ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ლუის ენრიკემ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
ლუის ენრიკე ფურია როხას აღარ გაწვრთნის. მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ფიასკოა. სწორედ ასე შეფასდა 1/8-ფინალში მაროკოსთან მარცხი. მის ადგილს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე დაიკავებს.
ესპანური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ასტორიელ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა და განცხადებაში აღნიშნა, რომ გუნდს პროგრესისთვის ახალი პროექტი სჭირდება. შედეგად მხარეებს შორის კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდა.
“ფედერაციის სპორტის მენეჯმენტის ნაწილმა პრეზიდენტს წარუდგინა ანგარიში, სადაც ხაზგასმულია, რომ გუნდში ახალი პროექტი უნდა დაიწყოს, იმ ზრდის გაგრძელების ხარჯზე, რომელიც ბოლო წლებში ლუის ენრიკესა და მისი სტაფის მიერ იქნა მიღწეული.
ლუის ენრიკესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია როგორც პრეზიდენტ ლუის რუბიალესს, ასევე სპორტულ დირექტორს ხოსე ფრანსისკო მოლინას ჰქონდათ.
ასტურიელმა მწვრთნელმა გუნდს 2018 წლიდან მოყოლებული ახალი მუხტი მისცა, ნაკრებსა და ესპანურ ფეხბურთს, რაც საკუთარ თავში, თაობათა ცვლის პროცესსაც მოიცავდა”.
RFEF – ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში 2018 წლიდან მუშაობდა. მისი მწვრთნელობით ფურია როხა ერთა ლიგის სამი გათამაშებიდან ორის ფინალში გავიდა, ასევე ევრო 2020-ზე ნახევარფინალში ითამაშა. თუმცა, როგორც გაირკვა, მუნდიალზე მაროკოსთან პენალტების სერიაში განცდილი მარცხი, ნაკრებში მისი ბოლო შედეგი აღმოჩნდა.
ნაკრებში მის სამწვრთნელო კარიერას დიდი დაღი ქალიშვილის გარდაცვალებამ დაასვა. 2019 წლის 29 აგვისტოს სანა მარტინესი ძვლის სიმსივნის გამო 10 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რაც შეეხება მის შემცვლელს, დე ლა ფუენტე 61 წლისაა და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში 2013 წლიდან მუშაობს. მის ანგარიშზე ევროპის 19 და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულია. ასევე მისმა გაწვრთნილმა ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში ვერცხლის მედალი მოიპოვა.