Kvaravaggio, Kvarashow, Kvaradona, Kvaratskhelia – ნაპოლიმ იუვე გაანადგურა

Kvarashow Napoli 5:1 Juventus | Setanta Sports

ნაპოლიმ იუვენტუსისგან ქვა ქვაზე არ დატოვა. დიეგო არმანდო მარადონაზე ნეოპოლურმა გუნდმა ტურინელებს 5 გოლი გაუტანა. კვარამ 5-დან 4 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

სერია A, მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა, პირველადგილოსანი ნაპოლი, მეორე პოზიციაზე მყოფ იუვენტუსს ხვდებოდა. როგორი აფიშაა? – დიდებული!

როგორც მინიმუმ ისეთი, მატჩის 90-ე წუთამდე ინტრიგას რომ გპირდება. ჰაჰ! ნურას უკაცრავად. ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენს, ლუჩანო სპალეტის და მთელ ნეაპოლს სხვა გეგმები ჰქონდა.

– ხვიჩა

– კვარაცხელიააა

– ხვიჩაა

– კვარაცხელიააააა

– ხვი-ჩა

– კვარაცხელიაააააა!

ჩვეულებისამებრ დაიგუგუნა მატჩამდე დიეგო არმანდო მარადონას პირთამდე სავსე სტადიონმა.

არც მატჩისას დაკლებია. დიქტორ დანიელე ბელინისა და 54 000 ნეაპოლელთან ერთად, უშუალოდ სტადიონზე ასობით ქართველი და Setanta Sports-ისა და setantasports.com-ის რეპორაჟზე ეკრანებთან ათი ათასობით ქომაგი საქართველოდან, ხვიჩას გვარს სკანდირებდა.

ნაპოლი 5:1 იუვენტუსი

Setanta Sports-ისა და setantasports.com-ის მაყურებელმა ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იხილა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში.

ტემპი, დინამიკა, რიტმი, კლასის დემონსტრირება, უშრეტი სურვილი ორივე კარზე იერიშის მიტანის და, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია.

ოსიმენმა იუვენტუსის მშრალი სერია შეწყვიტა

ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. კვარას აკრობატულ ნახტომში დარტმული ვოიციეხ შჩესნიმ აუღო, ხოლო დამატებაზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. არადა, იუვენტუსს ზედიზედ 8 მატჩში არ გაეშვა გოლი. შჩესნის კარი 17-დან 12 მატჩიც მშრალად შეენახა. ორივე სერია ნიგერიელი ფორვარდის გოლმა დაასრულა.

კვარაცხელიას გოლი იუვენტუსის კარში

მერე რა ხდება? მერე თავად კვარას დრო დგება. 39-ე წუთზე შორეული გადაკიდება, უხეირო თამაში დაცვაში, ოსიმენის საგოლე გადაცემა და 2023-ში იტალიამ პირველი ქართული გოლი იხილა. კვარამ პოლონელ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ეს მესამე გოლია, რომელიც იუვენტუსს ქართველმა გაუტანა. კახა კალაძე 2001 – მილანით, ლევან მჭედლიძე 2008 – პალერმოთი, ხვიჩა კვარაცხელია 2023 – ნაპოლით.

დიმარიამ იუვენტუსი თამაშში დააბრუნა

ამ მატჩში ნაპოლის დაცვა არ ბრწყინავდა. შესაბამისად მეკარე მერეტს საქმე არ მოკლებია. თანაც ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ ბებერი ქალბატონის რიგებში ვლაჰოვიჩი, პოგბა, კუადრადო და სხვები ტრავმის გამო ვერ თამაშობდნენ.

ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის შეიძლება საგანგაშო იყოს.

42-ე წუთზე ანხელ დი მარიამ ერთი გოლი გაქვითა. მსოფლიოს არგენტინელმა ჩემპიონმა არკადიუშ მილიკის საგოლე გადაცემა გამოიყენა. საგულისხმოა, რომ დი მარიას გატანის შანსი მანამდეც ჰქონდა, თუმცა მისი შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმი – ნაპოლი-იუვენტუსი

მეორე ტაიმის სტარტზევე სპალეტიმ პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ელმასი შემოუშვა. ჩრდ. მაკედონიელი თავის გოლს გაიტანს თუმცა მოგვიანებით.

მანამდე 55-ე წუთზე კვარამ კუთხურიდან უზუსტესად მოაწოდა. ბურთი რრაჰმანის მიუვიდა, რომელმაც სამხრეთელების ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. ხვიჩა 1+1 გოლი და საგოლე გადაცემა.

კვარას პასი და ოსიმენის გოლი

ალეგრიმ მოედანზე კინი და პარედესი შემოუშვა, თუმცა გოლი კვლავ ნაპოლიმ გაიტანა.

ხვიჩას უზუსტესი პასი მოძრაობაში, საჯარიმოში ოსიმენი ახტა და შჩესნი კვლავ უძლურია. კვარას 1+2 – გოლი და საგოლე გადაცემა.

საბოლოო ანგარიში ელმასმა დი ლორენცოს პასით დააფიქსირა, 5:1 და ნაპოლი ცხრილში 10 ქულით დაწინაურდა.

89-ე წუთზე სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა

ბოლოს წინა წუთზე დიეგო არმანდო მარადონა გაბმულმა აპლოდისმენტებმა მოიცვა. სტადიონი უბრალოდ არ გაჩერდა. 55 000-მდე ქომაგი ხვიჩა კვარაცხელიას უზადო პერფორმანსს დამსახურებული ტაშით შეხვდა.

ნაპოლის დიქტორის შეძახილმა ეს ყველაფერი იდეალური გახდა და ათიათასობით, ან ვინ იცის, ასიათასობით ადამიანის დაუვიწყარი საღამო შედგა. ზოგისთვის ნეაპოლში და ზოგისთვის საქართველოში.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კვარაცხელიამ 9.8 შეფასება დაიმსახურა. ამგვარი ქულის მიღება კი 10-ბალიანი სისტემიდან კიბერ ფეხბურთში, სიმულატორშიც კი წარმოუდგენელ სირთულესთანაა დაკავშირებული, არა თუ მოედანზე, სერია A-ში და იუვენტუსის წინააღმდეგ.

სტატისტიკა და რიცხვები ნაპოლი 5:1 იუვენტუსი-ს შემდეგ

  • 1993 წლის 30 მაისის შემდეგ პირველად! იუვენტუსმა სერია A-ში 5 გოლი გაუშვა. ბოლოს ეს ტურინულ გუნდს პესკარასთან შემთხვეოდა.
  • ნაპოლიმ ბიანკონერის 5 გოლი ისტორიაში მეორედ გაუტანა. პირველად ეს 1988 წლის 20 ნოემბერს მოხდა. პარტენოპეტიმ სტუმრად ტურინში მაშინ 5-3 გაიმარჯვა. იუვეს კარს მარადონა, კარეკა და კარნევალე უტევდნენ.
  • ეს 1989 წლის 1-ელი აპრილის მატჩის შემდეგ პირველი შეხვედრაა ნაპოლისა და იუვენტუსს შორის, რომლის პირველ ტაიმშიც 3 გოლი გავიდა. მაშინ იუვენტუსმა 4:2 გაიმარჯვა.
  • იუვენტუსს სერია A-ში გოლი 770 წუთის განმავლობაში არ გაეშვა. ეს კი კლუბის ისტორიაში მეხუთე ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია იყო.
  • ვიქტორ ოსიმენმა იუვენტუსს მეოთხე მცდელობიდან პირველად გაუტანა.
  • მატჩამდე ნაპოლის 39 გოლით, სერია A-ში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, იუვენტუსს კი მხოლოდ 7 გოლი გაეშვა, რაც ასევე საუკეთესო იყო ამ კომპონენტში. ვითარება არ შეცვლილა, ნაპოლი ისევ საუკეთესო გამტანი გუნდია, იუვენტუსი კი – ყველაზე ნაკლების გამშვები.
  • ტურინულმა გუნდმა (12) გაშვებული გოლების 45% სერია A-ში ნაპოლისგან მიიღო.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე