კვარა თუ მილანი – მილანისტების დილემა

კვარაცხელია თუ მილანი - მილანისტების დილემა | Setanta Sports

ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი მილანს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში დაუპირისპირდება. დილემა – ვის უნდა უქომაგოს მილანის ქართველმა გულშემატკივარმა – კითხვა სოციალურ ქსელებში ზეაქტუალურია.

დილემა – კვარა vs მილანი

მთლიანად ცხოვრებისა არ იყოს ფეხბურთიც დილემების ნაკრებია. არჩევნის გაკეთება ყველა დონეზე საჭიროა. არ აქვს მნიშვნელობა თავად ხარ ამ სპორტის პროფესიონალი, თუ უბრალოდ გულშემატკივარი ხარ.

როგორც წესი არჩევანს – გვიყვარდეს და ვუქომაგოთ ამა თუ იმ კლუბს, პატარა ასაკში ვაკეთებთ. გააჩნია, რა მოახდენს ჩვენზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას. თანაც, ქომაგობა, ხომ საკუთარ თავში არჩევნის ერთგულებასაც ავტომატურად გულისხმობს.

ქართული vs უცხოური გუნდი

ბავშვობაში, დიდი ალბათობით, თქვენც გაიგებდით კითხვას შენი საყვარელი გუნდი, რომ საქართველოს, თბილისის დინამოს ან რომელიმე ქართულ კლუბს შეხვდეს, ვისკენ იქნებიო.

ჩემ შემთხვევაში პასუხი ასაკის პროპორციულად შეიცვალა. თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი. არც ეს სტატია ეხება ვინმეს დამუნათებას ან ჭკუის სწავლებას, მეტიც, პირიქით. ამ სტატიით მსურს, შევხედოთ მოტივაციას ქართველი მილანისტების ორ გუნდს შორის.

ალტერნატიული ღირებულება ყოველთვის არსებობს, თანაც არამხოლოდ ეკონომიკაში. რაღაც რაღაცაზე მეტია – ეს კი საყვარელი გუნდისა და შენი ქვეყნის, ამ ეტაპზე, ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელის შეპირისპირებისას, ურთულეს მოცემულობას იღებს.

ალბათ, ამ სტატიის მკითხველთა ნაწილი ახლა ფიქრობს რა არის მანდ სირთულე, ჩემი მოტივაცია ხომ ცხადზე უცხადესიაო. თუმცა თუკი ორივე მოსაზრების არგუმენტებს ბოლომდე გავიზიარებთ, დავინახავთ, რომ საქმე მარტივად სულაც არ არის.

კვარას ეფექტი საქართველოში

ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტი უდიდესი რომ არის შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. ამისთვის არ არის საჭირო სოციოლოგობა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკასა და ტენდენციებზე წვდომა, ან რაიმე მსგავსი.

კვარამ საქართველო მსოფლიო რუკაზე უფრო მკაფიოდ გამოაჩინა, თუმცა ცხადია, ეს არ კმარა. უფრო მეტი წარმატების შემთხვევაში საქართველოზე ასახული მისი ყოველმხრივ დადებითი ეფექტი კიდევ უფრო გაიზრდება.

ეს კი სახელმწიფოებრივ ცნებასა და აღმატებულს რომ თავი დავანებოთ, ყოფითზეც აისახება. კვარას ეფექტი, მათ შორის, ეკონომიკაშიც გადახურდავებადია. თუმცა ამის დასანახად, მისმა წარმატებამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი უნდა მიიღოს.

  • მასზე კიდევ უფრო მეტი ჩანახატი გაკეთდება საერთაშორისო მედია საშუალებებში
  • “ქვეყანა და არა შტატი” – კიდევ უფრო მეტჯერ გაისმება ეს რეპლიკა იმავე არხებსა და პლათფორმებზე
  • კიდევ უფრო გაიზრდება, ისედაც დაძრული ინტერესი ქართველი ფეხბურთელების მიმართ

კვარას მიმართ მსოფლიოს მხრიდან გაზრდილი ინტერესი, საქართველოსადმი ინტერესის ზრდის ტოლფასია. კონკრეტულად რომელ ჯაჭვში გამოიხატება ეს ან რა კომპონენტებში პირდაპირი ეფექტი იქნება და სად – ირიბი, ამის დაახლოებითი ვარაუდი და გათვლაც შეიძლება, თუმცა ეგ ალბათ, სულ სხვაგვარი შინაარსის სტატიის თემაა.

ამ ნაწილის შეჯამებისას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო დიდი იქნება ხვიჩას წარმატება, ეს სპორტულის გარდა, ქვეყნის სოციალურ წრეებშიც აისახება. ეს ნიშნავს არამხოლოდ სიამაყეს, რომ ის ჩვენი თანამემამულეა, არამედ სხვადასხვავადიან პერსპექტივაში მათ შორის, მთლიანად საქართველოზე ასახულ დივიდენდს.

ცხადია, ეროვნული მოტივია ასეთ დროს მილანის იმ ქომაგების არჩევნის განმსაზღვრელი, რომლებიც ღიად ამბობენ – დიახ, მილანი ჩვენი გუნდია, თუმცა კვარას გამო ნაპოლის წარმატებას ვქომაგობთო. ლეგიტიმურია!

ფეხბურთი მეტია ვიდრე ხელოვნება

ფეხბურთი მისი ესთეტიკით ბევრჯერ შედარებულა ხელოვნებას, თუმცა ეს მხოლოდ ხატოვნად.

ხელოვნება საკუთარ თავში კოსმოპოლიტიზმს გულისხმობს. მას უბრალოდ საზღვრები არ გააჩნია.

მაგალთად, თუკი ფიროსმანი და მისი შემოქმედება მხიბლავს და ჩემად მიმაჩნია, ეს საერთოდ არ ზღუდავს ვინმე კურასაოელს ან მოზამბიკელს, იდენტურად, საკუთრად მიიჩნევდეს ნიკალას შემოქმედებას.

ფეხბურთი კიდევ მეტია. აქ საზღვრები სწორედაც რომ არის. დიახ, ამ სპორტის უმაღლესი დონის შემსრულებლებით აღფრთოვანების არაერთი შემთხვევა გვახსოვს, თანაც მსოფლის ნებისმიერ წერტილში, თუმცა არ არსებობს ფეხბურთელი, რომლის გვარის გასწვრივაც მისი ქვეყნის დროშას ვერ ნახავთ.

კვარაცხელიათი, შეუძლიათ აღფრთოვანდნენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუმცა ის ქართველია. ის საქართველოს ეკუთვნის. ამიტომაცაა, მისი ყოველი წარმატებით რომ ხარობს დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველა.

შესაბამისად, ეიფორიისა და სიამაყის საბურველში გახვეულები ვამბობთ და ვამკვიდრებთ მერე ისეთ ტერმინებს, როგორზეც შეიძლებოდა სტანდარტულ შემთხვევაში და სხვის მაგალითზე გაგვცინებოდა. მაგალითად:

ქართული ფეხი

ქართული ტექნიკა

ქართული სვლა, ჟინი, აღმაფრენა და ბევრი სხვაც, რაც კოლექტიური მეხსიერებისა და თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგი უფროა, ვიდრე კავკასიონის სამხრეთით დაბადებისა.

მილანი უპირველეს ყოვლისა

ცხადია, მეორე მოსაზრება საკუთარი არგუმენტებით სარგებლობს. მათგან უმთავრესი კი ერთგულება უნდა იყოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდის არჩევა და ქომაგობა ერთგულებას გულისხმობს. კვარას ნაპოლის წინააღმდეგ მილანის ერთგულად დარჩენა კი შესაძლოა ფეხბურთისა და გულშემატკივრობის პრინციპების ორთოდოქალურ ერთგულებად ჩავთვალოთ.

ჩემი რწმენით, ეს ფანატიზმი სულაც არ არის. ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვის იმ დატვირთვითა და გაგებით, რომლითაც ის ჩვენს საზოგადოებაშია დამკვიდრებული.

ფეხბურთისთვის ამ უმნიშვნელოვანესი წესის, რიტუალის დაცვის მიუხედავად, რასაც ერთგულება ჰქვია, სულაც არ ნიშნავს, რომ მილანისტების ეს ნაწილი პირველს აღემატება. ან ერთი უფრო ნამდვილი ქომაგია ვიდრე მეორე.

ნაპოლისთან ამ ორმატჩიანი დუელის შემდეგ მილანის ქომაგთა ორივე ნაწილი ძველებურად გააგრძელებს გუნდის მხარდაჭერას და სერია A-ს დარჩენილ ტურებში როსონერისა და კონკურენტების ქულებსა და დარჩენილ მატჩებს გონებაში მილიონჯერ გადათვლის.

არის კიდევ ერთი გრძნობა, რითიც მილანისკენ დარჩენილთა გადაწყვეტილება უნდა საზრდოობდეს. ეს გრძნობა ერთგულებას ჰგავს, თუმცა ოდნავ განსხვავბულია. მას ერთსიტყვაში მოქცეული ზუსტი სახელი არ აქვს, ან მე ვერ ვიხსენებ ახლა, თუმცა ვეცდები აღვწერო.

ეს გრძნობა კიდევ უფრო თავგანწირული ერთგულების შედეგია. მილანს ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 2012 წელს ეთამაშა. 1/2-ფინალში კი გუნდი ლიგაზე 2007-ის მერე არ ყოფილა.

როსონერის ამ პერიოდში განსაკუთრებულად კარგი დროება ნამდვილად არ ედგა. თუმცა გულშემატკივრების აბსოლუტურ უმეტესობას თუ არა, დიდ ნაწილს მასზე გული არ აუცრუებია. მაშინ, როდესაც მილანი ათამაშდა, დაიბრუნა სკუდეტო და ახლა ლიგაზე, ფინალამდე გზა ყველაზე რთულად ნამდვილად არ მოსჩანს, ქომაგთა ამ ნაწილს ერთგულების მომკა სურს. ლეგიტიმურია!

ცხადია, ეს არ ნიშნავს რაიმე მატერიალურს. რთულ დროებაში გუნდის ერთგულად დარჩენილ ქომაგს განვითარებისა და ძველი დიდებისკენ გზად შემდგარი გუნდი ხომ საერთოდ არ ეთმობა.

დილემა, კვარა თუ მილანი – ბოლოთქმა

საერთო ჯამში ორივე ლეგიტიმურია. ეს ხომ რაღაც თეზისი არ არის, რომ ორი სიმართლე არ არსებობდეს და პარადოქსი იყოს. ამ 90 ან 120 წუთის შემდეგ, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დაპირისპირება, ვერცერთი პოზიცია იქნება მეორეზე უპირატესი. შესაბამისად, ჩათვალოს ერთი პოზიციის მქონემ თავი მეორეზე უპირატესად, უმართებულოა.

პოსტ სკრიპტუმ

მილანი ყოველთვის დიდი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი იყო და ლოკალურიდან საერთაშორისო მნიშვნელობაზე გადაწყობის შემდეგ ქომაგი მსოფლიო მასშტაბითაც არ მოკლებია.

თუმცა უდიდესია, იმის ალბათობა, რომ როსონერის გულშემატკივართა დიდი ნაწილი საქართველოში მაშინ შეეძინა, როდესაც იქ კახა კალაძე, ანდრე შევჩენკო, პაოლო მალდინი და ის თაობა თამაშობდა.

ახლა კი რა გამოდის, ეს დილემა იმ ქომაგებს, ვისაც მილანი ქართველის იქ თამაშის გამო შეუყვარდათ, მეორე, სხვა, ახალი ქართველის გამო დაუდგათ?! კომიკურია.

სად ვუყუროთ ნაპოლი vs მილანს

ნაპოლი-მილანის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

მატჩი 23:00-დან დაიწყება და მის ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები ნიკა ტაბატაძე და ლუკა მილორავა იქნებიან.

ავტორის შესახებ
საბა საპანაძე
საბა საპანაძე
მე სპორტული ჟურნალისტი ვარ. ამ სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება მაქვს. Setanta Sports-თან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ, ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმენით. ბოლო პერიოდში ჩემი გამორჩეული მიღწევა ჩვენი ქვეყნის 2 გამორჩეულ ფეხბურთელზე გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გადაღებული დოკუმენტური ეპიზოდია. ჩემი ძირითადი აქცენტი ქართული ფეხბურთი და ქართულ ფეხბურთში არსებული მოვლენებია

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე