ნაპოლი vs რეალი – Preview

ნაპოლი vs რეალი Preview setantasports.com | Setanta Sports

ნაპოლი vs რეალი. წილისყრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი წყვილი მივიღეთ, ბევრი ქართველისთვის კი ყველაზე სასურველი, რადგან ჩვენი ხალხი დიდი ხანია ფეხბურთს ხვიჩა კვარაცხელიას თვალებით უყურებს.

მოდის ეს დღე ნელ-ნელა და რაც უფრო ცოტა დრო დარჩება მით უფრო გაიწელება წუთები, მერე კი დიდი სანახაობა გველის. როგორ შეიძლება დასრულდეს ამაზე მარჩიელობას არ ვაპირებ, არც არის ჩვენი საქმე, ფსონების მოყვარულებს მივანდოთ, ჩვენ კი ის ვთქვათ როგორ მდგომარეობაში ხვდებიან გუნდები ერთმანეთს და რა ინტრიგის მატარებელი შეიძლება იყოს ეს მატჩი.

ნაპოლის სვლა უკეთესობისკენ

იტალიელ კოლეგებთან საუბრისას ყველამ ერთი რამ გვითხრა – გარსიას ოთხი თამაში აქვს, თუ მდგომარეობა ვერ გამოასწორა წასვლა მოუწევსო. მას მერე ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, თანაც კარგი ფეხბურთით. იტალიაში უკვე ისიც ითქვა, რომ ნაპოლი თავის ფორმას უბრუნდება და წინა სეზონის მსგავსად იწყებს გაბრწყინებას.

ჯერ ადრეა ასეთი შეფასებისთვის, მადრიდის რეალთან მატჩი კი მთავარი გამოცდა იქნება. თუ რამე უარყოფითი დარჩა ეს მხოლოდ ოსიმენის ირგვლივ ატეხილი ამბავია, ჯერ იყო და ცვლილებით უკმაყოფილო გარსიას შემოსწყრა, მერე ნაპოლის ტიკ-ტოკის ანგარიშზე დამამცირებელი ვიდეო გაავრცელეს, რასაც ოსიმენის მწვავე რეაგირება მოჰყვა და მის წასვლაზეც ითქვა ორი სიტყვა. სეზონის ბოლოს ალბათ ყველა შემთხვევაში წავა, მანამდე კი სიმშვიდეა საჭირო.

ვარჯიშზე მისული თანაგუნდელებს არ მიესალმა, თითქოს შიდა სამზარეულოც აირია, მაგრამ მოედანზე ვხედავთ, რომ ოსიმენსა და ხვიჩას იდეალური ურთიერთობა აქვთ, მათ დუეტს კვლავ მოაქვს შედეგიც და სანახაობაც.

რეალთან დიდი მატჩი გველის.

Hey Jude!

ბოლოს ვინ დაიწყო ტოპ ლიგებში ასეთი მაგარი დებიუტით? ალბათ კვარაცხელიამ. როგორც ხვიჩამ დაიწყო წინა სეზონი ვარსკვლავურად, ისე იწყებს ბელინგემიც მადრიდულ კარიერას. ინგლისელს არაფერი აკლია, არც ხარისხი, არც ლიდერის თვისებები და არც შედეგიანობა. რა თქმა უნდა, იქნება სეზონში ეტაპი, როცა მოუკლებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ახლა ეს ეტაპი არ დგას. ახლა ჯუდი ფრთაშესხმულია.

რეალი ლა ლიგაში პირველ ადგილზეა, ერთი ქულით უსწრებს ბარსელონას. ეს მეტწილად ბელინგემის დამსახურებაა.

ნაპოლის კი 14 ქულა აქვს და ოთხი ქულით ჩამორჩება მილანურ გრანდებს. თუმცა, სეზონი ახლა დაიწყო, ყველაფერი წინ არის.

ნაპოლი vs რეალი – ურთიერთშეხვედრები

გუნდები ოფიციალურ დონეზე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველად ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში, 1987/88 წლების სეზონში. 80-იანების მადრიდის რეალი, რომელიც ნებისმიერ მატჩს ატრიალებდა სანტიაგო ბერნაბეუზე და დიეგო მარადონას ნაპოლი.

გამარჯვება ლეო ბენჰაკერის რეალს დარჩა, პირველი შეხვედრა ბერნაბეუზე 2:0 მოიგეს, განმეორებითი მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

ბერნაბეუზე ანგარიში მიჩელმა გახსნა, მეორე გოლი თავის კარში გაიტანა დი ნაპოლიმ.

განმეორებით მატჩში ანგარიში ფრანჩინიმ გახსნა და სტადიონიც აფეთქდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ბუტრაგენიომ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი 2016/17 წლების სეზონში. პირველი მატჩი ბერნაბეუზე გაიმართა, დიეგო მარადონა გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელები გაამხნევა. მატჩის შემდეგ ინსინიემ თქვა, რომ საწყის წუთებზე მარადონას შეგულიანებამ იმოქმედა, მერე კი ყველაფერი სათამაშო კლასმა გადაწყვიტა.

რეალმა ორივე შეხვედრა 3:1 მოიგო.

ნაპოლი vs რეალი & ანჩელოტი vs ლაურენტისი

კარლო თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიღაც-ვიღაცებისთვის საუკეთესოც კია. ნაპოლიში მისი მიყვანა მართლაც დიდებული ამბავი იყო, ასეთი კლუბის სათავეში ამხელა მწვრთნელის მიყვანა დიდი საქმეა, მაგრამ დე ლაურენტისს რთული ხასიათი აქვს და არც კარლოა ყველაფრის ამტანი და მომთმენი კაცი.

მძიმედ დაშორდა ერთმანეთს ეს ორი ადამიანი. კარლო ნაპოლიდან გაუშვეს. გაუშვიათ რეალიდან, ბაიერნიდან, მაგრამ ნაპოლიდან გაშვება მართლაც სულ სხვაგვარად მოჩანს. ეგენიც რეალისა და ბაიერნის მსგავსად ყოველ წელს ჩემპიონობას ხომ არ ითხოვენ?!

კარლოს ამით არაფერი დაკლებია, რეალშია და წინ დიდი ალბათობით ბრაზილიის ნაკრები ელის. არც ლაურენტისი დაღუპულა, პირიქით, მოახერხა და კლუბი სერია ა-ს ჩემპიონობამდე მიიყვანა. ვისი წვლილი უფრო დიდია ამ საქმეში ახლა ამის გაზომვას არ დავიწყებ, ლაურენტისი კლუბის ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი და მმართველი.

ნაპოლი vs რეალი – სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლიმ პირველი მატჩი გასვლაზე ბრაგასთან მოიგო 2:1. ცუდად ითამაშეს, მაგრამ ბოლო წუთებზე შეძლეს და მოიგეს. მადრიდის რეალმა კი უნიონ ბერლინი დაამარცხა – 1:0. ასე რომ ჯგუფის ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს.

სავარაუდო შემადგენლობებს სხვადასხვა გამოცემები სხვაგვარად ასახელებენ, ჩვენ კი იმას ჩამოვწერთ, რომელზეც უმეტესობა შეჯერდა:

ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, ოსტიგარი, ნათანი, ოლივეირა, – ანგისა, ლობოტკა, ჟელენსკი, – პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

რეალი: კეპა – კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, გარსია, – კამავინგა, ჩუამენი, ვალვერდე, ბელინგემი – როდრიგო, ვინისიუსი.

დანაკლისი

ნაპოლი ცენტრალურ მცველს, ჟუან ჟეზუსსა და რამინ რაჰმანის მოისაკლისებს. ასევე ტრავმირებულია მეკარე პიერლუიჯი გოლინი, რომელიც დიდ დანაკლისად ვერ ჩაითვლება.

მადრიდის რეალს გაცილებით სერიოზული დანაკლისი აქვს. სეზონის დასაწყისში უმძიმესი ტრავმები მიიღეს ტიბო კურტუამ და ედერ მილიტაუმ. ორივე სეზონის ბოლომდე გამოაკლდა გუნდს, ასევე არ იქნება დავიდ ალაბა.

კვლავინდებურად ტრავმირებულია არდა გიულერი. გულშემატკივარი დიდი ხანია ელის მის გამოჩენას, მაგრამ არდას ქრონიკული ტრავმები აწუხებს.

სად ვუყურო მატჩს ნაპოლი – რეალი ?

მატჩის ყურება setantasports.com-ის OTT პლატფორმაზე, 23:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე