მთავარი სიახლეები

რასელის 44 ქულა – ლეიკერსმა ბაქსი ერთი ქულით დაამარცხა

მორიგი ისეთი შეხვედრა ვიხილეთ სადაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა ძალთა თანაფარდობა დასავლეთსა და აღმოსავლეთ კონფერენციებს შორის. უფრო სწორად, უთანასწორობა. ეს კი დიდი პრობლემაა.

პრობლემაა იმიტომ, რომ დასავლეთ კონფერენციის ძალიან კარგი გუნდი, შესაძლოა, საერთოდ პლეიოფს მიღმა დარჩეს, მაღალი კონკურენციის გამო, მაშინ, როცა აღმოსავლეთის საშუალო დონის ორგანიზაცია მარტივად მოიპოვებს ადგილს. ეს პლეიოფებს ნაკლებსანახაობრივს გახდის. მხოლოდ ერთი მიმართულებით გაგვახედებს.

კიდევ უფრო დამძიმდა სურათი ჯოელ ემბიდის ტრავმის შემდეგ. ფილადელფია სიქსერსი მაღალი სისწრაფით ეშვება ფსკერისკენ, ჯერ კიდევ დიდი დროა დანარცხებამდე, მაგრამ მათი გზა ემბიდის გარეშე განსაზღვრულია.

ჰოდა, როცა ასეთი წარმოდგენა დღითიდღე ფესვს იდგამს, შეხვდნენ ერთმანეთს ლოს ანჯელეს ლეიკერსი, რომელიც ლებრონის გარეშეა დარჩენილი (მეფე კოჭს იტკიებს), და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანი – მილუოკ ბაქსი.

ლეიკერსი vs მილუოკი

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ბაქსი დოკ რივერსს გადააბარეს. თუ რამე შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ უარესობისკენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემეული აღქმა ასეთია. გათვლა იმაზეა რომ დოკ რივერსმა პლეიოფში უკეთ უნდა ათამაშოს გუნდი, თორემ, რეგულარულში ისედაც ყველაფერი რიგზე იყო. თუმცა, ჯერ საერთოდ ვერ ვხედავთ საფუძველს, რომელიც საპლეიოფო გუნდს დასჭირდება.

ლეიკერსი გაცილებით კარგია, ვიდრე წინა სეზონში იყო, ვერ ვიტყვი რომ ეს საჩემპიონი გუნდია, ძალიან შორს არიან ამისგან, მაგრამ მათი თამაშის ყურება ისევ სასიამოვნოა, ეს კიდევ ლეიკერსისთვის მთავარი კრედოა – თუ თამაშობ, ითამაშე ლამაზად.

რაც შეეხება ბაქსს, ერთი დიდი ამბავი მატჩის მიმდინარეობისას დაფიქსირდა, დემიენ ლილარდმა საუკეთესო მსროლელებში (იგულისხმება სამქულიანები) რეჯი მილერს გადაასწრო და მეოთხე საფეხურზე გადავიდა. სია ასე გამოიყურება:

  • სტეფ კარი – 3’680
  • რეი ალენი – 2’979
  • ჯეიმს ჰარდენი – 2’910
  • დემიენ ლილარდი – 2’564
  • რეჯი მილერი – 2’560
  • კაილ კორვერი – 2’430
  • კლეი ტომპსონი – 2’407
  • ლებრონ ჯეიმსი – 2’383
  • ვინს კარტერი – 2’290
  • ჯეისონ ტერი – 2’282

იანისმა ჰაჩიმურა ჩამოხსნა ციდან. აღსანიშნია რასელის ბრწყინვალე პერფორმანსი და დინვიდის ბოლო დაფარება ლილარდზე, დემიენმა თამაშის მოგება გადაწყვიტა, მაგრამ ამჯერად “დეიმ თაიმმა” არ იმუშავა.

  • ლილარდმა ორმაგი დუბლით დაასრულა – 28 ქულა, 12 ასისტი, 5 მოხსნა. 12-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. FG – 10/23.
  • იანისმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 34 ქულა, 12 მოხსნა, 14 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. FG – 14/23.
  • რასელის ანგარიშზე 44 ქულა, 6 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ბლოკია. 12-დან 9 სამქულიანი ჩააგდო. FG – 17/25.
  • ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმა – 22 ქულა, 13 მოხსნა, 5 ასისტი, 3 ბლოკი. FG – 10/21.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი (35/30) დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილს იკავებს, მილუოკ ბაქსი (41/23) კი აღმოსავლეთში მესამე პოზიციაზე დაქვეითდა. წინ კლივლენდ კავალიერსი და ბოსტონ სელტიკსი არიან.

მომდევნო შეხვედრას ლეიკერსი მინესოტასთან გამართავს, მილუოკ ბაქსი კი მეორე ლოს ანჯელესურ ორგანიზაციას შეხვდება.

რეგულარული სეზონი

ფილადელფია სიქსერსი vs ნიუ ორლეან პელიკანსი – 95:103
ზაიონ უილიამსონის ანგარიშზე 23 ქულა და 12 მოხსნაა;

ვაშინგტონ უიზარდსი vs შარლოტ ჰორნეტსი – 112:100
მაილს ბრიჯისის ანგარიშზე 32 ქულა და 12 მოხსნაა;

კლივლენდ კავალიერსი vs მინესოტა ტიმბერვულვზი (ოვერტაიმი) – 113:104
ჯარეტ ალენის ანგარიშზე 33 ქულა და 18 მოხსნაა;

ნიუ-იორკ ნიქსი vs ორლანდო მეჯიქი – 98:74
ჯეილენ ბრანსონის ანგარიშზე 26 ქულაა;

მემფის გრიზლი vs ატლანტა ჰოუკსი – 92:99
დეჟანტე მარის ანგარიშზე 41 ქულაა;

ოკლაჰომა სითი თანდერი vs მაიამი ჰიტი – 107:100
შაიმ კვლავინდებურად 37 ქულას მოუყარა თავი;

პორტლენდ ბლეიზერსი vs ჰიუსტონ როკეტსი – 107:123
დალანო ბანტონის ანგარიშზე 30 ქულაა;

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე