საფრანგეთმა პოლონეთი დაამარცხა – მბაპე საუკეთესოა

კილიან მბაპე და საფრანგეთი 1/4ფინალში პოლონეთს ამარცხებენ | Setanta Sports

კილიან მბაპეს დუბლი, ოლივიე ჟირუს გოლი და საფრანგეთში 1/4 ფინალშია. ერთადერთი რაც პოლონეთმა მოახერხა, რობერტ ლევანდოვსკის ზუსტად შესრულებული პენალტია.

მესამე მეოთხედფინალისტი საფრანგეთია. დიდიე დეშამის გუნდმა პოლონეთი 3-1 დაამარცხა. ანგარიში 44-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ კილიან მბაპეს გადაცემით გახსნა. ამ გოლით მილანის შემტევი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, 52 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჟირუმ, რომელსაც ლე ბლუში 25 წლამდე არ ეთამაშა, ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 51 გოლი ჰქონდა.

მიხნიევიჩის გუნდი, რომელსაც მუნდიალის ფლეიოფში 1986 წლის შემდეგ არ ეთამაშა, ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, თუმცა ტაიმში კარი მშრალად მაინც ვერ შეინახა.

მეორე ნახევარში, მბაპემ წინ უფრო აქტიურად წასულ პოლონეთს კიდევ ორი გოლი გაუტანა. ბომბარდირთა დავის ლიდერი საგოლე გადაცემებით უსმან დემბელემ და მარკუს წიურამმა მოამარაგეს. პსჟ-ის ფორვარდს მუნდიალებზე 9 გოლი დაუგროვდა.

ერთადერთი რაც მატჩის დარჩენილ დროში პოლონეთმა მოახერხა პრესტიჟის გოლი იყო. დამატებული დროის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტის ნიშნულიდან, ორჯერ დაარტყა. პირველად, ბარსელონას შემტევს უგო ლორისმა აუღო, თუმცა ფრანგ მეკარეს დარტყმის მომენტში ფეხი ხაზზე არ ედგა. მეორე მცდელობით, ლევანდოვსკი უფრო დამაჯერებელი იყო. საბოლოოდ 3-1 და ინგლისი-სენეგალის წყვილში გამარჯვებულს სწორედ სამფეროვნები შეხვდებიან.

საინტერესოა, რომ მატჩის შედეგი და მეტიც, ზუსტი ანგარიში საფრაგენთის პრეზიდენტმა გამოიცნო. ლე პარიზიენთან საუბარში ემანუელ მაკრონმა ივარაუდა, რომ ლევანდოვსკის გოლის მიუხედავად საფრანგეთი 3-1-ს მოიგებდა.

  • კილიან მბაპე 5 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
  • 23 წლისა და 349 დღის ასაკში მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, პელეს შემდეგ, რომელსაც ფლეიოფებში მუნდიალებზე 5 გოლი აქვს გატანილი. პელემ ეს შედეგი 1958 წელს, 17 წლისა და 249 დღის ასაკში დააფიქსირა.
  • კილიან მბაპემ 24 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის, მუნდიალების ისტორიაში, პირველმა მიაღწია 9 გოლს.
  • კილიან მბაპემ საფრანგეთის ბოლო 7 გოლიდან, უკლებლივ ყველაში (5+2) მიიღო მონაწილეობა.
  • ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ნაკრების მაისურით პირველი გოლი 2012 წლის 29 თებერვალს გაიტანა.
  • ოლივიე ჟირუმ გადაასწრო ტიერი ანრის(51) და ახლა ლე ბლუს ბომბარდირთა დავას 52 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.
  • საფრანგეთი მუნდიალების ისტორიაში მერვედფინალში 6-ჯერ იყო და მომდევნო ეტაპზე გასვლა, ყოველ ჯერზე მოახერხა.
  • დიდიე დეშამის ხელში საფრანგეთს ფლეიოფის 7 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული, 2014 წელს გერმანიის წინააღმდეგ მეოთხედფინალში.
  • 36 წლისა და 65 დღის ასაკში ოლივიე ჟირუ გახდა მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა. რეკორდი 1990 წელს გატანილი გოლით, 38 წლისა და 34 დღის ასაკში როჟე მილას ეკუთვნის.

მომდევნო შეხვედრას საფრანგეთი 10 დეკემბერს ინგლისი-სენეგალის წყვილის გამარჯვებულის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე