საქართველოს რაგბის ნაკრები – მარცხის ტოლფასი ფრე

საქართველოს რაგბის ნაკრები - მარცხის ტოლფასი ფრე | Setanta Sports

საქართველოს რაგბის ნაკრები – მარცხის ტოლფასი ფრე – რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან ახალგაზრდა ტურნირია. სპორტის ამ სახეობის ჩამოყალიბების გათვალისწინებით, ხომ მითუმეტეს.

პირველად 1987-ში ჩაატარეს და ისევ და ისევ რაგბის ჩაკეტილობის, ბრიტანული გავლენის სფეროების დომინაციისა და, სხვებისთვის ფინანსური ბარიერით გამოგონილი, მძიმე საზღვრების გამო, ყოველთვი ნაკლებად სენსაციური იყო და ასეთად რჩება კიდეც.

აქ სენსაცია და აუთსაიდერის გამარჯვება იმდენად უნიკალურ მოვლენასთან ასოცირდება, რომ ჩვენს მეხსიერებაში დაუვიწყარ ანაბეჭდს ტოვებს.

რამ უნდა დაავიწყოს ხალხს არგენტინული „რეკონკისტა“ მასპინძელ ფრანგებთან 2007-ში, ჯერ ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში.

ამავე მსოფლიოს რომ არ გავცდეთ, უდიდეს ფავორიტ ზელანდიასთან სწორედ საფრანგეთის გამარჯვება მეოთხედფინალში. იტყვით, საფრანგეთს რატომ ჩააცივდითო, მაგრამ 2011-ში ტონგელების ხსენებაც საჭიროა, „მამლებს“ ჯგუფში მეორე მარცხი რომ აგემეს.

მოდი, ასე დაწყებულ ჯაჭვს საქართველოც მივაბათ. ტონგასთან 2015-ში ჩვენი სახელი ყველაზე ჟღერადი გახდა. რომ არა იმავე დღეს იაპონელების მიერ სამხრეთ აფრიკის დამარცხებით გამოწვეული შოკი, შოუს მთავარი აქტორები 2015-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო იქნებოდა.

ჰო, იაპონელების ზღაპარი მარტო ბრიტანეთში რომ დამთავრებულიყო, რა უჭირს. 4 წლის მერე „საკურებმა“ რატომღაც მეოთხედფინალში თამაშიც მოინდომეს და გამოუვიდათ კიდეც.

მოკლედ, ამ ფრაგმენტული ისტორიული რაკურსით იმის თქმა მინდა, რომ ყოველგვარი მოძიების გარეშე, ჩემს, არც თუ ისე მდიდარ სარაგბო მეხსიერებაშიც კი მარტივად დამახსოვრებადია ყოველი მსოფლიოჩემპიონატური ამაღელვებელი და მოულოდენელი შედეგი.

საქართველო vs პორტუგალია ისტორია

სამწუხაროდ, 2023-შიც ისტორიული ფაქტის, არათუ მომსწრენი, არამედ მონაწილენი აღმოვჩნდით. პორტუგალიამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი თამაში სწორედ ჩვენთან არ წააგო. სასიხარულო მხოლოდ ისაა, რომ „თამაში არ წააგოს“ თქმა გვიწევს და არა „ მოიგოს“.

„მგლებთან“, როგორც მათ ეძახიან, აქამდე 25 შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ნათამაშები, საიდანაც 18-ჯერ ბორჯღალოსნებმა მოიგეს, 4-ჯერ – მეტოქემ და 3-იც ფრედ დასრულდა.

25-დან 3-ჯერ ფრე, დონით ასეთი განსხვავებული გუნდების თამაშში, ფეხბურთშიც კი დასაკვირვებელი ამბავია და რაგბიში ხომ მითუმეტეს. ოვალური მათემატიკით თანაბარი ანგარიშის დასმა, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია.

საქართველოს 18 გამარჯვებაში უკანასკნელი ერთა თასის ფინალში დამაჯერებელი სხვაობით (38-11) მოპოვებული ტიტული იყო. არც ფრე იყო შორეულ წარსულში საძიებელი. კოვიდის შემდეგ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა საშინაო კედლებში და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25-25.

საქართველო 18-18 პორტუგალია

თამაშის წინ ისეთი ვითარება იყო, რომ ლევან მაისაშვილის გუნდს აშკარა ფავორიტის სტატუსი ობიექტურად ენიჭებოდა. მაგრამ ერთი გარემოება მაინც აქტუალურად რჩებოდა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ყველა ნაკრები ექსტრა-ძალებს ხარჯავს, ექსტრა-მოტივაციით გადის მინდორზე და სპორტული ვნებით ისეთი მოწყურებული და მშიერია, როგორც არასდროს.

მარტივად რომ ვთქვათ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. დასტურის სახით სწორედ პორტუგალიის თამაში გვქონდა უელსთან, სადაც სამხრეთ ევროპელები თამაშში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ. უფრო მეტის მიღწევის შანსიც ექნებოდათ, მათ 9 ნომერს, სამუელ მარკესს, მნიშვნელოვანი ქულები ცუდი დარტყმებით რომ არ გაენიავებინა.

საქართველო-პორტუგალია დაიწყო. შაბათი დღის პირველი შეხვედრა, იქაური დროით შუადღის ორი საათი. ტულუზაში, „სტად მუნისიპალზე“, რომლის იასამნისფერი ტრიბუნები ქართველი ქომაგის სიუხვით შეწითლებული იყო.

დაიწყო და პირველივე შეტევა ისეთი გამოვიდა ბორჯღალოსნებს თვითრწმენა და თავდაჯერება რომ ერთი-ორად გაეზარდათ. ეს ნაღდად ის შეტევა და სულისკვეთება გახლდათ, რაც იქამდე ორი კვირით ადრე, „სტად დე ფრანსზე“ ავსტრალიასთან ვნახეთ, ოღონდ მეორე ტაიმში.

აკაკი ტაბუცაძემ სანაკრებო კარიერაში 30-ე ლელო დადო და მელელოვე „ბორჯღალოსნების“ ნუსხაში პირველი ადგილი განიმტკიცა.

პირველი ტაიმი საქართველოს სრული დომინაციით მიდიოდა და მეტოქეს საკუთარ ნახევარზე გადმოსვლის საშუალებასაც არ აძლევდა.

მიუხედავად მათ 5-მეტრიან ზონასთან ხშირი სტუმრობისა, მეორე ლელოს დადება ვერა და ვერ მოხერხდა. ორჯერ კი როცა გამოსავალი არ მოიძებნა, ნაკრები ფონს მოკრძალებული ჯარიმებით გავიდა.

13-0 უკვე ის ანგარიშია ფავორიტმა საკუთარ თავს მეტი სითამამის უფლება რომ უნდა მისცე, მაგრამ პორტუგალიელთა პირველი შეტევა ეგრევე ისეთი ლელოთი დაგვირგვინდა, რომელსაც არაფერი მოასწავებდა.

ხაზის ასე მარტივად გარღვევა უცნაურია და როცა ცენტრის ხაზთან იჭრება, იქ მეტოქის შეჩერებას წესით დამზღვევი ასწრებს. ჩვენს შემთხვევაში ვეღარც დამზღვევმა იმუშავა და პირველი ტაიმიც ორაზროვნად, მერყევი უპირატესობით 13-5 დასრულდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პორტუგალიელები ტაიმის მიწურულს რიცხვობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ, ეს შედეგი კიდევ უფრო მიუღებელი ჩანდა.

საქართველო 18-18 პორტუგალია მეორე ტაიმი

ახლა კი თამაშის მთავარ იმედგაცრუებას და ყველაზე საკვანძო მომენტს მივადექით. შესვენებას და მეორე ტაიმს, სადაც როლები გაცვლილი იყო. რაქში, კონტაქტის არეში, შერკინებასა და ყველა სათამაშო კომპონენტში საქართველო ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა.

გუნდს თითქოს, კონცენტრაციის ნაკლებობა შეეტყო. ჯერ მარტო მეტოქის გაცუდებული 4 აუტიდან ბურთის დატოვება რომ ვერცერთხელ მოხერხდა, ეგ ფაქტი რად ღირს.

მაისაშვილის გუნდმა ლელო კვლავ იდენტურ სიტუაციაში მიიღო. გაჭრილი ხაზი, რომელიც ვერავინ დააზღვია. მთავარი იმედი ალექსანდრე თოდუა იყო, მას კი ფეხი ძალიან უდროოდ დაუცდა.

თამაშის ყურებისას თითოეულ გულშემატკივარს გაუჩნდებოდა კითხვა, – ნუთუ, ეს ის ნაკრებია, რომელმაც ბათუმში იტალია და კარდიფში უელსი დაამარცხა?!

რატომ არავინაა ბურთის დომინანტური წამღები, სად გაქრა მოლი და შერკინება? ამ სტატიკურ კომპონენტებში დომინაციის დაკარგვის გარდა, ნაკრები ზედმეტად არასტაბილური გახდა.

მოკლედ, არ ვიცით და ჯერ ვერ გავიგებთ, თუ რა მოხდა გასახდელში, რა დავალებები იყო მწვრთნელისაგან ან მორაგბეებმა რა ვერ გადმოიტანეს მინდორზე, მაგრამ საქართველო ამ თამაშში აშკარა მარცხს გადაურჩა.

დიახ, გედეშს ის ჯარიმა რომ ზუსტად დაერტყა, პორტუგალიელებს კიდევ უფრო ისტორიული შედეგის დაფიქსირებაში დავეხმარებოდით.

სხვა საკითხია, გედეშამდე მატკავას რომ გაეტანა, პორტუგალიელები სხვანაირად დაარტყამდნენ ბურთს, უფრო ახლოს, 10-მეტრიანთან ეცდებოდნენ მოგებას და ჩვენ არ ჩაგვაბარებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთივე ჰიპოთეტური განხილვის თემაა, როგორც ამ თამაშის ძირითადი შემადგენლობა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოცხადებული სრული შემადგენლობა.

ზოგადი პრობლემების გასაანალიზებლად და სრული სურათის დასანახად, კიდევ 2 კვირა გვჭირდება. იქნებ ფიჯისთან და უელსთან შევამჩნიოთ რაიმე პოზიტიური ძვრები.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც. ასეთი მძიმე დანარცხების შემდეგ წარმატებული დაბრუნება საქართველოს ხშირად გამოსვლია.

ყველაზე რეალური და მოსალოდნელი სურათი კი შემდეგნაირია – საქართველო ახლოსაა, რომ 2003 წლის ჩემპიონატის მსგავსად, ვერცერთი შეხვედრა მოიგოს. ეს კი მხოლოდ იმ მსოფლიო თასზე მოხდა, სადაც ბორჯღალოსნების პროგრამა მაქსიმუმი მხოლოდ მონაწილეობა იყო.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე