ვინისიუსს ბარათი გაუუქმეს, ვალენსია დასაჯეს

ვინისიუსს ბარათი გაუუქმეს, ვალენსია დასაჯეს | Setanta Sports

ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს, ვალენსია კი დასაჯეს. მომდევნო 5 საშიანო მატჩს ღამურები ნაწილობრივ ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებენ.

ვინისიუსი დისკვალიფიკაციას აღარ მოიხდის. უპრეცედენტო გადაწყვეტილება საშეჯიბრო კომიტეტს ეკუთვნის.

რატომ გაუუქმეს ვინისიუსს წითელი ბარათი

მომხდარზე სამი მსაჯისგან შემდგარმა კომიტეტმა მიიღო. მასში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის, ლა ლიგისა და სპორტის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები შედიოდნენ.

ოფიციალური განცხადებით, გადაწყვეტილება არასრული სურათის ფონზე იყო გამოტანილი. ამაში კი ესპანური ფეხბურთის უფლებამოსილმა პირებმა VAR-ის ოთახში მყოფი მსაჯების ბრალეულობა დაინახა.

“გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დამახინჯებულ და მხოლოდ ნაწილობრივად ფაქტობრივ საფუძველზე. შესაბამისად, დადგინდა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებაზე სანქცია ვერ დაფუძნდება”.

ესპანეთის საშეჯიბრო კომიტეტი

როგორც ხედავთ, ვინისიუსს წითელი ბარათი არბიტრთა შეცდომისა და არათანმიმდევრულობის გამო გაუუქმეს.

რა სანქცია დაეკისრა ვალენსიას

ვალენსია ქომაგების ნაწილის რასისტული შეძახილებისა და შეურაცხყოფის გამო 45000 ევროს გადაიხდის.

ასევე, გუნდი მომდევნო 5 საშინაო შეხვედრას ლა ლიგაში, ნაწილობრივ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით გამართავს.

მანამდე, კლუბმა ვინისიუსის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტი დაგმო და გამოძიებაში სრული ჩართულობის პირობა დადო.

როგორ დაისაჯნენ მსაჯები

ვალენსია 1:0 რეალის მატჩი ვნებათაღელვით იყო სავსე. ყველაზე მძიმე შედეგი კი მსაჯთა კორპუსის წევრებისთვის დადგა.

ამ მატჩზე VAR-ის გუნდის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ნაჩო იგლესიას ვილიანუევას დამხმარე ხუთეული კი მსაჯობას მიმდინარე და მომდევნო სეზონების განმავლობაში ვეღარ შეძლებს.

მიზეზი კი ვინისიუსისა და უგო დუროს ეპიზოდის არასრულყოფილი ჩვენებაა. დე ბურხოს ბენგოეჩეამ მინდვრის მონიტორზე მხოლოდ ეპიზოდის დასკვნითი ნაწილი ნახა, სადაც ბრაზილიელი მეტოქეს სახეში ხელს ურტყამს. მომენტის საწყისი ნაწილის გამეორება, კი VAR-ის ბრიგადამ ვერ მოიძია.

რატომ არ ითამაშებს ვინისიუსი რაიო ვალეკანოსთან

ვინისიუსი რაიო ვალეკანოსთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. მოლოდინის საპირისპიროდ, ის სამატჩო განაცხადში არ არის.

მადრიდის რეალის განმარტებით ის რაიო ვალეკანოსთან ტრავმის გამო არ ითამაშებს. ბრაზილიელი მუხლში დისკომფორტს გრძნობს.

ამ მიკრო ტრავმაზე ესპანურ მედიაში მანამდეც იწერებოდა. ინფორმაცია სიმართლეს რომ არ შეესაბამებოდეს და ვინისიუსი მომდევნო შეხვედრას ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ტოვებდეს, ლოგიკური იქნებოდა.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე