სანიოლის პრესკონფერენცია ივნისის მატჩებამდე

სანიოლის პრესკონფერენცია ივნისის მატჩებამდე | Setanta Sports

სანიოლის პრესკონფერენცია – საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ქართული მედიის კითხვებს უპასუხა.

ივნისში საქართველოს ნაკრები ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. კვიპროსსა და შოტლანდიასთან გასვლითი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები შეკრებას დღეიდან იწყებს.

სანიოლის პრესკონფერენცია – კვიპროსი vs საქართველო

პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები სტუმრად კვიპროსთან გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდი ერთი მარცხით ბოლო ადგილზეა. საუბარი სწორედ კვიპროსის ქართველი მწვრთნელის საკითხით დაიწყო.

“კვიპროსთან შეხვედრაში ჩვენი ამოცანა კარგი ფეხბურთის თამაშია. ის ფაქტი, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ჩვენთვის არაფერს ცვლის.

უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც მაგალითად, ნორვეგიასთან მატჩის მეორე ტაიმში. კარგია, რომ 10 დღე გვაქვს მოსამზადებლად. ახლა მხოლოდ კვიპროსზე ვფიქრობთ და ამ მატჩისთვის ვემზადებით, შემდეგ კი შოტლანდიაზე ვიფიქრებთ”.

სანიოლის პრესკონფერენცია – U21 ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს პირველ და ახალგაზრდულ გუნდებს მნიშვნელოვანი მატჩები ერთდროულად ექნებათ. ცხადია, სელექციისა და ფეხბურთელების განაწილების საკითხი ამ შეხვედრაზეც აქტუალური იყო.

“მიხარია, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში იმართება. ეს მნიშვნელოვანია ფედერაციისთვის, ქვეყნისთვის, რათა ევროპამ დაინახოს, რომ აქ მაღალ დონეზეა შესაძლებელი ასეთი ტურნირების ჩატარება.

უკეთესი იქნებოდა, რომ მეტი დრო გვქონოდა ეროვნული და 21-წლამდე ნაკრების მატჩებს შორის.

ფეხბურთის ფედერაციასთან და ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ასეთ შემთხვევებში, ერთმანეთს ვესაუბრებით და ვპოულობთ კომპრომისს.

სწორედ ამიტომ, საზონოვი, სიგუა, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი 21-წლამდე ნაკრებთან ერთად დაიწყებენ შეკრებას. რა თქმა უნდა, ორივე ნაკრები მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, რომ ერთად ვიმუშაოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, ეს ორივე ნაკრებს მისცემს კარგი შედეგის ჩვენების საშუალებას”.

სანიოლის პრესკონფერენცია – საქართველოს ნაკრების ტაქტიკა

3-4-2-1, რომელიც დაცვაში 5-3-1-1-ად გადაკეთდება ხოლმე. ეს განლაგება სანიოლი-შადლი-ხიზანიშვილის ტრიოს ხელწერაა საქართველოს ნაკრებში.

ეს ფორმაცია მუშაობს, თანაც წარმატებულად. თუმცა ნორვეგიასთან მატჩში ნათელი გახდა, რომ სოლბაკენის გუნდს საქართველოს ეს ტაქტიკა კარგად ჰქონდა შესწავლილი.

ბათუმში, სკანდინავიელებთან სანიოლმა მეორე ტაიმში, გუნდი გადააწყო და შედეგიც მოვიდა. ცხადია, საქართველო კარგად ეყოლებათ შესწავლილი, როგორც კვიპროსს ასევე შოტლანდიას.

“როგორც წესი, თამაშამდე ტაქტიკის შესახებ არ ვსაუბრობ. ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ორი ფორვარდით თამაშმა გაამართლა და კმაყოფილი ვარ.

თუმცა, ეს მხოლოდ ტაქტიკის დამსახურება არ იყო. ფეხბურთელების მიდგომა შეიცვალა, უფრო თავდაჯერებულები ვიყავით და ამან თამაშის მიმდინარეობა შეცვალა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და აჩვენეს, რომ ძლიერი ხასიათი გვაქვს.

ახლა სხვა მოცემულობაა, განსხვავებული მეტოქეები გვყავს. უნდა შევაფასოთ ფეხბურთელების მდგომარეობა ხანგრძლივი სეზონის შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ.

ზოგს მიაჩნია, რომ ნორვეგიასთან ქულები დავკარგეთ, თუმცა მე მსურს დადებითი მხარე დავინახო და მიმაჩნია, რომ ქულა მოვიპოვეთ.

კვიპროსი განსხვავებული გუნდია. გასულ წელს, ივნისში გასამართი ერთა ლიგის მატჩებამდე მკითხეს მიზნების შესახებ. ვთქვი, რომ ოთხივე თამაშის მოგება მსურდა და მიზანი თითქმის შევასრულეთ.

ახლა მიზნებზე აღარ ვისაუბრებ. ვფიქრობ ჩვენ თამაშზე, დისციპლინაზე, შემართებაზე  უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. მინდა იგივე დავინახო ჩემი ფეხბურთელებისგან, რაც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში ვნახეთ. ამ მიდგომას დისციპლინას და ამბიციურობას თუ შევინარჩუნებთ, ვიცი, რომ შედეგი დადებითი იქნება”.

სანიოლის პრესკონფერენცია – ორი გასვლითი შეხვედრა

“ზედიზედ ორი გასვლითი მატჩის ჩატარებას რა თქმა უნდა აქვს უარყოფითი მხარეები. ბევრი მგზავრობა გვიწევს და აღდგენისთვის ცოტა დრო გვექნება. თუმცა, ასეთია კალენდარი და შესაბამისად ვცდილობთ დავგეგმოთ საწვრთნელი შეკრება”.

ქართველი ფეხბურთელების წარმატებულ საკლუბო სეზონზე

“კარგია, რომ ბევრი ჩემპიონი გვყავს და ჩვენს ლეგიონერებს წარმატებული სეზონის ჰქონდათ. ეს ყოველთვის დადებითი მომენტია და იმედი მაქვს, რომ ეს დადებითი ემოციები და კარგი განწყობა მთელ გუნდზე აისახება. როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვამაყობ, რომ ამდენმა ფეხბურთელმა წარმატებით ჩაატარა საკლუბო სეზონი.

უშეცდომო არავინაა და შეცდომები მომავალშიც იქნება. თუმცა ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თუ მთელი გუნდი დაცვაში კარგად ითამაშებს, ჩვენთვის გოლის გატანა ძალიან რთული იქნება. სწორედ დაცვაში უფრო ძლიერ თამაშს ველი კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებში”.

ვილი სანიოლი გიორგი მიქაუტაძეზე

“გიორგი მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. არა მხოლოდ გატანილი გოლების მხრივ, არამედ მისი თამაშის სტილით და მიდგომით.

ვფიქრობ, ეს ბოლო პერიოდში მისი მხრიდან მეტი მუშაობის დამსახურებაა. ვუსურვებ, უფრო მაღალ დონეზეც შეძლოს ასეთი თამაშის ჩვენება.

არ ვიცი, დარჩება თუ არა მეცში. მთავარია, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რაც საშუალებას მისცემს კიდევ უკეთესი გახდეს”.

ვილი სანიოლი გიორგი გველესიანზე

საქართველოს ნაკრებში ერთი დებიუტანტი იქნება. გიორგი გველესიანი ჯვაროსნების შეკრებაზე კარიერიაში პირველად იქნება.

ირანში, პერსეპოლისის რიგებში ქართველმა მცველმა ჩემპიონობა, თასი და სუპერ თასი მოიპოვა.

“ვფიქრობ, გველესიანს შეუძლია დაეხმაროს ნაკრებს და სწორედ ამიტომ გამოვიძახე. ბოლო 12 თვის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით მან შანსი დაიმსახურა.

ვფიქრობ, სწორი მომენტი იყო მისი მოწვევისთვის. საინტერესოა, მისი ხილვა ნაკრებთან ერთად. ბევრს მიაჩნია, რომ უფრო ადრეც იმსახურებდა გამოძახებას, თუმცა მთავარია, რომ ახლა ის ეროვნულ გუნდშია და შეუძლია გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები”.

საქართველოს ნაკრები შეკრებას თბილისში დღეიდან იწყებს. 17 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად კვიპროსზე ითამაშებს, 20 ივნისს კი შოტლანდიას ესტუმრება.

საქართველოს ნაკრები მომავალი მატჩებისთვის შემდეგი შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: გურამ კაშია, საბა კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, სანდრო ალთუნაშვილი, ლადო მამუჩაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ლევან შენგელია.

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე