სარჩევი
მამარდაშვილმა ვალენსიას მადრიდის რეალთან მოაგებინა | Setanta Sports
2023 მაი 22, 02:46 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში, მესტალიაზე მადრიდის რეალთან იფრინა. ქართველმა მეკარემ ღამურებს სამეფო კლუბთან მოაგებინა.

ვალენსია ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებასთან ახლოსაა. ამაში კი ლომის წვლილი გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის.

მამარდაშვილი – ვალენსია 1:0 რეალი

ქართველმა მეკარემ მადრიდის რეალთან მატჩი ბურთი 5-ჯერ მოიგერია. მათგან განსაკუთრებით ეფექტური დამატებულ დროში გაკეთებული 2 სეივი იყო.

მამარდაშვილმა ჯერ ფედე ვალვერდეს აუღო წარმოუდგენელი სირთულის დარტყმა, შემდეგ კი – ტონი კროოსს.

გერმანელმა საჯარიმო დარტყმა მეკარის კუთხეში გაუშვა, თუმცა ქართველმა მეკარემ ის კუთხურზე მოიგერია.

ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა. ეს ქართველისთვის, მიმდინარე სეზონში, მატჩის მეფის მესამე წოდებაა.

დარჩენილ დროში მსაჯმა ვინისიუს ჟუნიორი არასპორტული საქციელის გამო გააძევა.

რაც შეეხება მატჩის ერთადერთ გოლს ის დიეგო ლოპესმა 33-ე წუთზე გაიტანა. ეს 21 წლის ფორვარდისთვის ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გამოდგა.

რეალთან სენსაციური გამარჯვებით ვალენსია მე-13 ადგილამდე აღზევდა. უპირატესობა მე-18 ადგილზე მყოფ ვალიადოლიდთან 5 ქულას შეადგენს.

ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტური დარჩა, მომდევნო რაუდნში გიორგი მამარდაშვილი და ვალენსია მალიორკას დაუპირისპირდებიან.