მანჩესტერი vs ბარსელონა – Preview

მანჩესტერი – ბარსელონა, რაუნდი II. პირველი მატჩი საუკეთესო გამოდგა ევროპის სტადიონებზე, მხოლოდ, ლივერპული – რეალი თუ გადაწონის. ასეც იყო მოსალოდნელი, მანჩესტერმა და ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის დონის შეხვედრა გაჩუქეს.

მოლოდინი მეორე შეხვედრაშიც დიდია. მატჩში სადაც გამსვლელის ვინაობა უნდა გადაწყდეს. ფავორიტის დასახელებისგან თავს იკავებენ, მაგრამ მანჩესტერს მაინც აქვს მცირედი უპირატესობა, საკუთარი კედლებისა და ბარსელონას დიდი დანაკლისის გამო.

დრო და ლოკაცია

  • ხუთშაბათი, 23 თებერვალი, თბილისის დროით 23:55 წუთი;
  • ოლდ ტრაფორდი;

ურთიერთშეხვედრებზე წინა მიმოხილვაში ვრცლად ვისაუბრეთ და შეგიძლიათ გადახედოთ. მხოლოდ ერთი ფრე მიემატა ორთაბრძოლას.

როგორ გამოიყენა კვირა ბარსელონამ

გუნდებმა ერთი კვირა დაისვენეს. ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით გაცილებით მცრე დრო აქვთ მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად. ბარსელონამ კადისს უმასპინძლა და ძალების დაზოგვით მოიგო.

დაისვენა რონალდ არაუხომ, ბარსელონას მთავარმა იმედმა დაცვის ხაზში. წინა მატჩიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ არაუხო ისევ გაუცვლის ადგილს კუნდეს და შედარებით ცენტრში ითამაშებს. საინტერესოა, მოაცილებენ თუ არა მას მარკუს რაშფორდს.

აღსანიშნია ფერან ტორესის კარგი თამაში. ფატისგან განსხვავებით ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დანაკლისის პირობებში მისი თამაშის შანსები იზრდება.

როგორი კვირა ჰქონდა მანჩესტერს

ბარსელონაში არაუხომ დაისვენა, მანჩესტერში ვარანმა. მოემზადება ლევანდოვსკის დასაჭერად. პირველ მატჩში ამოცანას თავი კარგად გაართვა.

სამაგიეროდ, მარკუს რაშფორდი არ ისვენებს. მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია, ჰოდა, მარკუსის მადა დღითიდღე იზრდება, მანჩესტერში ოქროს ბურთის მაძიებელთა შორის მოიაზრებენ. (რაც გადამეტებული მგონია, მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამომდინარე).

მარკუსმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც სანჩომ შეაგდო და მანჩესტერმა 3:0 დაამარცხა ლესტერი. ოცნებების თეატრში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, ჩანდა, რომ ეს ხალხი ბარსელონასთვის ემზადება.

დანაკლისი

ფეხბურთელები მანჩესტერსაც აკლია, – ერიკსენი, ფილ ჯონსი, მარსიალი. ელიან მაგუაიერისა და ანტონის დაბრუნებას.

ბარსას დანაკლისი მაინც უფრო დიდია.

საქმე რაოდენობაში არ არის, საქმე ხარიხსშია. ვინც კი წარმართავდა ბარსელონას შეტევებს მიმდინარე სეზონში, ყველა თამაშგარემდგომარეობაში რჩება. პედრის და დემბელეს ტრავმები აქვთ, გავი კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს შეხვედრას. ლევანდოვსკიმდე ბურთის მიტანა ძალიან გაჭირდება.

კარგი ამბავი ის არის, რომ სერხიო ბუსკეტსი დაბრუნდა, მაგრამ ისიც საყრდენი ზონის ფეხბურთელია. მაქსიმუმ რა სიკეთის მოტანაც შეუძლია ტაქტიკური თვალსაზრისით, არის ის, რომ დე იონგს მიეცემა შეტევაში მეტი თავისუფლება, თუმცა, ესეც ბევრჯერ ნაცადი ხერხია და აქამდე განსაკუთრებით ეფექტიანად არ უმუშავია.

კომენტარები

ჩავის პრესკონფერენციაზე ახლდა ჟიულ კუნდე.

ტენ ჰაგის გუნდი განსხვავდება იმ მანჩესტერისგან, რომელსაც სევილიაში თამაშის დროს შევხვდი. მანჩესტერს ძალიან მაღალი დონის შემტევები ჰყავს და მათთან რთული დაპირისპირება გველის

წნეხი პირველივე წუთებიდანვე იქნება, საწყის წუთებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, არა გადამწყვეტი. მიმდინარე სეზონში მცველებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ჩემს პოზიციას კი მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ სადაც საჭირო იქნება”, – თქვა კუნდემ.

ჩავიმ კი თქვა ის სიტყვები, რისი მოსმენაც მანჩესტერის ფანებს ძალიან გაახარებდათ.

მანჩესტერი დაბრუნდა. ისინი უკვე პრემიერ ლიგისთვისაც იბრძვიან, ამ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ კი უნდა დავამტკიცოთ, რომ საუკეთესოებთან თამაში შეგვიძლია”.

რა თქმა უნდა, დანაკლისი დიდია, არა მხოლოდ გავისა და პედრის გამო. დემბელე ძალიან გვაკლია”.

მინდა, რომ არაუხომ მეტად გარისკოს. მირჩევნია რისკით ითამაშოს და ბურთის ამოტანის დროს შეცდეს, ვიდრე სიფრთხილის გამო წინ ვერ წავიდეს”, – თქვა ჩავიმ.

ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ ანტონისა და მაგუაიერს თამაში შეეძლებათ. მარსიალის მონაწილეობა კი გამორიცხა.

დაშავებულები ვარჯიშს დაუბრუნდნენ და მათი გამოყენება შეგვეძლება. განსხვავებულს რა იხილავთ? ამას მალე შეიტყობთ. რა თქმა უნდა, გვაქვს გეგმა, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებთ”.

ჩვენ გვსურს დიდი მატჩების თამაში, ახალგაზრდობაში ამაზე ვოცნებობდით, ახლა კი აქ ვართ. ჯერ მხოლოდ თებერვალია, მაგრამ დიდი მატჩების თამაში უკვე გვიწევს. ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავიღოთ”.

“ყოველთვის მსიამოვნებს იმ ხალხთან ურთიერთობა, რომელთაც დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, მას ამ ყველაფრის გაზიარება და ჩვენი დახმარება სურს. მანჩესტერი მისი კლუბია, მას სურს, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ“, – თქვა ტენ ჰაგმა სერ ალექსთან შეხვედრის თაობაზე.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე