ესპანეთის ბარსელონური იდენტობა

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლუის ენრიკეზე თავდაჯერებული მწვრთნელი რთული საპოვნელია. ეს არის კაცი, რომელმაც ზუსტად იცის რასაც აკეთებს, შეუძლია ისე დატოვოს ვარსკვლავის სტატუსის მქონე ფეხბურთელი შემადგენლობის მიღმა, რომ წარბსაც არ შეიხრის, სამაგიეროდ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავად სურს.

ესპანეთის ნაკრები აგრძელებს იმ ფეხბურთის თამაშს, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, განსხვავება ის არის, რომ ენრიკეს ნდობით აღჭურვილი ახალგაზრდები გაიზარდნენ და პროგრესირდნენ, ბარსელონას ნახევარდაცვის ტრიო ხელუხლებელია, – ბუსკეტსმა, გავიმ და პედრიმ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. დაცვის ხაზი როდრისა და ლაპორტის წყვილით სოლიდურად გამოიყურებოდა, მარცხენა ფლანგზე კვლავ ბარსელონელები ვნახეთ, რომლებმაც ერთმანეთზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. ალბა მოწოდების სიმაღლეზე იყო და საგოლე პასიც მიითვალა, მის ნაცვლად გამოსულმა ბალდემ კი საგოლე შეტევა ბრწყინვალე დრიბლინგით წამოიწყო.

აქ ისევ ჩნდება ის კითხვა, რომელსაც ბარსელონელები ხშირად უსვამენ საკუთარ თავს, – ვინ უკეთ იყენებს ფეხბურთელებს? ბარსას მწვრთნელები თუ ლუის ენრიკე. კითხვა რიტორიკულია, ენრიკეს ხელში აბსოლუტური დომინანტები არიან.

ესპანეთმა 7:0 მოიგო, თუმცა, ანგარიშზე მეტად სულ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის რომ ესპაური ფეხბურთის იდენტობა ბარსელონური ფილოსოფიით განისაზღვრა, მოდი ვუწოდოთ ამას მაინც კრუიფის ფილოსოფია, გვარდიოლას ხელში კიდევ უფრო გალამაზებული, ლუის ენრიკეც ასეთი ფეხბურთის მიმდევარია, – „საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, თუ ბურთი შენ გაქვს, მეტოქეს შანსი აღარ ექნება“, – კრუიფი ენრიკეს ესპანეთის ნაკრებით კმაყოფილი იქნებოდა.

ესპანეთის ნაკრებს მყარი იდენტობა არასდროს ჰქონია, რადგან, მადრიდულ-ბარსელონურ-ბასკური კულტურა ირეოდა ერთმანეთში, მათ კი საერთო არაფერი ჰქონიათ, მხოლოდ მოგვიანებით, როცა ბარსელონას ზეობის ხანა იდგა, ბურთი მოიგდეს ფეხში ჩავიმ და ინიესტამ, მწვრთნელებს კი მათთვის ხელი არ შეუშლიათ, ბოსკემ პირდაპირ აღნიშნა, – „ჩვენი უპირატესობა ამ ფეხბურთელების შეთამაშება და ერთ სტილში თამაში იყო, რა თქა უნდა, ამას ხელს არ შევუშლიდი, უბრალოდ დანარჩენი პოზიციები უნდა შეგვევსო სიფრთიხილით“, – აი, ასე, ბირთვი ბარსელონური იყო. როცა ეს ამბავი ესპანური ფეხბურთის დომინაციითა და დიდი სანაკრებო ტიტულებით დასრულდა, ესპანეთიც დაიკარგა, ისევ იმ შავ-ბნელ პერიოდს დაუბრუნდა, როცა არც ის იცოდნენ რას თამაშობდნენ, არც შედეგი ჰქონდათ. ვერც იერომ ივარგა, ვერც ლოპეტეგიმ, შემდეგ ენრიკე მოვიდა და მძიმე პერიოდის გავლა მოუწია, მცირე ხნით გათავისუფლდა, მომაკვდავ შვილთან ერთად ისურვა ყოფნა, მის ნაცვლად მორენომ გადაიბარა მთავარი მწვრთნელის პოსტი, რომელიც ენრიკეს ძირს უთხრიდა და ესპანური ფეხბურთის ბოსებს ბოლომდე თავის კანდიდატურას სთავაზობდა, ენრიკე რომც დაბრუნდეს მუშაობას ხარისხიანად ვეღარ შეძლებსო. ლუისმა შვილი დაკარგა, თუმცა, დაბრუნდა გაცილებით ძლიერი. მორენოს არაკაცობაზე პირდაპირ ისაუბრა, კარისკენ მიუთითა და საქმის კეთება განაგრძო, ამის მერე მხოლოდ იმათ ენდობა, ვისშიც ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება, მის ირგვლივ მხოლოდ ერთგული ხალხია, მის ირგვლივ გუნდია.

მთავარი სათქმელი სწორედ ეს არის, გოლებს კი ისედაც ყველა ნახავდით.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე