რონალდუ-მესის საჭადრაკო პარტიაში პირველი სვლა პოტუგალიელმა გააკეთა. კრიშტიანუ რონალდუ გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი 5 მუნდიალზე გაიტანა.
H ჯგუფში პორტუგალია ერთპიროვნულად გალიდერდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა განას 5-გოლიან თრილერში აჯობა. თანაც ევროპელებმა პირველი ტურის ერთ-ერთ ყველაზე სანახობრივ მატჩში იმარჯვეს.
პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. ამის მიუხედავად პორტუგალიას დაწინაურების არაერთი შანსი ჰქონდა. საკუთარი გუნდი ორ შემთხვევაში ლოურენს ატი-ზიგიმ გადაარჩინა. ნახევარი საათის თავზე სენტ გალენის მეკარეც უძლური აღმოჩნდა, თუმცა პორტუგალიელთა გოლი წესების დარღვევის გამო გაუქმდა.
დოჰას სტადიონ 974-ზე მაყურებელმა მეორე ტაიმში უკვე 5 გატანილი გოლი იხილა. 65-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. მოჰამედ სალისუმ წესები საჯარიმოში სწორედ მანჩესტერის, უკვე ორგზის ყოფილი, შემტევის წინააღმდეგ დაარღვია, დარტყმა კი გოლად დაზარალებულმა გარდაქმნა.
ამ ეპიზოდში დანიშნულმა 11-მეტრიანმა დარტყმამ განელთა მთავარი მწვრთნელი აღაშფოთა. ოტტო ადდომ მატჩის ამერიკელი მწვრთნელი მატჩის შემდგომ გააკრიტიკა და დანიშნულ სტანდარტულს განსაკუთრებული საჩუქარი უწოდა.
8 წუთში წონასწორობა ანდრე აიუმ აღადგინა. მერე ოტტო ადდომ ორმაგი ცვლილება გააკეთა, ჯორდან აიუმ ძმა, ანდრე აიუ შეცვალა, ასეთი ფაქტი კი ამ მუნდიალზე მეორედ დაფიქსირდა – წინა ჯერზე ტეო ერნანდესმა ლუკა საფრანაგეთის შემადგენლობაში შეცვალა.
მალევე ბრუნო ფერნანდეშის ასისტების დუბლის დროც დადგა. მანჩესტერის შემტევმა ნახევარმცველმა ჯერ ჟოაო ფელიქსს, შემდეგ კი რაფა ლეაუს გაატანინა. მერე განამ მოედანზე ვითარება კიდევ ერთხელ დაძაბა. აფრიკელები თამაშში ცვლილებაზე გამოსულმა ოსმან ბუქარიმ დააბრუნა.
ამ ანგარიშზე განას გატანის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, როდესაც მეკარე დიოგუ კოშტას უკან დამალული ინიაკი უილიამსი მეკარისთვის ბურთის მოპარვას შეეცადა, თუმცა პორტუს გოლკიპერმა მცველების დახმარებით საკუთარი კარი მესამე გაშვებული გოლისგან იხსნა.
საბოლოოდ პორტუგალია ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა, რადგან ურუგვაიმ და სამხრეთ კორეამ 90 წუთში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
„კარგ ფეხზე დავიწყეთ, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ვიცით, ასეთ ტურნირებზე პირველი თამაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. რაც შეეხება რეკორდს – ეს მორიგი მიღწევაა, რომელიც მე სიამაყის საბაბს მაძლევს. გუნდის გამო მოხარული ვარ, ეს რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება იყო, რომელსაც თან სანახაობრივი თამაშიც დავურთეთ“
კრიშტიანუ რონალდუ
„თუ ვინმეს გოლი გააქვს, ვულოცავ. თუმცა ეს პენალტი ნამდვილი საჩუქარი იყო. მეტი რა უნდა ვთქვა? ეს სპეციალური საჩუქარი იყო მსაჯისგან. მინიმალური სხვაობით მარცხიც სწორედ მისი დამსახურებაა. პენალტის დანიშვნა, ვფიქრობ, არაზუსტი გადაწყვეტილება იყო. არ ვიცი, VAR რატომ არ ჩაერთო საქმეში. ეს ჩემთვის აუხსნელია. მსოფლიო დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში კი რთულია, როდესაც ჩამორჩენაში ხარ. მატჩის მერე მსაჯთან შეხვედრა მსურდა, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, თუმცა მითხრეს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა და ეს შეუძლებელი იყო.“
ოტტო ადდო
საინტერესო ფაქტები:
- კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მუნდიალზე შეძლო გოლის გატანა (2006, 2010, 2014, 2018, 2022)
- რონალდუ გახდა ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე საკუთარი ქვეყნის გოლის როგორც ყველაზე ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ავტორი გახდა. მანამდე ხორვატიისთვის ეს ივიცა ოლიჩს, ხოლო დანიისთვის, მიკაელ ლაუდრუპს მოეხერხებინა.
- 37 წლისა და 292 დღის ასაკში რონალდუ მუნდიალებზე გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა. ის მხოლოდ როჟე მილას ჩამორჩება, რომელმაც კამერუნისთვის 1994 წელს გოლი 42 წლისა და 39 დღის ასაკში გაიტანა.
- ევროპელ ფეხბურთელებს შორის, მისი გოლი ამ მხრივ სარეკორდოა. რონალდუმ შვები გუნნარ გრენის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც გოლი 1958 წელს 37 წლის და 292 დღის ასაკში ჰქონდა გატანილი.
- ბრუნო ფერნანდეში მუნდიალების ისტორიაში გახდა მეორე პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე ეს 1966 წელს ჟოზე ტორესს მოეხერხებინა ბრაზილიის წინააღმდეგ.
მომდევნო შეხვედრას პორტუგალია 28 ნოემბერს ურუგვაის წინააღმდეგ ჩაატარებს.