მადრიდის რეალი vs ნაპოლი – წინათქმა

აი მოვიდა ის დღე, რომელიც წილისყრის დასრულებისთანავე ყველა ქართველმა ქომაგმა მოინიშნა. ქართველობა დაირაზმა და ბერნაბეუზე დროშებიც აფრიალდება, თანაც იმდენი, რომ აუცილებლად მოხვდება ოპერატორების ობიექტივში.

ამაღელვებელია, ხვიჩა კვარაცხელია იმ სტადიონზე გააგორებს ბურთს, სადაც მთელი ბავშვობა ოცნებობდა თამაშზე. ჯერ სახლს ვერ უწოდებს, მაგრამ ნაწილობრივ აუხდება ოცნება. ვნახეთ პირველი კადრებიც – შეაბიჯა, თავისი პირადი რიტუალი აღასრულა და სმარტფონიც დააძრო. ამან მაფიქრებინა რომ პირველად არის ბერნაბეუზე, სხვათა შორის, ოფისში მსჯელობაც კი გამოიწვია ამ თემამ – აქამდე ყოფილა თუ არა ბერნაბეუზე. და თუ არ ყოფილა, შთაბეჭდილება წარუშლელი იქნება.

ვიქნები გულახდილი, ჩემი მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე , სხვა სტადიონები უფრო მომწონს, მინიმუმ ორი მოიძებნება, რომელთაც ბერნაბეუზე მაღლა დავაყენებდი, მაგრამ ქვეყანასა და ხალხზე დავისა არ იყოს, მაინც რა არის სტადიონი? კედლებია? არქიტექტურა? ეგეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ სტადიონის შეფასებისას პუბლიკას გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, ბერნაბეუს კი მსოფლიოს ყველაზე პრეტენზიული და შესაძლოა, ყველაზე მცოდნე პუბლიკაც ჰყავდეს.

ამ ხალხს კრიშტიანუსთვისაც დაუსტვენია, ბრაზილიელ რონალდოს რომ უსტვენდნენ ეგ გასაკვირი არ არის, წონა აკრიფა, იზარმაცა, თამაშები ჩააგდო და დაუსტვინეს, აი, კრიშტიანუს ამის საბაბი არასდროს მიუცია პუბლიკისთვის, მაგრამ მაინც უსტვინეს, რაღაცები არ მოეწონათ. კაცს იმაზე მეტი გაჰქონდა, ვიდრე თამაშობდა, მაგრამ ამ ხალხს მხოლოდ გოლებით ვერ გააკვირვებ, მხოლოდ გოლებით ტაშს ვერ დააკვრევინებ.

დღესაც ისხდებიან ისეთები, რომელთაც ალფრედო დი სტეფანოს თამაშიც ახსოვთ, თეთრი ბალეტი ახსოვთ, უნგრელი ჭირვეული კაცი ახსოვთ, 80-იანების სპექტაკლები ახსოვთ, ბოსკეს სილამაზე ახსოვთ, გალაქტიკო ხომ ახსოვთ და ახსოვთ, მოკლედ, ამათ მხოლოდ გოლებით ვერ გააკვირვებ, გინდა სამი შეაგდე, გინდა ოთხი, მაგის მეტი რა უნახავთ, ტაშს კი გოლებს არ უკრავენ, სულ სხვა რამეს გადაჰყავს ეს ხალხი ჭკუიდან. ამ ხალხს ფეხბურთი უყვარს, იმპროვიზაცია, კრეატიულობა და ინტელექტი.

ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ხვიჩა დაჯილდოებულია ზუსტად იმ უნარებით, რომელსაც მისი უდიდებულესობა “ბერნაბეუ” ყველაზე მეტად აფასებს ფეხბურთში. ჰოდა, ვნახოთ რა გამოვა.

მეტოქის რანგში ეწვევა, მაგრამ ამ პუბლიკას ერთი რამ კიდევ გამოარჩევს – მეტოქესაც აფასებს, თუ საჭიროა. გვახსოვს აპლოდისმენტები ინიესტას მისამართით, ალექს დელ პიეროს პატივსაცემად და რა თქმა უნდა, ბრაზილიელი ჯადოქრისთვის. რონალდინიოს შემთხვევა მაინც გამორჩეულია, წინა ორ შემთხვევაში თუ მოედანიდან გასვლის დროს დაუკრეს ტაში, რონალდინიოს შემთხვევაში გოლებს მოაყოლეს, რაც წარმოუდგენელი ამბავია.

ეს მხოლოდ ღირსებას მატებს საფეხბურთო ტაძარს.

ახალი მწვრთნელის ხელში

დებიუტი ვნახეთ, გადახვევა და კოცნაც ვნახეთ. მაძარიმ მოსვლისთანავე დაალაგა ურთიერთობა კვარაცხელიასთან. გუნდის ლიდერებთან სხვაგვარად არ შეიძლება, მათთან თუ ვერ დალაგდი, გუნდიც აგერევა.

ხვიჩას გოლი გადამწყვეტი გამოდგა, მაძარიმ სადებიუტო მატჩი მოიგო, მაგრამ გამოჩნდა რომ თამაშში ცვლილებები შეაქვს, რაც ჩვეულებრივი ამბავია, უბრალოდ დრო სჭირდება მისი ხედვისა და იდეების დანერგვას.

არ დავმალავ, მისი გაწვრთნილი ნაპოლი კარგად არ მახსოვს, შევხედავდი ხოლმე, მაგრამ დიდი ინტერესით არასდროს მიმიდევნებია თვალყური, ამიტომ, ისევ ნეაპოლელ კოლეგებს დავეკითხე, მასზე რა აზრისა ხართ-მეთქი.

მაძარი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ნაპოლისთვის, დე ლაურენტისის ეპოქაში სწორედ მაძარიმ ჩაუყარა თანამედროვე ნაპოლის საფუძველი. ათი წელი გავიდა. პირდაპირ ვიტყვი, უცნაური არჩევანია, უმეტესად მოედნის მიღმა აწყობილ ურთიერთობაზე დაფუძნებული, და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილება. სამი მცველით უყვარს თამაში, მაგრამ ლაურენტისს დათანხმდა 4-3-3-ზე. პრეზიდენტს ამ ტაქტიკის ნახვა სურს. გამოცდილი მწვრთნელია, მაგრამ ტუდორიც კარგი არჩევანი იქნებოდა, უფრო ახალგაზრდაა და მომავალზეც იქნებოდა გათვლილი. შემტევებთან მუშაობა ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, კავანი ფორვარდად მან დააყენა, პალერმოში ცოტა სხვა პოზიცია ჰქონდა, ლავეციც მის ხელში გაიხსნა, მიმაჩნია, რომ ოსიმენისა და კვარაცხელიასთვის კარგი ვარიანტია“,

– გვითხრა Il Napolista-ს მთავარმა რედაქტორმა მასიმილიანო გალომ.

ჯუდი დაბრუნდა

ნაპოლის ოსიმენი დაუბრუნდა, რეალს ბელინგემი. ჯუდი ისეთ სეზონს ატარებს, წესით ოქროს ბურთი რომ უნდა მოჰყვეს სეზონის ბოლოს, მაგრამ ხომ იცით, ეს ყველაფერი მაინც გუნდზე და ტიტულებზეა დამოკიდებული.

დაბრუნდა და გაიტანა. რეალი მშვენიერ ფორმაშია, ლა ლიგას უდგას სათავეში, სიმჭიდროვეა, მაგრამ დამაჯერებლად გამოიყურებიან და სადარდებელიც არაფერი აქვთ.

კარლო ანჩელოტის კი თავისი ანგარიშები აქვს ნაპოლისთან და ლაურენტისთან, პირველ წრეში კარგი თამაში ვნახეთ, კარლომ იმარჯვა, ახლა სულ სხვა მწვრთნელთან მოუწევს დაპირისპირება, მაგრამ პაპა კარლოსთან შედარებით, მაძარიც ისეთივე პატარა ჩანს, როგორიც გარსია ჩანდა.

ასეა, კაცი დიდ სიმაღლეს რომ მიაღწევს და იქიდან გადმოიხედება, ქვემოთ დიდ სხვაობას ვეღარ დაინახავს, ზემოდან ყველა ერთნაირი ჩანს.

დანაკლისი რეალში

რეალს დიდი დანაკლისი აქვს. ბელინგემის დაბრუნება ორმაგად სასიხარულო ამბავია იმის ფონზე, რომ ვინისიუსი ვერ ეხმარება გუნდს. გარდა ამისა, დიდი ხანია ვიცით კურტუასა და მილიტაოს ამბავი. არ იქნებიან ჩუამენი, კამავინგა და კეპა.

ორი მეკარის დაკარგვა სულ სხვა მასშტაბის დანაკლისია, მაგრამ რეალი რისი რეალია, მაინც მაგრად მიუყვებიან დასახულ მიზანს.

დანაკლისი ნაპოლიში

რეალის მეკარისა არ იყოს, ნაპოლის ორი მარცხენა მცველი აკლია, ისედაც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია ამ გუნდში და ორივე მცველი ერთდროულად გამოაკლდათ. ეს რა თქმა უნდა, დამატებით საფრთხეს მოიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას კი საქმე დაემატება.

სად ვუყუროთ მატჩს მადრიდის რეალი vs ნაპოლი?

მადრიდის რეალისა და ნაპოლის შეხვედრა თბილისის დროით 23:55 ზე დაიწყება. თვალყურის მიდევნებას სეტანტას არხებსა და პლატფორმაზე – Setantasports.com-ზე შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე