ ჩაუვლია, მაგრამ ისტორია სამსაჯო უსამართლობის მიმართ ძალიან ლმობიერია. დრო რაც უფრო გადის 2007 წლის ფრანგების წინ პასი ზელანდიასთან, 2011-ის ფინალში კაინოზე არ დასტვენილი ჯარიმა და სხვა მსგავსი მომენტი კიდევ უფრო მივიწყებული ხდება. ხოდა დამიჯერეთ, წელს მომხდარსაც ეგ ბედი უწერია.

სამხრეთ აფრიკა vs ახალი ზელანდია – ფინალი

ფინალზე ბევრისგან გაიგებდით, რა უსახური და არასანახაობრივი თამაში იყოო. ცხადია, ეგ მოსაზრება მართებულია. როგორ შეიძლება, კაცნაკლული გუნდი გჯობდეს, მეორე ტაიმში ქულა ვერ აიღო, ლელოც ვერ დადო და მხოლოდ ჯარიმებით მოპოვებული 12 ქულა გეყოს ჩემპიონობისათვის, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი მარტო ერთ ქვეყანას აქვს.

სამხრეთ აფრიკას ეგ 1995-შიც გამოუვიდა, 2007-შიც და უკვე 2023-შიც. ‘

მერწმუნეთ, 2019-შიც ლელოს გარეშე მოიგებდნენ, უბრალოდ იქ ინგლისელები გატყდნენ და ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლეს „ქურციკების“ შეთავაზებულ სარაგბო კატენაჩოს. დაცვით მანქანას, რომელსაც შეტევისათვის მხოლოდ სანდო დამრტყმელი სჭირდება.

სტრანსკისა და მონტგომერის შემდეგ აფრიკამ ისეთი 10-იანი გაზარდა, რომელსაც ვენებში მართლა ყინული აქვს. არადა ბედის ირონია იქნებოდა, მისი ამ მუნდიალზე არყოფნა. ამასთან კი ძალიან ახლოს ვიყავით.

დიახ, მალკოლმ მარქსმა, სამხრეთ აფრიკის 2-მა ნომერმა, ტრავმა ტურნირის მსვლელობისას მიიღო და მის ნაცვლად, გუნდში დარჩენილი თავისუფალი ადგილის შესავსებად, სწორედ 10 ნომერი, ანდრე პოლარდი ჩამოვიდა.

ანდრე პოლარდი სამხრეთ აფრიკის 10 ნომერი არეკნის დარტყმისას | Setanta Sports

შუა მუნდიალისას გახურებულმა კაცმა, რომელსაც ბავშვობაში ექიმობა სურდა, იმ პროფესიის სიზუსტე მინდორზე გადმოიტანა და თავისი დარტყმებით ჯერ საფრანგეთი, მერე ინგლისი და ბოლოს ახალი ზელანდია დაამარცხა, სულ თითო-თითო ქულით.

1995-ის მსგავსად, აქაც იგივე შედეგი, იგივე ჩემპიონი. ზედიზედ მეორედ და ჯამში მეოთხედ, სამხრეთ აფრიკამ ზელანდია გაიმეორა და მერე ისტორია ახლიდან გადაწერა.

4-დან 4 მოგებული ფინალი, აქედან ორჯერ დამარცხებული ახალი ზელანდია, სარაგბო ოლიმპოს მთაზე მთავარი კონკურენტი. ინდივიდუალისტებს თუ დავივიწყებთ და სია კოლისის რიჩი მაქქოუობას არ დავაბრალებთ, პოლარდს კი კარტერობას, მსოფლიოს ჩემპიონატური მემკვიდრეობით, აფრიკელები ძალიან წინ გაფრინდნენ. 

სამხრეთ აფრიკამ რაგბი მსოფლიო თასი 2023 მოიგო | Setanta Sports

მსოფლიო თასი 2027

მოკლედ, წინ 2027 წლის ავსტრალიაა და ჩრდილოელებიც გვირგვინის ისევ იმ ქვეყნიდან მოპარვას შეეცდებიან, საიდანაც 20 წლის წინ გამოუვიდათ.

ახალი უილკინსონის ძიებაში კი ვებ ელისის ოქროს თასი ისევ იქ შეინახება, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში ინახებოდა.

საფრანგეთი 2023-მა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზღაპრული დასასრულის წარმოდგენები ისევ შავ-თეთრ აგონიად გადაუქცია, ოვალურმა ბურთმა კი კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა ის, რაც ისედაც ვიცოდით.

რაგბი სამხრეთელების თამაში ყოფილა.

ავტორის შესახებ
Giorgi Tsikhistavi
Giorgi Tsikhistavi
მე ფეხბურთის კომენტატორი და Setanta Sports-ის გუნდის წევრი უკვე 3 წელია. სპორტის სახეობის ინტერესი წერის მიზანი კი არის ფართოდ გავრცელებული საუბრისა, რაზეც საკომენტატორო ჯიხურში განხილული განსხვავებული ფორმატის გამო არ არის სხვა. დიპლომირებული სამედიცინო ბაკალავრი და აზრი, პირვანდელი პროფესიის დროებითი დროებითი, ჩემი სპორტსმენირებული საქმიანობით გამართლებული გადაწყვეტილებაა.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე