მესის ბიშთი – კატარელები ფეხბურთის ისტორიაში შევიდნენ

ლეო მესის აცვია არაბული სამოსი ბიშთი დაჯილდოების ცერემონიაზე | Setanta Sports

მსოფლიო თასის გამარჯვებული არგენტინაა. ლეო მესიმ სანუკვარი თასი თავს ზემოთ აღმართა, თუმცა ამ ისტორიულ ფოტოში მასპინძელმა ქვეყანამ უდიდესი კორექტივი შეიტანა.

მესის გამონაკლისი

ხელოვნებას საზღვრები არ გააჩნია, არც კუთვნილება. ამიტომ ვერ იტყვი რომ მონა ლიზა რომელიმე ფლორენციელს ან სხვა იტალიელს ეკუთვნის, ან მოცარტის რომელიმე სიმფონია მხოლოდ ავსტრიელი ხალხის საკუთრებაა.

ფეხბურთი განსხვავებულია რამაა, ნაკრებები დროშების, კლუბები კი ლოგოების ქვეშ თამაშობენ. შესაბამისია კუთვნილებაც. იგებს ის, ვისი ქვეყნის ნაკრებიც ჩემპიონი ხდება. ამ ნაკრებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სხვებიც ქომაგობენ, თუმცა გამარჯვების კუთვნილება და შეგრძნება, ცხადია, ჩემპიონ ქვეყანაში მეტია.

2022 წელს არგენტინის ჩემპიონობა განსხვავებული შემთხვევაა. ლეო მესი არის მთავარი არგუმენტი იმისა, რომ ფეხბურთმა ხელოვნებისთვის დამახასიათებელი საყოველთაოობა შეიძინა.

საზღვრები მესიმ წაშალა. ახლა, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ, მიმოიხედეთ, თქვენ ირგვლივ ფეხბურთის უმიზეზოდ ბედნიერ ან კარგ ხასიათზე მყოფ გულშემატკივარს აუცილებლად შენიშნავთ.

რა ქნეს კატარელებმა

ცხადია, ამ საყოველთაოობის ნაწილია კატარიც. მასპინძელმა ქვეყანამ, ვინ იცის, საეტაპო ქმედებით, ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა. დაჯილდოების ცერემონიის დროს, კატარის ამირმა ლიონელ მესის ილსამური სამოსი – ბიშთი ჩააცვა.

მესის აღიარება

ბიშთი, იგივე მიშლაჰი ან აბაყი – ისლამურ სამყაროში მათ სასულიერო პირები, მოსამართლეები და მეფეები ატარებენ, თანაც განსაკუთრებულ შემთხვევებში. ცხადია, მისი ტარება საპატიოა. ამ ჟესტით კატარის ამირმა, თამიმ ბინ ჰამად ხალიფა ალ სანიმ მესის სიდიადეს გაუსვა ხაზი.

ადგილის დაბევება ისტორიაში

1930 წლიდან მოყოლებული ყველა ჩემპიონის სამახსოვრო ფოტოში მხოლოდ გამარჯვებული ქვეყნის დროშა და ფორმა ფიგურირებს. ლუსაილის სტადიონზე პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ გამარჯვებული ქვეყნის კაპიტანს, მასპინძლის კულტურისთვის დამახასიათებელი შტრიხი აქვს.

ლეო მესი, აღმართული თასი, მოზეიმე არგენტინის ნაკრები და მუნდიალის კულმინაცია – ფოტო, რომელიც ისტორიაში შემორჩება. ასეთ დროს კი მესის არაბული ბიშთი აცვია.

ყოველთვის იკითხავენ, თუ რა აცვია მესის და რატომ. რატომ გამოირჩევა ის თანაგუნდელებისგან. პასუხს კი არაბულ სამყარომდე, ტრადიციამდე, რელიგიამდე და თავად კატარამდე მივყავავართ. კატარი არამხოლოდ 22 არაბულ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოირჩა.

ლეგიტიმაცია

კატარის მუნდიალის ირგვლივ მითქმა-მოთქმა მისი მიმდინარეობისასაც არ შემწყდარა. Netflix-ის დოკუმენტური ფილმიდან დაწყებული – FIFA Uncovered, ადამიანის რამდენიმე ფუნდამენტური უფლების დარღვევის ჩათვლით, განხილვის თემა კატარის ირგვლივ მართლაც ბევრი იყო, თანაც არც თუ პოზიტიური კუთხით.

ცხელი, უდაბნოსა და არიდული კლიმატის გამო კატარის მუნდიალი, რომ ზამთარში ტარდებოდა, საფეხბურთო წრეებში კრიტიკას იმსახურებდა.

ყალბ გულშემატკივრებზეც ბევრი დაიწერა და მათი დღიური ანაზღაურებაც კი ცნობილი გახდა.

თუმცა დღეს ამაზე უკვე საერთაშორისო მედიაში სიახლეებს ვეღარ წააწყდებით. საფეხბურთო ზეიმმა ყველაფერი, ამ ქვეთავში თქმული, გადაფარა, თანაც იმგვარმა დასასრულმა, როგორსაც ფეხბურთი მოითხოვდა – მოეგო მესის მსოფლიო ჩემპიონატი, მას ლეგიტიმაციაც მისცა.

ამ ლეგიტიმაციის ნაჭდევი კი ლეო მესისთვის ჩაცმული ბიშთია. შავი, ოქროსფერი კანტით გაწყობილი, აქლემის ბეწვისგან დამზადებული ტრადიციული სამოსი ახლა ფეხბურთის ისტორიის წიგნშიც სამუდამოდ დაიდებს ბინას. თანაც იმ გვერდზე, რომელსაც მესის გამო ძალიან დიდხანს, ყველაზე მეტად გადაშლიან.

რომ არა მესი, მისი პერსონა და ფიგურა, ალბათ, ფაქტი, რომ ის თანაგუნდელებისგან თასის აღმართვისას ვიზუალურად გამოირჩეოდა, და თანაც, პოსტ კორონას პერიოდში, შორიდან ღამურას ჰგავდა, არასამართლიანი, გამაღიზიანებელი, როგორც მინიმუმ არასასიამოვნო და მარკეტინგულად არამომგებიანი იქნებოდა.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე