სარჩევი
კატარში პორტუგალია-ურუგვაის მატჩზე აქტივისტი მოედანზე შეიჭრა | Setanta Sports
2022 ნოე 28, 22:45 შშ
1 წუთის საკითხავი

მოედანზე აქტივისტის შეჭრის გამო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი კატარში პირველად შეჩერდა. წარწერებით მაისურზე: გადაარჩინე უკრაინა, პატივი ეცით ირანელი ქალების უფლებებს და პრაიდის დროშით ხელში, უცნობმა აქტივისტმა სამი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა.

კატარში მატჩი პირველად შეჩერდა. არა, ეს ბრაზილია-შვეიცარიის დროს ელექტრო მომარაგებაში მცირე წყვეტას არ ეხება. საქმე აქცია-პერფორმანსთან გვაქვს, რომელიც საფეხბურთო მატჩების დროს მომრავლდა.

ჯერჯერობით მედიისთვის დაუდგენელმა პირმა პორტუგალია-ურუგვაის მატჩის ირანელ მთავარ მსაჯს მატჩის შეჩერება 5 წუთით აიძულა. სუპერმენის ლოგოტიპიან მაისურში გამოწყობილ აქტივისტს სამივე გზავნილი აქტუალურ თემაზე ჰქონდა.

Save Ukraine და Respect for Iranian Women – სწორედ ეს ორი გზავნილი ჰქონდა მაისურზე აქტივისტ მამაკაცს დატანილი. ხელში კი LGBTQI+ დროშა ჰქონდა, რომელიც კატარში აკრძალულია.

აქტივისტი 3 მესიჯით პორტუგალია-ურუგვაის მატჩზე

კატარის სტადიონებზე თავიანთი ნაკრებების საქომაგოდ ჩასული გულშემატკივრები ამბობენ, რომ ცისარტყელისდროშიანი სიმბოლიკის მქონე ატრიბუტებს ან ართმევენ ან მათ მფლობელებს სტადიონზე შესვლის ნებას არ რთავენ.

ფაქტი ლუსაილის სტადიონზე მანამ მოხდა, სანამ ბრუნო ფერნანდეში ურუგვაისთან მატჩში ანგარიშს გახნიდა. საინტერსოა და სიმბოლურია, რომ ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი ალირეზა ფაღანი იყო. მას შემდეგ, რაც სტიუარდებმა აქტივისტი დაიჭირეს და მოედნიდან გაიყვანეს, დროშის მინდვრიდან აღება თავად ირანელ არბიტრს მოუხდა.

ცხადია, ეს ყველაფერი, პროტოკოლის მიხედვით, ლაივის დროს არცერთი აქტიური კამერის ობიექტივში არ მოხვედრილა. შესაბამისად, ამ ყველაფრის შესახებ ინტერნეტში ფოტოების მეშვეობით გახდა ცნობილი.

რა ბედი ელის აქტივისტს, ჯერჯერობით უცნობია, მან კატარის რამდენიმე კანონი ერთად დაარღვია, მათგან ყველაზე მტკივნეულად კი, არაბულ ქვეყანაში, ცხადია, სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდაჭერას აღიქვამენ.