პრემიერ ლიგას კვლავ არსენალი ლიდერობს

პრემიერ ლიგაში ლიდერების მატჩები გაიმართა. ორივე მათგანმა შეძლო გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება, სხვაობა ხუთი ქულაა, თუმცა, არსენალს თამაში აქვს მარაგში.

არსენალი vs მანჩესტერი

დანაკლისი ორივე გუნდს ჰქონდა, ბრაზილიელებმა ვერ ითამაშეს, არსენალის მეგოლემ გაბრიელ ჟეზუსმა და მანჩესტერის ლიდერად ქცეულმა კაზემირომ. არსენალმა ჟეზუსის შეცვლა შეძლო, მანჩესტერში კი კაზემირო ღირსეულად ვერავინ შეცვალა.

ანგარიში მე-17 წუთზე იმ კაცმა გახსნა, რომელიც კარიერის საუკეთესო ფორმაშია და გოლის გარეშე თამაშს არ ტოვებს. მარკუს რაშფორდმა შორი მანძილიდან, თავისი საფირმო დარტყმით შეაგდო ლამაზი გოლი.

დარტყმამდე ტომას პარტეი არ შეიმჩნია, ერთი მოძრაობით გააქრო. თავის მხრივ ეს შეტევაც პარტეის არაზუსტ გადაცემას მოჰყვა.

არსენალმა წონასწორობა 24-ე წუთზე აღადგინა. წააგავდა ძველ არსენალურს, ისე დახაზეს როგორც ჰაიბერიზე ხაზავდნენ ხელშეუხებელნი, ბოლო პასი ჯაკამ ითავა, იდეალურად ჩააწოდა თავისი ნაქები ცაციათი და ნკეტიამ დე ხეას შანსი არ დაუტოვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ახალგაზრდა ინგლისელი ვარსკვლავი ჩაერთო საქმეში. ბოლო წლებში საერთოდ არ მახსენდება არსენალის მარჯვენაფლანგელი, რომელსაც ასეთი გოლის გატანა შეეძლო. შორი მანძილიდან, მარცხენა ფეხით, დაბალ კუთხეში – მშვენიერია.

ზუსტად ექვს წუთში კი მარტინესმა გაათანაბრა ანგარიში, იმდენი ისაუბრეს მის სიმაღლეზე რომ აგერ, თავით გაიტანა. ამის მერე თვითშეფასებაც მოემატება.

ძალიან დრამატული და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. იყო რაშფორდისა და საკას ძალიან კარგი მომენტები, რამსდეილისა და დე ხეას ლამაზი სეივები. ორივე მწვრთნელი კარგად მუშაობს, ორივეს გაუვლია გვარდიოლას სკოლა, ორივემ იცის როგორ ააშენოს წარმატებული კლუბი, ფრეც თითქოს ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ..

90-ე წუთზე ისევ რაღაც არსენალური ჩაიხლართა და გამარჯვების გოლიც გავიდა. ისევ ნკეტია, ისევ მეკარის საჯარიმოსთან ძალიან ახლოს, ჩასაფრებული გერდ მიულერივით. ერთი მიარტყა და უმნივნელოვანესი სამი ქულიც ჩაიდო ჯიბეში.

სამივე გოლის დროს შეცდომა დავუშვით, როგორც წესი, ასეთ მომენტებში უკეთესად ვთამაშობთ, ეს არ უნდა მომხდარიყო“, – თქვა მატჩის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა.

ძალიან ლამაზი და ემოციური მომეტი გამოვიდა, ბოლო წუთებში მეტოქეს ვუტევდით, ვუტევდით, ვუტევდით, მაგრამ გოლი არ ჩანდა, ბოლოს კი როგორც იქნა გავიტანეთ, მერე VAR-მა ცოტა საქმე გაგვირთულა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა, ეს ძალიან ემოციური იყო”, – თქვა მატჩის შემდეგ მიკელ არტეტამ.

ჰოლანდი მშიერია

გვარდიოლა მატჩის წინ ყველას გაუწყრა, ფეხბურთელებიდან დაწყებული, ფანებით დამთავრებული. იმავე შიმშილს ვეღარ ვხედავ თქვენში და ასე თუ გავაგრძელეთ დავრჩებით ხელცარიელიო.

მერე, მაგალითიც მოიყვანა, კრაიფის ბარსელონაში რომ ვთამაშობდი, ზედიზედ ოთხჯერ მოვიგე ლა ლიგა, მეხუთე სეზონში კი ჩვენში აღარ იყო ის ვნება, რაც წინა წლებშიო. მესმის თქვენი, მაგრამ ეს ფეხბურთია და მუდმივად უნდა ვპოულობდეთ ახალ მოტივაციასო.

ამ საქმეს, როგორც წესი, ახალი სისხლი შველის ხოლმე. სიტის კიდე სეზონის წინ სკანდინავიური სისხლი გადაუსხეს. თუ ვინმემ მართლა დაკარგა მადა, არა უშავს, ერლინგ ჰოლანდი სხვების მაგივრადაც შეჭამს.

უკვე 25 გოლი აქვს შეგდებული. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ჰოლანდისა და დე ბრუინის დუეტით რაღაც განსაკუთრებულს მივიღებდით.

რეკორდი ენდი კოულსა და ალან შირერს ეკუთვნით. კოულს 42 მატჩიან ლიგაში, შირერს 38 მატჩიან ლიგაში. ორივემ 34 გოლის გატანა შეძლო. თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:

  • ალან შირერი – 34 გოლი (1994/95)
  • ენდი კოული – 34 გოლი (1993/94)
  • მოჰამედ სალაჰი – 32 გოლი (2017/18)
  • ლუის სუარესი – 31 გოლი (2013/14)
  • კრიშტიანუ რონალდუ – 31 გოლი (2007/08)
  • ალან შირერი – 31 გოლი (1995/96)
  • ალან შირერი – 31 გოლი (1993/94)
  • ჰარი კეინი – 30 გოლი (2017/18)
  • რობინ ვან პერსი – 30 გოლი (2011/12)
  • ტიერი ანრი – 30 გოლი (2003/04)
  • კევინ ფილიპსი – 30 გოლი (1999/00)

ხარისხი მაღალი იყო, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მატჩია, რეალურად გამოვასწორეთ თუ არა სიტუაცია ამას მომავალში ვნახავთ. მატჩის წინ ბევრი ვისაუბრეთ რა უნდა გვექნა და როგორ უნდა გვემოძრავა ბურთით და მის გარეშე“, – თქვა პეპ გვარდიოლამ.
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე