გარსიას დრო იწურება – რა გვითხრეს იტალიელებმა

ნაპოლის შიდა სამზარეულოში არეულობაა, ეს კაპიტანმაც აღიარა, როცა გუნდს შეკრებისა და სიტუაციის დალაგებისკენ მოუწოდა. პრობლემა მხოლოდ კვარაცხელიასა და გარსიას დამოკიდებულება არ არის, ბოლო ტურის შეხვედრაში ძალიან უკმაყოფილო დარჩა ვიქტორ ოსიმენიც, ლიდერებს არც ცვლილება მოსწონთ და არც ის ტაქტიკა, რომელითაც გარსია თამაშს წარმართავს. ტურიდან ტურამდე საქმე დალაგებისკენ ნამდვილად არ მიდის, პირიქით, სიტუაცია მძიმდება.

ნაპოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იტალიელ კოლეგებს დავეკითხეთ, Il Napolista-ს, Corriere Dello Sport-ის, La Gazzetta Dello Sport-ისა და Football Italia-ს ჟურნალისტებს. რაღაცებზე თანხმდებიან, რაღაცებზე ვერა. ის რაზეც ყველა თანხმდება არის ის რომ რუდი გარსია არავის მოსწონს.

პირველ რიგში, დავიწყოთ ჩვენი კარგი ნაცნობით, ნაპოლისა და კვარას დიდი გულშემატკივრით.

მასიმილიანო გალო – Il Napolista-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი:

არ ვიცი კვარას ირგვლივ რა ხდება, მაგრამ მჯერა რომ ეს მხოლოდ ტაქტიკურ ასპექტში განსახილველი თემა არ არის. მიმაჩნია, რომ კონტრაქტის თემამ თავისი როლი ითამაშა, კვარას მხარემ ღიად აღნიშნა, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ შეუძლებელია ამას ნეგატიური ზეგავლენა არ მოეხდინა.

გუნდმა ბალანსი დაკარგა და ახლა უცნაურ პერიოდს გადის ახალ მწვრთნელთან ერთად, შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს თვითგამორკვევის პროცესია. გარსია არ მომწონს, მაგრამ დასკვნების გასაკეთებლად, ან უეცარი გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ ძალიან ადრეა, მას თავისი იდეები აქვს, ამას კი ყოველთვის დრო სჭირდება.

მიმაჩნია, რომ გარსიას სწრაფი გათავისუფლებით ნაპოლიში ქაოსური პერიოდი გაგრძელდება, რადგან შუა სეზონში ძალიან გაჭირდება ისეთი მწვრთნელის მოყვანა, რომელიც კლუბს სათამაშო იდენტობას შეუნარჩუნებს და ამავე დროს მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

კვარა დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მარტო ვერაფერს შეცვლის. ყველაფრის მასზე გადაბრალება არასწორია. არც ოსიმენია ისეთ ფორმაში როგორც წინა სეზონში იყო, არც ლობოტკა, გუნდმა სირთულეები ერთობლივი მუშაობით უნდა დაძლიოს. როცა გუნდური სულისკვეთება დაბრუნდება, მერე ინდივიდუალისტებიც უკეთ წარმოაჩენენ თავს“.

მოკლე პასუხი ჰქონდა მწერალსა და ჟურნალისტს ალბერტო პოლვეროზის, ალბერტო Corriere Dello Sport-სა და Calciomercato-სათვის მუშაობს.

“მთავარი პრობლემა სპალეტის მემკვიდრეობაა, მასთან ერთად ნაპოლი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობდა და შედეგიც კარგი ჰქონდა. არცერთი მწვრთნელისთვის მარტივი არ იქნებოდა ამ დროს გუნდის გადაბარება.

ცუდ სტარტზე პასუხისმგებელი პირველ რიგში რუდი გარსიაა, რომელმაც თავის გუნდს ჯერჯერობით კარგად ვერ გაუგო. რჩება შთაბეჭდილება რომ ფეხბურთელებს კარგად არ იცნობს.

კვარას რაც შეეხება საგანგაშო არაფერია. ის განვითარებას განაგრძობს, არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი ვინ იქნება”.

შემდეგი ვისაც გავესაუბრეთ Football Italia-ს ჟურნალისტი აპოლო ჰეიზია:

„ვფიქრობ საათი უკვე ჩართულია, სტარტით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ნათელია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. იტალიაში დღეს ყველა საუბრობს რომ გარსიას ოთხი მატჩი აქვს სიტუაციის გამოსასწორებლად, თუმცა, თუ საწყის ორ მატჩში ერთი მაინც წააგო ყველაფერი დასრულდება.

ჩემთვის სურპრიზი იყო გარსიას დანიშვნა, არ მიმაჩნია, რომ ამ სამუშაოსთვის სწორი კანდიდატი იყო, ახლა მისი შემცვლელის მოყვანა უფრო რთული იქნება, იგორ ტუდორს შეუძლია სწრაფი ცვლილება, მაგრამ მისი კანდიდატურაც რისკის შემცველი მგონია.

ნაპოლის ლიდერებზე წინა სეზონის წარმატებამაც იმოქმედა, სკუდეტოს მოგების შემდეგ გუნდი ნაკლებად ფოკუსირებული და მოტივირებულია. კვარაცხელიას რაც შეეხება მასზე გასული სეზონისა და მიმდინარე სეზონის შედარებითი ანალიზი მაქვს მომზადებული, სტატისტიკაზე დაყრდნობით. ვერ ვიტყვი რომ რაიმეს განსხვავებულად აკეთებს, უბრალოდ მისი Xg და Xa მაჩვენებელი მცირედით შემცირებულია, (xG – მოსალოდნელი გოლი, xA – მოსალოდნელი საგოლე გადაცემა). ამ მცირე ცვლილების მიზეზი კი სიმშვიდის ნაკლებობაა, ის ვერ გრძნობს ნდობის იმ ხარისხს, რომელსაც იმსახურებს, ეს კი თამაშზეც ახდენს გარკვეულ ზეგავლენას“.

აპოლოს მომზადებული სტატია შეგიძლია იხილოთ აქ.

ბოლოს La Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტის მაურიციო ნიჩიტას კომენტარს გაგაცნობთ:

ლაურენტისი უცნაური კაცია, ბოლოს როცა ნაპოლი ტვიტერზე შეაქო ორ კვირაზე ნაკლები იყო გასული და ანჩელოტი გაათავისუფლა. ახლაც უცნაურად მენიშნა მისი ტვიტი, გუნდი და ფეხბურთელები ბოლონიასთან ნათამაშები ყაიმის შემდეგ შეაქო, არადა, შესაქები არაფერი იყო. შეუძლია თუ არა გარსიას ეს ტვიტი გაფრთხილებად მიიღოს? კი, შეუძლია.

გარსიას ოთხი მატჩი აქვს სანაკრები პაუზამდე, ეს იქნება გადამწყვეტი მატჩები, მათ შორის იმ კაცთან მოუწევს დაპირისპირება, რომელიც ლაურენტისმა გაათავისუფლა. ნაპოლი რეალისთვის ჯერჯერობით მზად არ არის. ანჩელოტის კი ლაურენტისთან თავისი ანგარიშები აქვს.

ახლა გუნდს მენტალური გამოცდა აქვს, თუ ეს ეტაპი გადაილახა ნაპოლი ისევ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ყველა ტურნირზე. თუ გარსია წავიდა ტიტულებისთვის ბრძოლა ძალიან გაჭირდება, ახალი მწვრთნელი ახალ თავსატეხს მოიტანს, თუმცა, ცვლილება ხანდახან აუცილებელია“.

ავტორის შესახებ
Picture of არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე