კვარაცხელიას დუბლი – ნაპოლიმ სასუოლო გაანადგურა

ნაპოლიმ სასუოლო გასვლაზე 6:1 გაანადგურა. ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა შოუ დადგეს, პატარა იმიტომ რომ მეტოქე ვერ იყო დიდად მრისხანე, თორემ, შოუს პატარა ნამდვილად არ ეთქმის.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ მიმდინარე სეზონში ამ დუეტის საუკეთესო შეხვედრა იყო. კითხვის ნიშნები მოხსნილია, მათ ურთიერთობას ვერაფერმა ხელი ვერ შეუშალა, მათ შორის, ვერც მამუკა ჯუღელის უგუნურმა საქციელმა და ვერც პრესაში ატეხილმა დიდმა ამბავმა.

ყველაფერი რიგზეა, ოსიმენი ისევ ისე მოტივირებულია, როგორც წინა სეზონში იყო, ხვიჩა კვარაცხელიას უიღბლობის სერია კი დასრულდა. ორი ულამაზესი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

ერთი მხრივ, გვახარებს ის ამბავი რომ ახალი მწვრთნელის ხელში თავი გამოიჩინა, ბარსელონასთან განმეორებითი შეხვედრისთვის ნაპოლი წესით კარგ ფორმაში უნდა იყოს, მეორე მხრივ კი შეუძლებელია სანაკრებო პაუზაზე არ გეფიქრებოდეს, მართალია ხვიჩა ნახევარფინალს გამოტოვებს, მაგრამ ქომაგის მოთხოვნა უცვლელია – საქართველომ ფინალი უნდა ითამაშოს!

გააქვს გოლები ბუდუს, გაიტანა მიქაუტაძემ, გაიტანა კვარაცხელიამ.

ნაპოლის რაც შეეხება, გუნდი მეცხრე ადგილზეა 40 ქულით. მეოთხე ადგილამდე რვა ქულაა, შეუძლებელი ნამდვილად არ იქნება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, მით უმეტეს, ახალი ფორმატის მიხედვით, მაგრამ მაინც რთული გზაა, ერთი კარგი თამაშით კი ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არ ღირს.

კალძონას კომენტარი

“ვიქტორი თავის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. არ იყო სასურველ კონდიციაში როცა აფრიკიდან დაბრუნდა, თვეზე მეტი არ ყოფილა კლუბთან ერთად და ნელ-ნელა დაიწყო ფორმის აღდგენა“.
პრობლემები ჰქონდა კვარასაც, თუმცა, დღეს გვაჩვენა რაც შეუძლია. პირველივე ვარჯიშიდან პოზიტიურად განვეწყვე მათ მიმართ, რადგან ორივე ბოლომდე იხარჯებოდა. ცოტა გაკვირვებულიც დავრჩი მათი მონდომებით, ეს ყველაფერი იმედით მავსებს“.
რთული პერიოდის გავლა მოუწიათ სხვადასხვა მიზეზთა გამო. გიჟი არ ვარ რომ მათზე უარი ვთქვა, თუმცა, თუ შევატყვე რომ ვერ ვიღებ იმას, რასაც ვითხოვ, მაშინ ცვლილების გაკეთება მომიწევს. მახარებს ის ამბავი რომ სირთულეების მიუხედავად ორივემ თავი დახარა და გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა“.

“უბრალოდ კარგი ფეხბურთის თამაში გვსურს, ჩვენი ქომაგები ამას იმსახურებენ, განსაკუთღებით ის ხალხი, ვინც დიდი მანძილი გაიარა იმისათვის რომ დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ”, – თქვა კალძონამ მატჩის შემდეგ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე