კატარი 0-2 ეკვადორი – მასპინძელმა დებიუტში პირველად წააგო

ეკვადორმა მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა ენერ ვალენსიას დუბლით 2-0 მოიგო. კატარი გახდა პირველი მასპინძელი ნაკრები, რომელიც გამხსნელ შეხვედრაში დამარცხდა | Setanta Sports

2022 წლის მუნდიალი კატარი-ეკვადორის მატჩით გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატის გამხსნელი შეხვედრა მასპინძელმა გუნდმა პირველად წააგო. ეკვადორმა 90-წუთიანი დუელი ენერ ვალენსიას დუბლით 2-0 მოიგო.

შეხვედრა ტრიკოლორმა დამაჯერებლად დაიწყო. გუსტავო ალფაროს გუნდი უმეტეს დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდა და კატარს თავისუფლად ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მაღალმა პრესინგმა შედეგი მატჩი სტარტზევე გამოიღო. უკვე მე-3 წუთზე ეკვადორი ვალენსიას გოლით წინ გავიდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა, დანიელე ორსატომ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო VAR-ის მეშვეობით გააუქმა.

ეკვადორი მე-16 წუთზე მაინც დაწინაურდა. იმავე ვალენსიამ პენალტი გოლად აქცია. 33 წლისა და 16 დღის ასაკში, ენერ ვალენსია გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ტურნირის პირველი გოლი გაიტანა. მან ალესანდრო ალტობელის (30 წლის და 184 დღის) შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 1986 წელს ბულგარეთის წინააღმდეგ, ფორვარდმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში დააფიქსირა. ამას გარდა მუნდიალების ისტორიაში, ეს პირველი გოლი იყო, რომელიც 11-მეტრიანი დარტყმით გავიდა.

ეკვადორი თამაშის სტილს კვლავ არ ცვლიდა, მაღალი დაცვითი ბლოკი მთლიან გუნდს მაღლა თამაშის საშუალებას აძლევდა. კატარმა კი ალფაროს გუნდის აგრესიულ თამაშის სტილს ვერაფერი დაუპირისპირა. სამხრეთ ამერიკის შესარჩევის მე-4 გუნდმა მალევე მეორე გოლიც გაიტანა. ენერ ვალენსიამ ანხელო პრესიადოს გადაცემა გამოიყენა და დუბლიც გაიფორმა.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ფენერბაჰჩეს ფორვარდი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც გამხსნელი მატჩის პირველ ტაიმში დუბლი გაიფორმა. პირველად ეს 1934 წელს აშშ-ისთან 7-1 მოგებულ მატჩში იტალიელმა ანჯელო სკიავიომ მოახერხა. ამას გარდა, მუნდიალებზე ეკვადორის ბოლო 5 გოლიდან ხუთივე კაპიტნის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა. კატარმა ბურთის მეტად გაკონტროლება სცადა, თუმცა ეკვადორმა მეტოქეს რაიმე ხელშესახების შექმნის შესაძლებლობა არ მისცა. არაბული ქვეყნის ნაკრებს რამდენიმე ნახევარ-მომენტი ჰქონდა, თუმცა ეს იყო და ეს. კატარს მატჩში კარში ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონია. საერთოდაც, გუნდებს სულ 11 მცდელობა ჰქონდათ, რაც 1966 წლის მუნდიალის გამხსნელი მატჩის შემდეგ, ტურნირის პირველ შეხვედრებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე, ფელიქს სანჩესის გუნდი გახდა პირველი მასპინძელი, რომელიც გახსნით შეხვედრაში დამარცხდა.

საბოლოოდ, ეკვადორმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ახლა A ჯგუფის მეორე შეხვედრას დაელოდება, რომელშიც ერთმანეთს სენეგალი და ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება და თუ რომელიმე ნაკრებმა ორბურთიანი და უფრო დიდი უპირატესობით არ გაიმარჯვა, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილს ეკვადორი დაიკავებს.

მუნდიალზე მეორე სათამაშო დღეს B ჯგუფის პირველი მატჩი გახსნის. 17:00-ზე ინგლისი ირანს დაუპირისპირდება.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე