ელიფ ელმასი თურქეთის მოსახლეობის დახმარებას ცდილობს. თურქული წარმოშობის ჩრდილო მაკედონიელს ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და სხვა თანაგუნდელები ეხმარებიან.
ნაპოლის ფეხბურთელების მაისურები აუქციონზე გაიყიდება. მიზანი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაა.
ელიფ ელმასი, რომელიც 2017-2019 წლებში ფენერბაჰჩეში თამაშობდა, ბავშვების განათლების მიმართულებით ცდილობს სტიქიით დაზარალებული ქვეყნის დახმარებას.
ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელი საკუთარ და თანაგუნდელების ავტოგრაფიან მაისურებს აუქციონს გადასცემს. ფოტოებს ელმასი telegram-ში აქვეყნებს.
ელმასი ჩრდ. მაკედონიაში ეთნიკური თურქების ოჯახში დაიბადა. მან კრემონეზესთან გატანილი გოლი თურქეთს მიუძღვა და მას საკუთარი ქვეყანა უწოდა.
“მათთვის, ვინც მიწისძვრის შედეგად ჩემს ქვეყანაში დაიღუპა, ღმერთის მოწყალებას ვისურვებ. ჩემი თანაგრძნობა მათ ოჯახებსა და დაშავებულებს დროული გამოჯანმრთელება. ერთად ამ დღეებს გადავლახავთ. თქვენზე ვლოცულობ”.
ელიფ ელმასი – ნაპოლის ფეხბურთელი
ეს ციტატა ელიფმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ამ დროისთვის, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 40000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
UNICEF-ის ინფორმაციით სტიქიის შედეგად განადგურებულ ზონაში 7 მილიონი ბავშვი იმყოფება. ნაპოლის ფეხბურთელების ქველმოქმედება სწორედ მათ მოხმარდებათ.
სპორტული სამყარო სოლიდარულია დაზარალებული ქვეყნების მიმართ. მესიმ, სოიუნჯუმ, ბენფიკამ, ბუნდესლიგის კლუბებმა და ბევრმა სხვა ფეხბურთელმა, კლუბმა თუ ასოციაციამ თურქეთისა და სირიის დასახმარებლად ფინანსების მობილიზება უკვე შეძლო. პროცესი დღემდე გრძელდება.
სტიქიის ზონაში მუშაობენ ქართველი მაშველებიც.