ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია – როგორი იყო განვლილი წელი

ხვიჩა კვარაცხელია 22 წლის შესრულდა. ბოლო ერთი წელი იყო ყველაზე პროგრესირებადი პერიოდი მის პროფესიულ კარიერაში.

წინა წლის თებერვალში ხვიჩა ჯერ კიდევ ყაზანის რუბინში თამაშობდა. რუსეთში პაუზა იყო. კვარას კი არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა. მასში ის ცეცხლი ჩაქრა, რომელსაც ყოველთვის ვხედავდით.

საქმე ის იყო, რომ უფრო ძლიერ გუნდში სურდა წასვლა, მაგრამ რუბინის დაწესებული 20 მილიონი ევრო არავინ გადაიხადა.


ასე აღმოჩნდა უნიჭიერესი ბიჭი თავისივე კონტრაქტის ტყვეობაში. მოგვიანებით შოთა არველაძემ და ვილი სანიოლმა დაადასტურეს, რომ კვარაცხელიას რამდენიმე კლუბში გაუწიეს რეკომენდაცია, მაგრამ უცნობ ფეხბურთელში 20 მილიონი არავინ გადაიხადა.

სიმეონემ მითხრა, რომ ფელიქსში 120 მილიონი აქვს გადახდილი და კვარაცხელიას დროს ვერ მისცემს, ამბობს, რომ 20 მილიონი არ ღირს. ოვერმარსს კი მიაჩნია, რომ ხვიჩა კონტრშეტევების ფეხბურთელია და მისი ფასი 9-12 მილიონი ევროა”, – ამბობდა შოთა არველაძე.

ხვიჩა ფრანგულ გრანდებს შევთავაზე, მაგრამ არც კი დაფიქრებულან. თქვეს, რომ 70 წუთის მერე იღლება, თან ქართველია და არა ბრაზილიელი, რაც ნაკლებად გლამურულიაო. მხოლოდ ერთი კლუბი მოეკიდა საქმეს სერიოზულად”, – თქვა ვილი სანიოლმა RMC-სთან ინტერვიუში.

ჯერ კიდევ 2021 წლის აგვისტოში დავწერეთ სტატია – “ფაბიო პარატიჩი, კაცი, რომელიც კვარაცხელიას ტრანსფერს კურირებს”. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტოტენჰემში გადაბარგებული იუვეს ყოფილი დირექტორი პირადად ინტერესდებოდა კვარაცხელიას ტრანსფერით.

ერთი წლის თავზე ეს ინფორმაცია ხვიჩას აგენტმა, მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა. პარატიჩიმ ვერც იუვენტუსში გადაიყვანა ხვიჩა და ვერც ტოტენჰემში. მიზეზი აქაც სატრანსფერო ფასი იყო. კვარაცხელიას შესაძლებლობებში ყველას ეჭვი შეჰქონდა.



რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – სურათი რადიკალურად იცვლება

თებერვლის ბოლოს აშშ-ის დაზვერვის წინასწარი ინფორმაცია გამართლდა. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გაიზარდა წნეხი ქართველ სპორტსმენებზე, რომლებიც რუსეთში თამაშობდნენ. დამაბრკოლებელი კი კვლავინდებურად კონტრაქტი იყო.

რამდენიმე დღეში, ფიფამ და უეფამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებისათვის კონტრაქტის გაწყვეტის საშუალება მიეცათ. ეს იყო ერთგვარი ხსნა ბორკილებისგან.

ამ დროს უკვე კვარაცხელიას აგენტზე გაიზარდა ზეწოლა, რადგან მისგან ითხოვდნენ რაც შეიძლება სწრაფად ესარგებლა ფიფასა და უეფას წესდებით. ჯუღელისთვის კი ეს მარტივი გადასაწყვეტი არ იყო, რადგან მისი ბიზნესსაქმიანობის არეალი სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უმეტესად კი რუსეთში ვრცელდება.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ მისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა და რუბინთან კონტრაქტი გაწყდა. კვარაცხელიამ რუბინი მარტის ბოლოს დატოვა.

მახსოვს, ამ დროს ერთ-ერთ დილის გადაცემაში მიმიწვიეს და მკითხეს რატომ არ გადადის კვარაცხელია ტოპ ლიგაში, ამდენს რომ წერდით ტრანსფერის შესახებო. ვუპასუხე, რომ მარტის ბოლოა, კლუბები სეზონის დასკვნით ეტაპს უახლოვდებიან და ახლა არავის აწყობს რადიკალური ცვლილებები. ჩემი პასუხი არ მოიწონეს. სურდათ მოესმინათ, რომ მის მიმართ ინტერესი გამოგონილია, ფარსი და ტყუილია.

ამაზეც დაგვიწერია, თუ რატომ რჩებათ საქართველოში ასეთი შთაბეჭდილება. ესეც ერთგვარი ფსიქოლოგიური ტრავმაა. ბოლო დეკადის მანძილზე იმდენი ჭორი გავრცელდა ევროპულ კლუბებზე, იმდენი იმედგაცრუება მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ რეალური ინტერესი ყველას გამონაგონი ჰგონია.

ჰოდა, ეს ხალხიც მაგრად ტრავმირებული გამოდგა და ვერაფრით მიხვდნენ რა დონის ფეხბურთელთან ჰქონდათ საქმე.


კვარას ეფექტი


კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა. მისი ტრანსფერი სურდათ ბათუმისა და თბილისის დინამოს, მაგრამ თბილისელებთან არც თუ ისე კარგი დაშორების გამო, ხვიჩას დაბრუნების ნაკლები შანსი იყო.

კვარაცხელიასთვის უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა ბათუმში თამაში. ახალ სტადიონზე, ქომაგებით სავსე, აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს ჩემპიონატში მაყურებელი ტრიბუნებს დაუბრუნდა, ტელემაყურებელი კი ეკრანებს მიაჯაჭვა. ეს ყველაფერი ერთი კაცის ეფექტი იყო.

ბოლოს ასეთი ეფექტი 16 წლის ლევან ყენიას ჰქონდა, რომლის სანახავადაც ლოკომოტივის სტადიონს აწყდებოდა ხალხი, მაგრამ კვარას გავლენა გაცილებით დიდი გამოდგა.

ისტორიას დარჩება დინამოელების დერბი, როცა თბილისის დინამოს სტადიონიც თითქმის გაივსო, დასწრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მატჩის ბოლოს ახალგაზრდა ქომაგები მოედანზე გადახტნენ ხვიჩასთან მიახლების სურვილით.


დაბრუნება, რა თქმა უნდა, სარისკო იყო. მათ შორის, ხვიჩას მოუწია ისეთ მოედანზე თამაში სადაც სირბილი უკვე საფრთხის შემცველია. იყო უხეში მატჩებიც, რის მერეც გია გეგუჩაძე პირველი ტაიმის შემდეგ ცვლიდა კვარაცხელიას, ტრავმისგან თავის ასარიდებლად.

თუმცა, დადებითი მხარეც არ უნდა გამოგვრჩეს. ხვიჩა ხასიათზე მოვიდა, რუბინში გატარებულ ბოლო მატჩებში აშკარა უხასიათობა ეტყობოდა, მერე კი ბორკილებს დაეხსნა და გაფრინდა.

თითქოს, გემო გაუგო თუ რას ნიშნავს ყველა ტურში გატანილი გოლი. რუბინში ეს ძალიან აკლდა. ბათუმში გატარებულ პერიოდში კი მიხვდა, რომ ამაზე გემრიელი არაფერია, ყოველ მომდევნო თამაშში, რომ გოლის შესაგდებად გადიხარ მოედანზე.

ეს განწყობა, ეს სათამაშო ვნება იტალიაშიც გაჰყვა. სათამაშო დონეში იმხელა სხვაობაა გაზომვადაც არ ღირს, მაგრამ ეს შემართება იმის მერე არ მოსცილებია.

ტრანსფერი პირველ ივლისს დადასტურდა, ფასმა 10 მილიონი ევრო შეადგინა, პლუს ბონუსები.

კვარადონა


ჰოდა, დაიწყო ‘კვარამანია’.

მოსამზადებელი ეტაპი ძალიან მაღალ დონეზე გაიარა, ამიტომ მოლოდინი თავიდანვე დიდი იყო. იტალიელი ჟურნალისტები გვეუბნებოდნენ, რომ ნახეს მისი მატჩები შვედეთთან, ესპანეთთან და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ.

მაგრამ, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კვარაცხელიამ მოლოდინს გადააჭარბა. ალბათ ყველაზე კარგად შოთა არველაძემ აღწერა ეს ამბავი სეზონის წინ:

ჯერ თვითონაც არ იცის, რა მაგარია“.

მერე კი დაიწყო სეზონი და დაიწყო დიდი ამბები. ტურიდან ტურამდე, მატჩიდან მატჩამდე, დიდი შოუ და წარმოდგენა. როგორც იტალიის სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ნეაპოლში მაგიური დღეების წელია.

ბევრი მეტსახელი გაჩნდა იტალიაში, – კვარადონა, კვარავაჯო, კვარინჩაც კი გაისმა ერთ-ერთ გავლენიან გამოცემაში.

ხვიჩაზე დაწერა ყველა პრესტიჟულმა სპორტულმა ჟურნალმა და არა მხოლოდ სპორტულმა, – The Guardian, The New York Times, CNN, Washington Post, და ა.შ. კვარამანია მსოფლიოს მოედო.

რუსებს კი მიაჩნიათ, რომ ეს მათი დამსახურებაც არის. ცალკეულ ადამიანებს მართლაც მიუძღვით წვლილი მის წინსვლაში, განსაკუთრებით იური სიომინსა და ლეონიდ სლუცკის.

თუმცა, გვახსოვს, რომ ლოკომოტივში ისე მოექცნენ, როგორც ფეხბურთელს არსად არ ექცევიან. მხოლოდ სიომინი იყო კაცი, რომელიც ბოლომდე ითხოვდა ხვიჩასთვის ნორმალური კონტრაქტის შეთავაზებას. მის დაღვრილ ცრემლზე დღემდე საუბრობენ.

სლუცკის ხელში კი ძალიან სწრაფი პროგრესი განიცადა. თავის პოზიციას დაუბრუნა, თავდაჯერება შემატა და ხვიჩამაც გაიბრწყინა. თუმცა, აქაც აღვნიშნავ, რომ მათაც ბოლომდე არ ესმოდათ რასთან ჰქონდათ საქმე.

სიომინი უფრთხოდა იტალიაში ტრანსფერს. ამბობდა, რომ მირანჩუკი წავიდა იტალიაში, მაგრამ თამაში არ უწევს, იჩქარა და საქმე გაიფუჭაო. ჩათვალა, რომ ხვიჩა მირანჩუკის დონის ფეხბურთელი იყო.

სლუცკი კი ამბობდა, რომ ტოპ გუნდში გადასასვლელად ადრე იყო. და როდესაც უთხრეს დორტმუნდი ხომ არ იქნება კარგი ვარიანტიო, მან უპასუხა დორტმუნდი ტოპ კლუბია, უფრო დაბალ დონეს ვგულისხმობო.

ასე რომ, უყვარდათ, ესმოდათ, პატივს სცემდნენ, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ რეალურად რა დონეზე შეეძლო ხვიჩას თამაში.


ხვიჩა კვარაცხელია The Guardian-ისა და Goal.com-ის სიაში

იანვარში The Guardian-მა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, სიაზე დიდი გავლენა იქონია მსოფლიო ჩემპიონატმა. ხვიჩას არ უთამაშია მუნდიალზე, თუმცა, 50-ეულში მაინც მოხვდა. კვარაცხელიას მე-40 პოზიცია ერგო. მისი კერპი, კრიშტიანუ რონალდუ კი 50-ათეულს მიღმა, 51-ეზე აღმოჩნდა.

The Guardian-ი მომდევნო წელსაც გამოაქვეყნებს საუკეთესო ასეულს, კვარაცხელიას კი გაცილებით წინ მოვიაზრებთ.

რაც შეეხება Goal.com-ის სიას, ეს უკვე ოქროს ბურთის მაძიებელთა რეიტინგს ეხება. ჯერ მაინც ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ კვარაცხელია ათეულში იყო. ტიტულების მოგება კიდევ უფრო წინ წასწევს. როგორც მას, ისე ვიქტორ ოსიმენს.

ნეაპოლელები იტალიის სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი მათგან ასევე ბევრს ელიან, თუმცა, გამოცდილება მაინც აკლიათ.


ზეიმი საქართველოში

ზეიმია ნაპოლის ყველა თამაში და განსაკუთრებული ზეიმია საქართველოს ნაკრების თამაში. სტადიონი სულ ივსება, ხვიჩას შემხედვარე კი სხვა ფეხბურთელებსაც განსაკუთრებული სტიმული ეძლევათ. უკვე ხელშესახებია ის სიმაღლე, რაზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო.

ვულოცავთ ხვიჩას დაბადების დღეს და წარმატებულ წელს ვუსურვებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე