საინტერესო წყვილია. პარიზელები საკუთარ მოედანზე ბასკებს უმასპინძლებენ. ლუის ენრიკესთვის სოსიედადი კარგად ნაცნობი გუნდია, იცნობს მათ სათამაშო სტილს, კულტურას და ფეხბურთელებსაც.
ფავორიტი, რა თქმა უნდა, სენ ჟერმენია, მაგრამ ამ ეტაპზე იოლი გამარჯვების იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს.
პსჟ vs რეალ სოსიედადი
რეალ სოსიედადი ლა ლიგაში მეშვიდე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ ატლეტიკოს 11 ქულით ჩამორჩება, მიმდინარე სეზონში სოსიედადი ვერ იქნება კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის იბრძოლებს.
პსჟ-ს კი მშვენიერი სეზონი აქვს, ლუის ენრიკე პროდუქტიულად მუშაობს, ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს 11 ქულიანი უპირატესობით. მესისა და ნეიმარის წასვლის შემდეგ ფრანგულ კლუბში ახალი ფეხბურთელები გამოჩდნენ, რომელთაც ბევრი აქვთ დასამტკიცებელი.
კილიან მბაპეს ირგვლივ კი ჭორები არ წყდება და ასე გაგრძელდება ზაფხულამდე, მერე კი ვნახავთ რა იქნება.
ვინ როგორ ფორმაშია
პარიზელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. გაიტანეს 14 გოლი და მიიღეს ექვსი. ბოლო შეხვედრაში ლილი დაამარცხეს ანგარიშით 3:1.
რეალ სოსიედადმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან ერთი მოიგო, ერთი წააგო და სამი ფრედ დაასრულა. ვერ არის კარგი შედეგი. ბოლო შეხვედრაში ოსასუნასთან დამარცხდნენ 0:1 და ასეთ რთულ დროს უწევთ პსჟ-თან თამაში.
დანაკლისი
რეალ სოსიედადს კირან ტირნი, არიც ელისტონდო, შერალდო ბეკერი, ალვარო ოდრიოზოლა, კარლოს ფერნანდესი და აიჰენ მუნიოსი დააკლდებიან.
სენ ჟერმენს კი შკრინიანი და კიმპემბე გამოაკლდებიან.
ურთიერთშეხვედრები
კლუბებს ერთმანეთის პირისპირ არასდროს უთამაშიათ. პსჟ ისედაც ახალგაზრდა კლუბია, რეალ სოსიედადი კი ძალიან იშვიათად თამაშობს ევროთასებზე, ასე რომ, ვერსად ერთმანეთს ვერ გადაეყარნენ.
აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს ლუის ენრიკესა და იმანოლ ალგუასილს 7-ჯერ უთამაშიათ ერთმანეთის პირისპირ. ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხუთჯერ კი ენრიკეს კლუბმა იმარჯვა.
სად ვუყუროთ?
მერვედფინალები თბილისის დროით 00:00 ზე დაიწყება. მატჩებს შეგიძლიათ სეტანტას არხებსა და Setantasports.com-ზე მიადევნოთ თვალყური.