ნაპოლი vs რომა Setanta Sports-ზე – Preview

ნაპოლი vs რომა | Setanta Sports

სერია A-ს მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ნაპოლი და რომა დაუპირისპირდებიან. დერბი დელ სოლე დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 23:45 წუთიდან დაიწყება.

ტურს ნაპოლი 1-ელ ადგილზე ხვდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს 19 ტურის შემდეგ, 50 ქულა აქვს. ნაპოლის ყველაზე მეტი, 46 გოლი აქვს გატანილი და ყველაზე ნაკლები, 14 გოლი – გაშვებული.

რომა მე-6 საფეხურზეა. ჟოზე მოურინიოს გუნდს მხოლოდ 25 გოლი აქვს გატანილი, თუმცა 16 გაშვებული გოლით ლიგაში მესამე საუკეთესო შედეგი აქვს.

ჯალორისი 2023 წელს სერია A-ში 3 მოგებით და 1 ფრით საუკეთსო შედეგის მქონე გუნდია.

ნაპოლი vs რომა – ურთიერთშეხვედრები

ნაპოლი რომასთან 6 მატჩია არ მარცხდება. პარტენოპეის 4 გამარჯვება და 2 ფრე აქვს. მეტიც, რომას ბოლო 9 მატჩიდან, ამ წყვილში ერთადერთი აქვს მოგებული.

ბოლო მატჩი

ამ სეზონში გუნდები 23 ოქტომბერს შეხვდნენ. სტადიო ოლიმპიკოზე ნაპოლიმ გაიმარჯვა. 0:1 დასრულებულ მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი ვიქტორ ოსიმენი გახდა. ხვიჩა კვარაცხელიამ დედაქალაქში 90 წუთი ითამაშა.

ჟოზე მოურინიოს რომაულ კარიერაში, რაც სერია A-ს 57 მატჩს ითვლის, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსუსური იყო.

XG(მოსალოდნელი გოლი) კოეფიციენტი გუნდს მხოლოდ 0.32 ჰქონდა, ხოლო ჯალოროსი მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ 5-ჯერ შეეხო.

თანაც, რომას კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია. ასეთი რამ კი რომაელებს 2015 წლის შემდეგ პირველად შეემთხვათ. მაშინ რომას რუდი გარსია წვრთნიდა და ის მატჩიც ნაპოლის წინააღმდეგ იყო.

2021/22 სეზონის წყვილის ბოლო მატჩი

ნაპოლის 33 წელია სკუდეტო არ მოუგია, ამის შანსი კი გასულ სეზონში იყო. თუმცა ნეაპოლელებს ერთ-ერთი საკვანძო მატჩი რომასთან ჩაუვარდათ.

სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ნაპოლიმ რომასთან 1:1 ითამაშა. გამარჯვების შემთხვევაში კი ლიდერ მილანს 2 ქულაში მიუახლოვდებოდა.

ნაპოლი vs რომა – ტრავმები

ნაპოლი მატჩს სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. სპალეტის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს.

სალერნიტანასთან წინა ტურში ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელია და ჟუან ჟეზუსი აკლდა, თუმცა რომასთან ორივე მათგანი მწყობრშია.

რაც შეეხება რომას, მოურინიოს 4 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ვაინდალდუმი და დარბო ტრავმებს იშუშებენ, ძანიოლოს თამაში სათუოა, ხოლო ჩელიკი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

ხვიჩა კვარაცხელია

კვარამ ნაპოლის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. სალერნიტანასთან ბოლო მატჩის შემდეგ კი სრული დატვირთვით ივარჯიშა.

მატჩის მიმომხილველი თითქმის ყველა გამოცემა ნაპოლის მხრიდან, მთავარ საფრთხედ კვარასა და ოსიმენს ასახელებს.

ოსიმენის 13 გოლიდან ხვიჩას გადაცემით 4 გავიდა. ამაზე მეტი საგოლე პასი მხოლოდ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს აქვს ჩირო იმობილეზე – 5.

კვარაცხელია vs დიბალა

მთლიანად სერია A-ში კვარას საშუალოდ ერთ მატჩში საგოლე პასის საუკეთესო კოეფიციენტი აქვს. კვარაცხელია თამაშში საშუალოდ 0.36 საგოლე შანსს ქმნის.

ამ მაჩვენებლით მესამეა პაულო დიბალა. არგენტინელი ქართველს 0.05 მეასედით ჩამორჩება.

კვარას და ლა ხოიას (ძვირფასეულობა) ანგარიშზე 7-7 გოლია, თუმცა ქართველს სამით მეტი, 7 საგოლე პასი აქვს.

დიბალას და კვარაცხელიას სტატისტიკური შედარება | Setanta Sports
დიბალას და კვარაცხელიას სტატისტიკური შედარება

წყვილის დუელს ჩანახატი მიუძღვნა corriere dello sport-მა.

“იტალიური ფეხბურთის დანაგვიანებულ სამყაროში, დიბალა და კვარაცხელია, მოედანზე სუფთა ენერგიასავით იქნებიან”, – წერს იტალიური გამოცემა.

სტატიაში ხაზგასმულია ფაქტი, რომ ორივე ფეხბურთელი მისმა კლუბმა დიდი დანახარჯების გარეშე დაიმატა.

საგულისხმოა, რომ ამ წყვილის პირველ მატჩში დიბალა მოედანზე ტრავმის გამო არ ყოფილა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, პენალტების სერიაში, 11-მეტრიანის გამტანმა ფეხბურთელმა, ტრავმა 2 კვირით ადრე ლეჩესთან მიიღო. ლა ხოია სწორედ პენალტის შესრულების ეპიზოდში დაზიანდა.

ხვიჩა კვარაცხელია – სეზონის აღმოჩენა

მატჩმადე კვარაცხელიამ დიდი აღიარება მიიღო. კვარა სერია A-ს მწვრთნელების უმეტესობამ მიმდინარე სეზონის აღმოჩენად დაასახელა.

Italpress-ის გამოკითხვაში ლაციოს, მონცასა და რომას მწვრთნელების გარდა მონაწილეობა ყველამ მიიღო. 17 სპეციალისტიდან ქართველს ხმა 10-მა მისცა.

კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის აღმოჩენა | Setanta Sports
კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის აღმოჩენა

ხვიჩა The Guardian-მაც გამოარჩია. კვარა 2022 წლის ტოპ 100 ფეხბურთელის სიაში 40 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რაც კიდევ ერთი, უდიდესი აღიარებაა.

მოურინიომ ნაპოლი უკვე ჩემპიონად გამოაცხადა

“ვულოცავ ნაპოლის ტიტულის მოგებას. ეს უკვე მათი საკუთრებაა, მათ ის დამსახურებულად მოიგეს.

თქვენ მეკითხებით, თუ როგორ გუნდს ველი მოწინააღმდეგედ – ეს ისეთივე იქნება, როგორიც პირველ წრეში იყო. ნაპოლი ლიგაში ყველაზე ძლიერი გუნდია, დიდებული მწვრთნელითა და ფეხბურთელებით.

მათ ზაფხულში დიდი სამუშაო გასწიეს და ერთად ჩინებულად მუშაობენ. ისინი მე-2 ადგილს 12 ქულით უსწრებენ, ინტერს კი, რომელიც სკუდეტოს პრეტენდენტი იყო – 13-ით. ეს დიდი სხვაობაა”.

ჟოზე მოურინიო – რომას მწვრთნელი

ჟოზეს 26 იანვარს 60 წელი შეუსრულდა. რომამ განსაკუთრებულს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა.

დერბი დელ სოლეს წინ მედიასთან ისაუბრა ლუჩანო სპალეტიმაც. ნაპოლის მთავარ მწვრთნელს განსაკუთრებულის მიმართ თბილი სიტყვები არ დაუშურებია.

“მოურინიოს მოგვიანებით ვულოცავ დაბადების დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მან წვეულებაზე არ დამპატიჟა. ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, უსაჩუქროდ არ მივიდოდი. ის ერთ-ერთია, ვინც ფეხბურთის გლობალურ დონეს მაღლა სწევს.

სკუდეტოს შანსები? ეს ჩემი საქმე არ არის. თვლის ეს მიმართულება კარგად არ გამომდის, მათემატიკაში ძლიერი არ ვყოფილვარ. ერთადერთი რაც ვიცი – თუ მოვიგებთ უკვე 53 ქულა გვექნება.

ტაქტიკა? მე უნდა გავათავისუფლო ლობოტკა პელეგრინის მეურვეობისგან. ასევე დიბალას უნდა ვუფრთხილდეთ, რომელსაც ტამი აბრაჰამისთვის, ელ შაარავისა და სხვებისთვის შანსების შექმნა ეხერხება.

მნიშვნელოვანი იქნება ბურთის მალევე დაბრუნება მისი დაკარგვის შემდეგ.

რაც შეეხება ტოტის – თუკი მას საუბარი სურს, ცხადია, მეც დაველაპარაკები. ეს მეც მსურს”.

ლუჩანო სპალეტი – ნაპოლის მთავარი მწვრთნელი

სად და როგორ ვუყუროთ ნაპოლი vs რომა-ს

მატჩი თბილისის დროით 23:45 წუთიდან დაიწყება. ნაპოლი-რომას პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მაყურებელს ექსკლუზიურად Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე შეეძლება.

უკვე პრაქტიკად იქცა, რომ დიეგო მარადონაზე ხვიჩასა და ნაპოლის მატჩს ფეხბურთის არაერთი ქართველი ქომაგი ესწრება. შესაბამისად, ქართული 5-ჯვრიანი დროშების სიმრავლეს ნეპოლში დღესაც უნდა ველოდოთ.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე