ბარსელონა vs მანჩესტერ იუნაიტედი – Preview

ბარსელონა ევროპა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. ანონსი ისეთია ჩემპიონთა ლიგასაც მოუხდებოდა, გუნდები შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდებიან.

ლაპორტამ სეზონის წინ ყველაფერი სასწორზე შეაგდო, ბოლომდე გარისკა და დამარცხდა. მიზანი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო, მხოლოდ ასე შეიძლებოდა იმ ფინანსური გზის გავლა, რომელიც პრეზიდენტმა დაგეგმა, მაგრამ არ გაუმართლა.

ჯერ ერთი, სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, მერე მეორე – დაცვის ხაზი მთლიანად გამოაკლდა ტრავმების გამო. ასე აღმოჩნდა ბარსელონა ევროპა ლიგაზე.

მანჩესტერის სეზონი კი ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, კაზემირომდე და კაზემიროს ტრანსფერის შემდეგ. ასეთი ზუსტი ტრანსფერი დიდი ხანია მანჩესტერ იუნაიტედს არ გაუკეთებია. ხმაურიანი კი ბატონო, მაგრამ ასეთი ზუსტი და გონივრული სერ ალექს ფერგიუსონის მერე არ გვინახავს.

მენტალურად, ტაქტიკურად, ტექნიკურად, ყველანაირად გააძლიერა მანჩესტერი კაზემირომ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოგებათა სერია.

ბარსელონა vs მანჩესტერი – დრო და ლოკაცია

  • ადგილი – ბარსელონა, სპოტიფაი კამპ ნოუ;
  • დრო – ხუთშაბათი, 16 თებერვალი, თბილისის დროით 21:45 საათი;
  • არხი – Setanta Sports 1 და setantasports.com

ურთიერთშეხვედრები

ბარსელონას და მანჩესტერს ურთიერთშეხვედრების მდიდარი ისტორია აქვთ. ერთმანეთის პირისპირ უთამაშიათ:

  • დიეგო მარადონასა და ბრაიან რობსონს,
  • მიქაელ ლაუდრუპსა და მარკ ჰიუზს,
  • რომარიოსა და როი კინს,
  • რივალდოსა და დევიდ ბექემს,
  • კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის
  • და ასე დაუსრულებლად.

გუნდებმა 13 შეხვედრა გამართეს, ბარსელონას ექვსი მოგება აქვს, მანჩესტერს სამი, ოთხი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ბურთების სხვაობა 24-15 ზეა ბარსელონას სასარგებლოდ.

ბომბარდირი ლიონელ მესია, ოთხი გატანილი გოლით. მათ შორის ორი, რომისა და ლონდონის ფინალებში გაიტანა.

გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს ევროპა ლიგაზე. აქამდე ათი მატჩი ჩაატარეს ჩემპიონთა ლიგაზე და სამი თასების მფლობელთა თასზე.

მანჩესტერ იუნაიტედის ვარჯიში ბარსელონაში

როგორ ფორმაშია ბარსელონა

ბარსელონამ ბოლო რვა თამაში მოიგო. მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, ერთი სუპერ თასის ფინალში მადრიდის რეალისგან, მეორე კი ლა ლიგაში ბეტისთან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ავტოგოლი კუნდეს ანგარიშზე იყო.

საპასუხოდ კი ბლაუგრანამ 17 გოლი გაიტანა.

აღსანიშნია დაცვის ხაზი, რომელიც ლა ლიგის რეკორდზე მიდის. გუნდს მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული. ამ შვიდიდან გუნდმა 3 კლასიკოში გაუშვა, სადაც დაცვის ხაზი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული.

კუნდე-არაუხო-კრისტენსენი-ბალდე – ეს დაცვის ხაზი ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება და ბოლოს როდის იყო ბარსელონას დაცვა ასეთი საიმედო, რთული სათქმელია.

ამას დავუმატოთ ტერ შტეგენი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და მივიღებთ გუნდს, რომლის დამარცხებაც ურთულესია.

ტერ შტეგენი vs დე ხეა | Setanta Sports
ტერ შტეგენი vs დე ხეა

როგორ ფორმაშია მანჩესტერი

მანჩესტერმა ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. გაიტანა 14 გოლი და გაუშვა ოთხი.

სეზონის მეორე ნახევარი მანჩესტერს გაცილებით კარგი აქვს, რაც მხოლოდ კაზემიროს დამსახურება არ არის. რონალდუს წასვლით თითქოს მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდა ტენ ჰაგი, რომელიც ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ, შესაძლოა, საუკეთესო მწვრთნელადაც იქცეს მანჩესტერისთვის.

მთავარი ამბავი კი მარკუს რაშფორდის სათამაშო ფორმაა, რომელმაც პრემიერლიგის ბოლო ცხრა მატჩში რვა გოლი შეაგდო, ასოციაციის თასზე კი ხუთ მატჩში ხუთი გოლი და ორი ასისტი აქვს. მანჩესტერის ფინალში გასვლა რაშფორდის დიდი დამსახურებაა.

რაშფორდი vs არაუხო

ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის. ორივე ფეხბურთელი წარმოუდგენლად მაგარ ფორმაშია. მარკუსს გოლი გოლზე გააქვს, არაუხო კი ნამდვილი მხეცია, რომელიც სწორედ ინდივიდუალურ ორთაბრძოლებშია ძალიან ძლიერი.

როგორც წესი, თუ მეტოქეს ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს, მხოლოდ ამ დროს ცვლიან კუნდე და არაუხო პოზიციებს. ასე ხდება მაგალითად ვინისიუს ჟუნიორთან დაპირისპირების შემთხვევაში. ასე იქნება რაშფორდთანაც.

  • რაშფორდი ძალიან სწრაფია, ისევე როგორც არაუხო;
  • ვნახეთ მარკუსის თავით გატანილი გოლები, მეორე სართულზე ძალიან ძლიერია არაუხოც;
  • რაშფორდი ტექნიკური და სხარტი ფეხბურთელია, არაუხო ფიზიკურად ძლიერი და ძალიან ხისტი;

ამაზე მაგარს ვერაფერს ნახავთ. ისეთი მატჩია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებსაც გადასწონის.

ლევანდოვსკი vs რაშფორდი | Setanta Sports
ლევანდოვსკი vs რაშფორდი

მომავლის მწვრთნელები

ტენ ჰაგისთვის სადებიუტო სეზონია, გუნდი ასოციაციის თასის ფინალშია გასული, პრემიერლიგაში მესამე პოზიციაზეა და ევროპა ლიგაზე ბარსელონას გადაეყარა.

სულაც არ არიან 51-ქულიანი სიტი და არსენალი ისე წინ, რომ ტენ ჰაგმა ჩემპიონობაზე არ იფიქროს, თუმცა, თუ ჩემპიონი ვერ გახდა, ამის გამო არავინ დაახრჩობს. მას მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა დაუსახეს, რასაც ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს.

ჩავიმ პირველი მიზანი ვერ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, თუმცა, ამის უმთავრესი მიზეზი ტრავმები და ძალიან საკამათო გადაწყვეტილებები იყო, რომელიც მსაჯებმა მიიღეს ბაიერნთან და ინტერთან მატჩებში. ეს ყველას ესმის, შესაბამისად, ჩავის ნდობა არ დაუკარგავს.

ამას მოჰყვა სუპერ თასის ფინალი მადრიდის რეალთან, რომელიც დამაჯერებლად მოიგო და თასის შეხვედრები სადაც ნახევარფინალშია გასული. წინ ორი კლასიკო გველის.

ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, ევროპა ლიგაზე კი უხერხულ მეტოქეს შეხვდა. ჩავი ერნანდესი ნელ-ნელა იზრდება როგორც მწვრთნელი, მის ბარსელონას კი ხელწერა უკვე გააჩნია.

ჩავი vs ტენ ჰაგი | Setanta Sports
ჩავი vs ტენ ჰაგი

დანაკლისი

მანჩესტერ იუნაიტედის დანაკლისი:

  • კრისტიან ერიქსენი
  • მარსელ ზაბიცერი
  • სკოტ მაკტომინეი
  • ლისანდრო მარტინესი
  • დონი ვან დე ბეკი
  • საეჭვოა ანტონი მარსიალისა და ანტონის თამაში;

ბარსელონას დანაკლისი:

  • უსმან დემბელე;
  • სერხიო ბუსკეტსი;

სად და როგორ ვუყუროთ ბარსელონა vs მანჩესტერის მატჩს

ბარსელონა – მანჩესტერის მატჩი Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 21:45 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებს 30 %-იანი ფასდაკლების მიღება შეგიძლიათ. ამისთვის პრომო კოდის 30OFF გამოყენება დაგჭირდებათ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე